მარადონა


 

შესავალი

მარადონა ყველასათვის ცნობილი სახელია. მარადონა ფეხბურთის მეფეა. ხშირად კამათობენ: პელე თუ მარადონა, რომელია ფეხბურთის მეფე? კამათი დაუსრულებლად გრძელდება, ზოგი პელეს ასახელებს, ზოგი - მარადონას. მარადონას კი ამ კითხვაზე მარტივი პასუხი აქვს: „მე არ ვარ არც მეფე და არც ახალი პელე… მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა!”.

 

„მარადონა“ – „მისი გვარის ფუძე ქართულ ენაზე მარადიულობას ნიშნავს და ის იქნება მარადიული მოვლენა, სანამ ამ სამყაროში ფეხბურთი იარსებებს.“  - ამბობს ერთ-ერთი ქართველი მწერალი და მართლაც არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა დიეგო მარადონა ფეხბურთის მეფე - ის მარადიულ მოვლენად დარჩება ფეხბურთის ისტორიაში.

 

მარადონას ბავშვობა

„თუ წარსულს გადახედავ და ძალიან შორიდან წამოჰყვები, აღმოაჩენ, რომ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში იყო, არის და იქნება, სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა,“ - ამბობს დიეგო მარადონა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „მე ვარ დიეგო“.

 

 

დიეგომ მძიმე ბავშვობა გაატარა არგენტინის პატარა ქალაქ ფიორეტოში: „ჩვენი სახლი შედგებოდა სამი ოთახისაგან. ერთი იყო სამზარეულო, სადაც საჭმელი მზადდებოდა ხოლმე და იქვე ვაკეთებდით კიდეც ყველანი საშინაო დავალებებს. მეორე ოთახი, მარჯვნივ, ჩვენი მშობლების იყო და მესამეში კი, მარცხნივ, ჩვენ ყველას ერთად გვეძინა – რვავეს. როცა გაწვიმდებოდა ხოლმე, ჭერის ღრიჭოებს ვემალებოდით, იმიტომ, რომ სახლში უფრო ვსველდებოდით, ვიდრე გარეთ.“ - იხსენებს მარადონა, რომელმაც მთელი ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა თავის შვიდ და-ძმასთან და მშობლებთან ერთად.

 

„ერთადერთი, რაც ბავშვობაში  მაწყნარებდა, ბურთის თამაში იყო და ახლაც ასეა: მომეცით ბურთი და იმის გაკეთება მაცალეთ, რაც მევიცი... ფიორეტოს გარეუბანში თამაშისას ერთი დიდი პრობლემა გვქონდა: ჩვენ მზის პირისპირ ვთამაშობდით... სამის თხუთმეტ წუთზე უკვე ვთამაშობდით თაკარა მზის ქვეშ და სულ არგვადარდებდა ის, რომ რამე დაგვემართებოდა ამის გამო... დაბნელების მერეც ვთამაშობდით. ახლა ზოგჯერ ფეხბურთელებისგან წუწუნიც კი მესმის ხოლმე, ამა და ამ მოედანს განათება აკლიაო და მეცინება, როცა გამახსენდება, როგორ სიბნელეში მითამაშია.“ - იხსენებს დიეგო თავის ბავშვობას.

12 წლის იყო დიეგო, როცა საფეხბურთო კლუბ „პატარა ხახვებში“ ჩაირიცხა. ძალიან მალე ის არგენტინის ნაკრების წევრიც გახდა. 16 წლის ასაკში უკვე მრავალ ევროპულ გუნდს უნდოდა მისი შეძენა.

 

მარადონა - უდიდესი ფეხბურთელი

„ჩემთვის არასდროს არავის უჩუქებია ფული; ფულს ყოველთვის მოედანზე შრომით და ბრძოლით მოვიპოვებდი... ამიტომაც ვეტყოდი კიდევ ერთხელ ახალგაზრდა ფებურთელებს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, თუ მათ ნაკრებში გამოიძახებენ და ფრენა არ არის, მატარებელს უნდა გამოჰყვნენ და თუ მატარებელიც არ არის, ფეხით უნდა წამოვიდნენ.“ - ამბობდა მარადონა.

 

მარადონა მართლაც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო. მან ეს ტიტული ორჯერ მოიპოვა, ჯერ ესპანეთის ბარსელონამ შეიძინა ის ყველაზე ძვირად, შემდეგ კი - იტალიის ნაპოლიმ.

მარადონას ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერა არგენტინის ნაკრებში ჰქონდა. მან 4 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. 1986 წელს არგენტინის ნაკრები მექსიკაში მარადონასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

მარადონამ იმ ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან საუკეთესო გოლიც გაიტანა, ამ გოლს მოგვიანებით „საუკუნის გოლი“ უწოდეს.

წარმატებების გარდა, მარადონას ჰქონდა იმედგაცრუებაც. ეს იმედგაცრუება მისი საფეხბურთო კარიერის დასაწყისსა და დასასრულს უკავშირდება. დიეგოს ყველაზე დიდი იმედგაცრუება 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ის 18 წლის იყო და ვერ მოხვდა არგენტინის ნაკრების განაცხადში პატარა ასაკის გამო. არგენტინის ნაკრები იმ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. . . „როცა 22 კაცში ვერ მოვხვდი იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ისე გავმწარდი, რევანშისთვის ეგრევე დავიწყე მზადება და თამაშსაც მოვუმატე.“ - იხსენებს დიეგო.

ამის შემდეგ კი იყო უამრავი გოლი, აღიარება და ხალხის სიყვარული. მაგრამ, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკაში მეორე იმედგაცრუება ელოდა მარადონას. მას სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს და თამაში აუკრძალეს. მარადონა თვლიდა, რომ ეს იყო საფეხბურთო სამყაროს შეთქმულება მის წინააღმდეგ.

 

 

მარადონა ცხოვრებაში

მარადონა მთელი ცხოვრება ბრძოლაში იყო. იბრძოდა და შრომობდა, რომ წარმატებული ყოფილიყო. საფეხბურთო მოედანს გარეთ მარადონა სამართლიანობით და მებრძოლი ბუნებით გამოირჩეოდა. ხშირად, ის საკუთარი თავის საზიანოდაც კი იქცეოდა, რადგან მისთვის მთავარი იყო, ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა. დიეგო ვერ ეგუებოდა უსამართლობას: „მე ხომ იმათ ნაცვლად ვლაპარაკობ, ვისაც ლაპარაკს არ აცლიან და მე კი იმათ სათქმელსაც ვამბობ, ვისაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ ექნება იმის საშუალება, რომ ხმამაღლა მიმართოს მთელ მსოფლიოს.“ - ამბობს მარადონა თავის წიგნში „მე ვარ დიეგო“!

დიეგო არ ერიდებოდა სიმართლის თქმას მთავრობისთვის. ის ფიქრობდა, რომ მთავრობის მთავარი საზრუნავი ხალხი უნდა იყოს და თუ მთავრობა ამას ვერ აკეთებს, მას პასუხი უნდა მოეთხოვოს და ის პასუხს ითხოვდა: “მიჩხუბია ძალიან ბევრ ხალხთან, ვინც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, მინდა ვთქვა, რომ ადამიანების მიმართ სიძულვილი არ გამაჩნია პირადი წყენის გამო. მე შემიძლია მხოლოდ ის პოლიტიკოსები მძულდეს, რომლებიც ხალხს ხელს უყოფენ ჯიბეში და მათ ძარცვავენ... მძულს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ადამიანების მოკვლა მთავრობის დავალებით და მძულს ყველანაირი მთავრობა, რომელიც თვითონ მაძღარია და მშიერი ხალხი ფეხებზე ჰკიდია.“ - ასე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას დიეგო.

 

დიეგო ცნობილი იყო თავის სიჯიუტით. მისი მართვა შეუძლებელი იყო. ის ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც სწორად მიაჩნდა. დიეგო მარადონა არასოდეს შეცვლილა, ის დარჩა ისეთივე უბრალო და გულწრფელი, როგორიც იყო ბავშვობაში, ფულმა და ავტორიტეტმა ის ვერ შეცვალა. მიუხედავად წარმატებისა, მას არასდროს არ დავიწყებია საკუთარი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები. როცა ფინანსურად შეძლებული შეიქნა, ყველა ოცნება აუსრულა მათ, ხოლო როცა მანქანა გამოცვალა, თავისი პირველი ავტომობილი „ფიატი 125“ მეგობრებს დაუტოვა: "უსამართლობას ვერასდროს შევეგუები და ყოველთვის სიმართლის მხარეზე ვიქნები. ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ბავშვობის სახლი და ჩვენი სიღარიბე და ყოველთვის მეცოდინება, რომ ყველაფერს შრომით და ბრძოლით მივაღწიე, ეს მე ვარ და ვიცი, რომ ჩემს მართვას ვერავინ შეძლებს, რადგან მე ვარ იგივე, რაც ვიყავი და ყოველთვის ის ვიქნები, ვინც ვარ, რადგან მე ვარ დიეგო მარადონა, მე ვარ დიეგო!" 

 

 

მარადონა ფეხბურთელობის შემდეგ

 

მარადონა უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ფეხბურთის თამაშის ნიჭით... ფეხბურთის გარდა არაფერი შეეძლო, ფეხბურთი იყო მისთვის ყველაფერი. მარადონა არ შეცვლილა.

ფეხბურთის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებაც დაიწყო, მიჰყავდა სხვადასხვა შოუ, არგენტინის ნაკრების მწვრთნელიც გახდა, მაგრამ მისი მთავარი საქმე ფეხბურთის თამაში იყო, რომელიც უკვე ასაკის გამო აღარ შეეძლო...

„დიეგო დარჩა ისეთად, როგორიც 4 წლის ასაკიდან იყო, როცა ბიძამ პირველი, ნამდვილი ტყავის ბურთი აჩუქა და ამ ბურთთან ერთად ეძინა. სწორედ ამ ასაკიდან დიეგოს არ შეუძლია ბურთის გარეშე. სწორედ ამიტომ ის უბრალო ბიჭივით იდგა მწვრთნელის ადგილზე ხან ხელით, ხან ფეხით - თავის და მეტოქე ფეხბურთელებს ბურთებს აწვდიდა.“ - იხსენებს დიეგოს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

 

დიეგო თბილისსაც სტუმრობდა ფეხბურთის დასრულების შემდეგ. ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო, რომ ხალხმა არც კი დაიჯერა. „დაბერებული“ მარადონას თამაში ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, დინამოს სტადიონი ცარიელი იყო. მთელი ქალაქი შოკში ჩავარდა, როცა მარადონა მართლაც გამოჩნდა მოედანზე. ქართველი ვეტერანები მას ღმერთივით უყურებდნენ და სიამოვნებას იღებდნენ უკვე „დაბერებული“ მარადონას თამაშით.

დიეგო წავიდა. მისი სიდიადე კი დარჩა. ვერავინ ვერასოდეს ვერ იქნება უფრო დიდი და დიადი ფეხბურთელი, ვიდრე იყო დიეგო... - ასე ფიქრობენ ფეხბურთის გულშემატკივრები.