ნაყინის სახლი
არცთუ დიდი ხნის წინ ბოლონიაში, ზედ მთავარ მოედანზე, ნაყინის სახლი ააშენეს. ვინ იცის, საიდან აღარ მოგროვდნენ იმ მოედანზე ახალგაზრდები. ყველაზე შორეული მხარეებიდანაც კი ჩამოვიდნენ: გავიგეთ, გემრიელი სახლი აუშენებიათ და იქნებ ცოტა მაინც გაგვალოკინონო.
ნაყინის სახლს მარმელადის სახურავი ჰქონდა, საკვამურებიდან კვამლის მაგივრად გათქვეფილი ნაღები ამოდიოდა, ბუხრები კი დაშაქრული ხილისგან იყო გაკეთებული. დანარჩენი ყველაფერი ნაყინისა იყო — კარებიც, კედლებიც, ავეჯიც.
ერთი პატარა ბიჭი აღარ მოშორდა სასადილო მაგიდას. იმდენი ულოკა ოთხივე ფეხი, მაგიდამ ვეღარ გაუძლო და თავზე დაემხო თავის თეფშებიანად და ლამბაქებიანად. მერე სულ შოკოლადიანი ნაყინის თეფშები და ლამბაქები ეწყო იმ მაგიდაზე! თანაც უგემრიელესი შოკოლადის ნაყინისა!
ერთხელ ნაყინის სახლთან ქალაქის ყარაულმა ჩაიარა და დაინახა – ერთი ფანჯარა თანდათან დნებოდა. ფანჯარას მინები მარწყვის ნაყინისა ჰქონდა და იმიტომაც იყო, ვარდისფრად რომ მოწურწურებდა.
— არიქა! — ყვირილი ატეხა ყარაულმა. — მალე!
ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ შემდნარ სახლს და დაიწყეს ლოკვა. აი, პირის ჩატკბარუნება იქ იყო!
— ძალიან გთხოვთ, სავარძელი მაინც გამომიტანეთ! — იხვეწებოდა ერთი მოხუცი ქალი, რომელიც იმდენ ხალხში ძალიან დაიბნა... — ნუ მაწყენინებთ მოხუც ადამიანს! ბევრს არა გთხოვთ, სავარძელი მომიძებნეთ, იქნებ სახელურებიანიც იყოს!
ერთი გულკეთილი მეხანძრე მართლაც შევარდა სახლში და დედაბერს კრემითა და შოკოლადით მორთული ნაყინის სავარძელი გამოუტანა. უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა საცოდავი! აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით! მაშინვე სწორედ სახელურებიდან დაიწყო ჭამა!
მოკლედ, ნამდვილი დღეობა გაიმართა! თუმცა, მუცელიც კი არავის ასტკივებია...
ამ ამბავს ახლაც ჰყვებიან.
თუ ბავშვი ატყდა, დედას ან მამას ჩააცივდა, გინდა თუ არა, ნაყინი მეორედაც უნდა მიყიდოო, მშობლებს გული მოსდით და უჯავრდებიან:
— კიდევ რა გინდა! ბოლონიელებივით, იქნებ ნაყინის სახლიც ამაშენებინო!
ჯანი როდარი