ძუკუ, კიკუ, ალუ და პატარა ქალაქი
იყო ერთი პატარა ქალაქი. ამ ქალაქში ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა. საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი ყველა ოჯახს ჰქონდა. ცხოვრობდა ხალხი ბედნიერად, მაგრამ, მოულოდნელად, დრო შეიცვალა, ქალაქში გაჭირვებამ იმატა. ხალხის დიდ ნაწილს გაუჭირდა, მაგრამ ხალხმა დაიწყო ფიქრი, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ ამ გაჭირვებიდან თავი დაეღწიათ, ზოგმა რა მოიფიქრა და ზოგმა – რა. . .
ამ პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ ძუკუ, კიკუ და ალუ. გაჭირვებიდან გამომდინარე, მათაც დაიწყეს ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინათ, რა ესწავლათ, რა შეექმნათ, რომ ამ გაჭირვებიდან თავი დაეღწიათ, ოჯახი ერჩინათ და ქალაქსაც რაღაცით დახმარებოდნენ.
კიკუმ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მოიფიქრა, რომ პურის გამოცხობა დაეწყო. კიკუმ იფიქრა, რომ ხალხს კი უჭირს, მაგრამ პური მაინც ყველას სჭირდება, მოდი, პურის ცხობას დავიწყებო. თან კიკუს პურის ცხობა მამა-პაპიდან მოსდგამდა: მამამისიც და პაპამისიც ცნობილი ხაბაზები იყვნენ.
დაიწყო კიკუმ პურის ცხობა. თავიდან ცოტა პურს აცხობდა და ყიდდა, მერე უფრო მეტს, მერე კიდევ მეტს. მერე აღმოჩნდა, რომ მისი პატარა თონე აღარ იყო საკმარისი. უფრო და უფრო მეტ ხალხს უნდოდა კიკუს პურის ყიდვა. ადგა კიკუ, სახლი გაყიდა, მანქანა გაყიდა, მეგობრებს ცოტა ფულს ესესხა და დიდი პურის ფურნე ააშენა. ახლა უკვე ბევრ პურს აცხობდა კიკუ და ბევრი პურიც ეყიდებოდა. ფულიც კარგად შემოსდიოდა, სახლიც იყიდა, ცნობილიც გახდა - „კიკუს პური“ მთელ ქალაქში ცნობილი იყო. . .
როგორც უკვე გითხარით, იმ ქალაქში ძუკუც ცხოვრობდა. ძუკუ კიკუს მეგობარი იყო. ძუკუმ შეხედა კიკუს და იფიქრა, მეც რამე უნდა მოვიფიქროო. იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა, რომ საქონელი და ღორები მოეშენებინა. ხალხი პურს ყიდულობს, ხორცსაც იყიდის, რძესაც, მაწონს, კარაქსა და ყველსაცო. ხალხს კი უჭირს, მაგრამ ჭამა ყველას სჭირდებაო. თან ძუკუსაც შთამომავლობით მოსდგამდა მესაქონლეობა და მეღორეობა. მამამისი და პაპამისიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. ძუკუს დიდი ეზო ჰქონდა. ამ ეზოში ბალახიც ბევრი იყო და საქონელიცა და ღორიც უამრავი დაეტეოდა. საქონლის მოშენებისა და მოვლის საქმე კი კარგად იცოდა ძუკუმ. მართლაც მიჰყო ძუკუმ ამ საქმეს ხელი. მოაშენა საქონელი და ღორი, კარგადაც მუშაობდა. ხალხი ყიდულობდა რძეს, კარაქს, მაწონს, ხორცს. უკვე მოთ-
ხოვნა იმხელა იყო, მისი ეზო აღარ იყო საკმარისი. გადაწყვიტა, რაც ჰქონდა, ყველაფერი გაეყიდა: გაყიდა სახლი, კარი, მანქანა, ავეჯიც. მეგობრებს ცოტა ფულს ესესხა, იყიდა მიწის დიდი ფართობი და გააფართოვა მეურნეობა.
მალე უამრავი საქონელი და ღორი ჰყავდა მეურნეობაში. ახლა უკვე უამრავ ხორცს, რძეს, მაწონს, ყველს, კარაქს აწარმოებდა და კარგადაც ეყიდებოდა. ფულიც კარგად შემოსდიოდა, მანაც იყიდა დიდი სახლი, ცნობილიც გახდა - „ძუკუს პროდუქტი“ მთელ ქალაქში იყო ცნობილი. . .
იმ ქალაქში, როგორც უკვე გითხარით, ალუც ცხოვრობდა. ალუმ ისწავლა ცოტა, განათლება მიიღო, სხვებზე ცოტა უკეთესად ლაპარაკობდა, ხალხს ეგონა, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერიაო, ისე შეეძლო თავის წარმოჩენა. ამან კარგად იმუშავა. ალუ ქალაქის ხელმძღვანელობაში ვიღაცებს დაუახლოვდა და მალე ქალაქის მერადაც დანიშნეს. ხელფასიც მაღალი ჰქონდა და გავლენაც, მაგრამ ერთი პრობლემა იყო: ამ ქალაქში ხალხის დიდ ნაწილს ისევ უჭირდა. კიკუს პურსა და ძუკუს პროდუქტებს ხალხი კი მაინც ყიდულობდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც პურის ფულიც არ ჰქონდა... მოკლედ, ხალხი ისევ ძალიან მძიმე დღეში იყო. ამ ხალხის მდგომარეობის გამოსწორებაზე კი ახლა ალუს უნდა ეზრუნა - ის ხომ ქალაქის მერი იყო... ალუს უნდა მოეფიქრებინა რამე, რომ ხალხს პურისა და საჭმლის პრობლემა აღარ ჰქონოდა.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა ალუმ, ბოლოს კარგი რამე მოიფიქრა: დაიბარა ძუკუ და კიკუ და უთხრა: „ბიჭო ამ პურსა და ხორცს რომ ყიდით, არ გრცხვენიათ? ხალხს ლუკმა–პური უჭირს, თქვენ მათ ამაში ფულს ართმევთ და ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მდიდრდებით. ახლა რაც პური, რძე, მაწონი, ყველი, ხორცი და კარაქი გაქვთ, გამოიტანეთ, ხალხს უნდა დავურიგოო“.
კიკუმ და ძუკუმ შეიცხადეს, „ეგ როგორ, რაც ჩვენ ამ საქმეში ფული, დრო, ენერგია დაგვიხარჯავს, ეგრე როგორ იქნებაო!“ ალუმ მიუგო, „ახლა წუწუნს მორჩით, ძალიანაც გული რომ არ დაგწყდეთ, კიკუს დენის ფულს მე გადავუხდი, რაც პურის გამოცხობა დაუჯდა, ხოლო ძუკუს საქონლის დაკვლაზე არ შევაწუხებ, ჩემი ყასბები მიხედავენ მაგ საქმესო“...
რაღას იზამდნენ კიკუ და ძუკუ? ჯერ ერთი, ალუ ქალაქის მერი იყო და ვინ შეეწინააღმდეგებოდა და, მეორეც, ქალაქის მაცხოვრებლებსაც ძალიან გაუხარდათ ალუს ეს გადაწყვეტილება. ყველა იძახდა: „ალუ რა ჭკვიანი კაცი გამოდგა, კიდევ კარგი, ქალაქის მერი ეგ არისო!“ ყველას უხაროდა, ალუ პურს, ხორცს, რძეს, კარაქს, მაწონს და ყველს რომ დაურიგებდა და საყიდელი აღარ ექნებოდათ. მშიერიც არავინ იქნებოდა. მთელი ქალაქი გახარებული იყო, მარტო ძუკუ, კიკუ და მათი ახლობლები დარდობდნენ. მართალია, რამდენიმე კაცი კი გამოჩნდა ქალაქში, ვინც თქვა: „ეს სწორი არ არის – კიკუს და ძუკუს რატომ ართმევს ალუ, იყიდოს და ხალხს ისე დაურიგოსო“, - მაგრამ არავინ მოუსმინა...
მთელი ქალაქი ზეიმობდა ალუს ამ „ჭკვიანურ“ გადაწყვეტილებას. ცოტა ხანს იზეიმეს, ყველამ მიიღო პური, ხორცი, კარაქი, რძე, მაწონი, ყველი. ძუკუს და კიკუს რაც ჰქონდათ, გაზიდეს ყველაფერი. ძუკუს და კიკუს აღარაფერი დარჩათ. კიკუს ფურნე განადგურდა, რადგან პური აღარ ცხვებოდა, ძუკუს მეურნეობაც მოიშალა, რადგან საქონელი და ძროხა იქ აღარ იყო და ცარიელი შენობები დაინგრა. რაღას იზამდნენ ძუკუ და კიკუ? მოკიდეს ხელი თავიანთ ოჯახებს და წავიდნენ სხვა ქალაქში. იქნებ იმ ქალაქში მაინც აღარ მოგვექცნენ ასე უსამართლოდო. . .
ამ ჩვენს პატარა ქალაქში კი ეს ძუკუს და კიკუს პური, ხორცი, რძე, მაწონი, ყველი და კარაქი მალე დაძველდა. პურის ნაწილი გახმა, ხორცმა ფერი იცვალა, ჭიები დაესია და მისი ჭამა აღარ შეიძლებოდა, ყველიც გახმა და ვეღარ ჩაკბეჩდა კაცი, რძე, კარაქი და მაწონი ისე ამძაღდა, რომ სუნმაც კი შეაწუხა ხალხი. ხალხს ისევ გაუჭირდა... რა უნდა ექნათ? აღარ იყო საჭმელი და მიადგნენ ალუს.
„ალუ, ძველი პროდუქტი აღარ გვინდა, ახალი მოგვეციო“.
ალუ მძიმე დღეში ჩავარდა: ძუკუ და კიკუ ამ ქალაქში აღარ იყვნენ, ვინღა გამოაცხობდა პურს, ვინღა გაზრდიდა საქონელს და ღორს?
ალუ ბევრს ეცადა, მაგრამ ვისაც სთხოვა, იმუშავეთო, ყველამ უარი უთხრა: „რისთვის ვიშრომოთ? იმისთვის, რომ ყველაფერი მერე შენ წაგვართვაო?“ - ვერავინ ნახა, ვინც პურს გამოაცხობდა ან საქონელს და ღორს მოუვლიდა.
მხოლოდ ახლაღა მიხვდა ალუ თავის შეცდომას, ხალხიც ყველაფერს მიხვდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დარჩა ეს პატარა ქალაქი ღარიბი და მშიერი...