კავბოი
შესავალი
კავბოი არის მე-19 საუკუნის, ამერიკელი ცხენოსანი მწყემსი. პირველი კავბოები იყვნენ აფროამერიკელები,
რომლებიც, ამერიკის კანონის მიხედვით, 1865 წელს მონობიდან გათავისუფლდნენ. მათ არ ჰქონდათ არც მიწა და არც სამუშაო. 1865-1880 წლებში კავბოები, აფროამერიკელების გარდა, გახდნენ ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი თეთრკანიანებიც. ისინი მთელ დღეს ატარებდნენ ჯოგში, ცხენზე ამხედრებულები დადიოდნენ და უმეტესად დროს გარეთ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ.
კავბოის ჩაცმულობა და ცხოვრების წესი
კავბოების ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ისინი მძიმე სამუშაოს ასრულებენ. მათ ხშირად 10 საათზე მეტხანს უწევთ ცხენზე ჯდომა და სიარული. სახლს გარეთ სძინავთ და იქვე იკვებებიან. კავბოები მოკლებულნი არიან სისუფთავეს, მათი საცხოვრებელი პირობების გამო. ჯოგი, რომელსაც მწყემსავენ, ხანდახან ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავთ უკეთესი საძოვრის გამო. ამიტომ თვითონაც ხშირად უწევთ შორეულ მოგზაურობაში წასვლა.
კავბოის ცხენი მარდი და ჭკვიანი უნდა იყოს. მას ისე წვრთნიან, რომ ძროხების სუნს გრძნობდეს და ცნობდეს. ცხენი აუცილებლად შეკაზმული უნდა იყოს, უნაგირი ედგას და დეზები ჰქონდეს. კავბოისათვის უმნიშვნელოვანესი ნივთებია: რევოლვერი, დანა და ქამანდი. რევოლვერი ცეცხლსასროლი იარაღია, რომელიც მას მხეცების მოსაგერიებლად სჭირდება. დანას კი მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, იგი შეიძლება საჭმლის გასაკეთებლად, ან ნებისმიერი რამის გასაჭრელად გამოადგეს. ქამანდი გრძელი თოკია, რომლის საშუალებითაც კავბოის ძროხის, ან ცხენის დაჭერა შეუძლია.
კავბოებს უმეტესად მთლიანი, შესაკრავების გარეშე პერანგები აცვიათ, რომელზედაც ჟილეტი აქვთ გადაცმული. მათი შარვლები თეძოებთან ოდნავ განიერია. უკანა მხარეს კი, მეტი გამძლეობისათვის, ტყავის ნაჭერი აქვთ დაკრული. კავბოისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძელი ტყავის ჩექმა და ქუდი, რომელიც მას მზისგან და წვიმისგან იცავს.
კავბოი დღეს
დღეს კავბოები იმ დანიშნულებით, როგორც ადრე, თითქმის აღარ არსებობენ. რამდენიმე მათგანს შეიძლება მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში შეხვდეთ. მე-20 საუკუნეში კი კავბოი ძალიან პოპულარული იყო. იგი იქცა ძლიერი, ღონიერი და ამტანი მამაკაცის სიმბოლოდ. ხოლო მას შემდეგ, რაც მარლბოროს სიგარეტის რეკლამაში გადაიღეს, კავბოი „ნამდვილ მამაკაცად“ იქცა.
ზოგ ქვეყანაში დღესაც მოდაშია კავბოის ქუდისა და ჩექმების ტარება. იგი განსაკუთრებით იმ ადამიანებს ხიბლავთ, ვინც ხშირად ჯირითობს ცხენებით.
ფილმები კავბოებზე:
მატარებლის დიდი დაყაჩაღება - გადაღებულია 1903 წელს, იგი არის 20 წუთიანი მხატვრული ფილმი, რომელიც პირველი ფილმია, სადაც მოქმედი გმირები კავბოები არიან.
შუაღამის კავბოი - ამერიკის შეერთებული შტატების (1969) მიერ გადაღებული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯონ შლეზინგერი. ფილმი აღწერს კავბოების ცხოვრებას. მან სამი ოსკარი აიღო და მაყურებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
კუზიანი მთა - 2005 წელს გადაღებული ფილმი კავბოებზე. ფილმის რეჟისორია ენგ ლიი. ფილმი არის ორი შეყვარებული კავბოისა და მათი ურთიერთობების შესახებ.