პატარა სოფლის ბინადრები
ბავშვებო, ახლა მინდა ერთი პატარა სოფლის ამბავი გიამბოთ. ამ სოფელში ბევრი შინაური ცხოველი ცხოვრობდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ და სულ ერთად თამაშობდნენ.
ამ სოფელში ერთი პატარა ციკანი ცხოვრობდა. ციკანს ძალიან უყვარდა თავის მეგობრებთან თამაში.
„დედა, ხბოსთან სათამაშოდ გამიშვებ?“ - ეკითხება პატარა ციკანი დედას. თხა ღიმილით პასუხობს:
„რა თქმა უნდა, შვილო! წადი, ითამაშე ხბოსთან ერთად, ოღონდ ძროხა არ გააბრაზოთ!“
ციკანმა და ხბომ ძალიან ბევრი ითამაშეს. მერე ისადილეს ბოსელში და ახლა სხვა მეგობართან წასვლა მოინდომეს:
„დედა, მე და ციკანს ჩოჩორთან გაგვიშვებ?“ - ეკითხება ხბო დედას. ძროხა ღიმილით პასუხობს:
„რა თქმა უნდა, შვილო! წადით შენ და ციკანი ჩოჩორთან, ოღონდ ვირი არ გააბრაზოთ!“
ციკანმა, ჩოჩორმა და ხბომ ძალიან ბევრი ითამაშეს ერთად. მერე ვირმა ბავშვები თავლაში შეიყვანა, ბაგაზე საჭმელი დაუყარა. ხბომ, ციკანმა და ჩოჩორმა გემრიელად ისადილეს და ახლა სხვა მეგობართან წასვლა მოინდომეს:
„დედა, მე, ციკანსა და ხბოს ბატკანთან გაგვიშვებ?“ - ეკითხება ჩოჩორი დედას. ვირი ღიმილით პასუხობს:
„რა თქმა უნდა, შვილო! წადით შენ, ხბო და ციკანი ბატკანთან, ოღონდ ცხვარი არ გააბრაზოთ!“
ციკანმა, ბატკანმა, ხბომ და ჩოჩორმა ძალიან ბევრი ითამაშეს ერთად. მერე გემრიელად ისადილეს და ახლა სხვა მეგობართან წასვლა მოინდომეს:
„დედა, მე, ციკანს, ჩოჩორსა და ხბოს ზაქთან გაგვიშვებ?“ - ეკითხება ბატკანი დედას. ცხვარი ღიმილით პასუხობს:
„რა თქმა უნდა, შვილო! წადით შენ, ციკანი, ჩოჩორი და ხბო ზაქთან, ოღონდ კამეჩი არ გააბრაზოთ!“
8
8
ციკანმა, ბატკანმა, ხბომ, ჩოჩორმა და ზაქმა ძალიან ბევრი ითამაშეს ერთად. მერე კამეჩმა ბავშვები ბოსელში შეიყვანა, ბაგაზე საჭმელი დაუყარა. ხბომ, ციკანმა, ბატკანმა, ჩოჩორმა და ზაქმა გემრიელად ისადილეს და ახლა სხვა მეგობართან წასვლა მოინდომეს:
„დედა, მე, ციკანს, ბატკანს, ხბოსა და ჩოჩორს გოჭთან გაგვიშვებ?“ - ეკითხება ზაქი დედას. კამეჩი ღიმილით პასუხობს:
„რა თქმა უნდა, შვილო! წადით შენ, ციკანი, ცხვარი, ხბო და ჩოჩორი გოჭთან, ოღონდ ღორი არ გააბრაზოთ!“
ციკანმა, ბატკანმა, ხბომ, ჩოჩორმა, ზაქმა და გოჭმა ძალიან ბევრი ითამაშეს ერთად. მერე ღორმა ბავშვები სასადილოდ მიიპატაჟა საღორეში. საღორე პატარა იყო. ხბო, ციკანი, ბატკანი, ჩოჩორი და ზაქი საღორეში ვერ შევიდნენ. მარტო გოჭი შეძვრა საღორეში და გემრიელადაც მიირთვა თავისი და მეგობრების საჭმელი...