არწივი

-1-

არწივი ყველა ფრინველის მეფედ ითვლება და ღირსიც არის ამ დიდებული სახელისა. იგი მძლავრი, გულადი და ამპარტავანი ფრინველია. ტანი მოშავო ფერისა აქვს, მხოლოდ კისერზე აქვს ოქროსფერი ზოლი; ნისკარტი აქვს მოკაუჭებული და ძალიან მაგარი, ბრჭყალები _ ბასრი და ღონიერი. მისი უზარმაზარი თვალებიდან ძალა და სიმამაცე ჩანს. ფრთები აქვს გრძელი, მოყვანილი და ღონიერი, ბრჭყალებამდე ბუმბულით დაფარული...

არწივს საცხოვრებლად მაღალი მთიანი ადგილები უყვარს. სადაც ერთხელ დაბინავდება, იქ ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობს; ადგილის გამოცვლა ხშირად არ იცის.

ყოველ მოძრაობაში არწივი ძალიან სწრაფია. ფრინავს მშვენივრად, მიწაზე სიარული უშნოდ იცის. ჯდომაც ლამაზი აქვს; ზის სწორად, კაცივით ამართული, ფრთებაკრეფილი და ამაყად იცქირება აქეთ-იქით. ამიტომ მშვენიერი სანახავია მჯდომარე არწივი.

გამოჩნდება თუ არა რომელიმე ადგილას არწივი, ყველა ფრინველსა და წვრილ ცხოველებს შიშის ზარი ეცემათ. როგორც კი ფრინველები და ცხოველები გაიგონებენ არწივის ხმას, მაშინვე აქეთ-იქით გულგახეთქილები იფანტებიან. მაგრამ არწივის დიდ თვალებს რა დაემალება! ფრინველების მეფე დინჯად და ამაყად ტრიალებს მაღლა ცაში, თუმცა მისი გამჭრიახი თვალი დაკვირვებით გასცქერის ქვემოთ მთელ მინდორს და როგორც კი თავის მსხვერპლს დაინახავს ქვემოთ, ფრთებს დაკეცავს და ისარივით სწრაფად დაეშვება. ამ დროს საშინელი ძალით და სიჩქარით მოდის და ჰაერში შხუილი გააქვს. ბასრი ბრჭყალები გაშლილი აქვს, რომ საჩქაროდ გაუყაროს საწყალ მსხვერპლს, რომელიც თავის ლუკმად ამოირჩია.

არწივი დააცხრება ხოლმე ყველა არსებას, რომლის მორევა და წაღებაც კი შეუძლია. არ შეიცოდებს არც მოთამაშე პატარა ბავშვს, არც ცელქ მელიას, თუმცა მელია ხანდახან ბევრს ანანებს ხოლმე: ჰაერში ატანილი მელია ზოგჯერ არწივს შიგ ყელში მარდად მისწვდება და ყელს გამოღადრავს ხოლმე. შველი, გარეული გოჭები, ციკნები, ბატკნები, კურდღლის ბაჭია და კატა სისხლისგან დაიცლება ხოლმე ამ საშინელი მონადირის ბრჭყალებში. ფრინველებიდან არწივი იტაცებს ბატს, იხვს, წეროს, გარეულ ქათამს და ყველა შინაურ ფრინველს. არწივის საყვარელი საჭმელი ცხოველის სისხლია; ამიტომაც წყალს ეს ფრინველი ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში არ სვამს.

-2-

Aადვილი წარმოსადგენია, რა საშიშია არწივი ცხოველებისთვის მაშინ, როცა ბარტყებს ზრდის. როდესაც მხოლოდ თავისი თავი აქვს შესანახი, მაშინაც წვრილ ცხოველებს მოსვენებას არ აძლევს და ახლა ხომ სულ სისხლს უშრობს! მარტში დაიწყებს ხოლმე დედალ-მამალი არწივი ახალი ბუდის კეთებას ან ძველი ბუდის გასუფთავებას. თუ არწივი მთებში ცხოვრობს, თავის ბუდეს მაღალსა და მიუვალ კლდეებში აკეთებს: თუ ბინა ტყეში აქვს, მაშინ ბუდეს მაღალსა და მიუდგომელ ხეებზე იშენებს.

არწივები აწყობენ ჯერ დიდ გამხმარ ხის ტოტებს, მერე წვრილ, ღრმა ბუდეს აკეთებენ. შიგ მატყლსა და ჩალას აგებენ. ბუდე ლამაზი არ არის, მაგრამ დიდია და ისეთი მაგარი, რომ ადამიანსაც კი გაუძლებს. ბუდის მასალა ორივე არწივს მოაქვს. როცა მუშაობით იღლებიან, დედალ-მამალი ზევით ჰაერში მიდის დასასვენებლად და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ასიამოვნებენ. ასეთი ფრენით მამალი ართობს დედალს, როდესაც ის კვერცხებზე ზის.

როგორც წესი, დედალი ბუდეში დებს ორ-სამ კვერცხს. კვერცხები წაბლისფერია. ახალი გამოჩეკილი ბარტყები უფრო მატყლის გორგალს ჰგვანან, ვიდრე ფრინველს... მთელი ტანი დაფარული აქვთ ხშირი თეთრი ბუმბულით. მშობლები კარგად უვლიან, აჭმევენ ხორცს, რომელსაც ჯერ თავისი პირით კარგად ღეჭავენ და მერე ბარტყებს უდებენ პირში, ვიდრე ესენი პატარები არიან. ბარტყები სანამ კარგად არ დაიზრდებიან, ბუდეს არ სცილდებიან. ფრთები რომ ამოუვათ, დედ-მამა ჯერ ფრენას ასწავლის, მერე კი _ ნადირობას. ამ დროს არწივები ძალიან ავდებიან, გულადობა და შეუპოვრობა ემატებათ. არც ფრინველს, არც პატარა ცხოველს მოსვენებას აღარ აძლევენ. კარგად გამოცდილი და გამბედავი მონადირე უნდა, რომ არწივს ბარტყები მოჰპაროს და ცოცხალი გადარჩეს. არწივები ადამიანს სასიკვდილოდ დაჭრიან და დაამახინჯებენ ხოლმე, თუკი ის გაბედავს ბარტყის ხელის ხლებას.

აი ერთი უცნაური მოთხრობა არწივებთან ბრძოლის შესახებ:

ერთმა მონადირემ მაღალ კლდეზე არწივის ბუდე შეამჩნია და იქიდან ბარტყების ამოყვანა მოინდომა. რადგანაც ქვემოდან ბუდეს ვერ მისწვდებოდა, შეეცადა, როგორმე ზემოდან ჩასულიყო. მონადირე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად წავიდა, თან კანაფის მსხვილი თოკი წაიღო. როცა კლდეზე ავიდნენ, ახალგაზრდებმა მონადირეს თოკი შემოარტყეს, იღლიებში ამოსდეს და ნელ-ნელა ძირს, ბუდისკენ ჩაუშვეს. გამბედავ მონადირეს ხმალი ერტყა, რომ არწივები მოეშორებინა, თუკი უცებ გამოჩნდებოდნენ. როცა ბუდემდე ჩავიდა, ორი ბარტყი ამოიყვანა, პარკში ჩაისვა და თავის ამხანაგებს ანიშნა, რომ თოკი ზემოთ აეწიათ. კლდის წვერთან უკვე ახლოს იყო, როცა დედალ-მამალი არწივი გამოჩნდა და მონადირეს საშინელი ყვირილით მიესივნენ. მონადირე ხმალს ხან აქეთ იქნევდა, ხან იქით და ერთი არწივი მოკლა კიდეც, მაგრამ მეორე არწივმა უფრო საშინელი ბრძოლა დაუწყო. გულად მონადირეს იმედი ჰქონდა, ამასაც მოვკლავო; მაგრამ ამ დროს დაინახა, რომ თოკი ხმლით გადაუჭრია და მხოლოდ მის მეოთხედზე ჰკიდია საშინელი უძირო ხრამის თავზე... შიშით გული წაუვიდა. ხმალი ხელიდან გაუვარდა და ამხანაგებმაც ცოცხალ-მკვდარი ზემოთ აიტანეს. მონადირე ძლივსღა იცნეს, რადგანაც შიშის გამო თმა უცებ სრულიად გასთეთრებოდა...

არწივზე ნადირობა ძალიან ძნელია. ძალიან ფრთხილი ფრინველია და მიუდგომელ ადგილზე ჯდება; იშვიათად მოხდება, რომ მონადირე სასროლ მანძილზე მიეპაროს. ცოცხლის დაჭერა კიდევ უფრო ძნელია. ზოგან არწივს ხაფანგით იჭერენ. არწივის მოშინაურება ძნელი არ არის. მოშინაურებულ არწივს ნადირობას ასწავლიან: აჭერინებენ კურდღელს, მელას და მგლის ლეკვებსაც კი. არწივი დიდხანს ცოცხლობს. ერთ ქვეყანაში მოშინაურებული ჰყავდათ არწივი, რომელმაც ას ოთხი წელიწადი იცოცხლა. ტყესა და მინდორში თავისუფლად რომ ყოფილიყო, რასაკვირველია, უფრო დიდხანს იცოცხლებდა.