ფუტკრები საშოვარზე

 

გაზაფხულის მზემ თოვლი სულ გააქრო. ბუნება იღვიძებდა. მცენარეებს ნორჩი, მწვანე ყლორტები უჩნდებოდა, ხეების ტოტებზე კოკრები და ფოთლები იშლებოდა.

 

\"\"

 

ნათელმა, თბილმა მზემ ფუტკრებიც გამოაღვიძა. ფუტკრები გამოძვრნენ სკებიდან და ზუზუნით გაფრინდნენ ვაშლის ხისკენ:

– ვაშლის ხეო, საწყალი ფუტკრებისთვის არაფერი გაქვს? მთელი ზამთარი ვშიმშილობდით, ძალიან გვშია!

– ჯერ არა, – უპასუხა მათ ვაშლის ხემ, – ჩემი ყვავილები ჯერ კიდევ კოკრებშია დამალული.

 

\"\"

 

ფუტკრები ბალთან მიფრინდნენ:

– საყვარელო ბალო, ფუტკრებისთვის ყვავილი ხომ არ გექნება?

– ხვალ იკითხეთ, – დაიშრიალა ბალმა, – დღეს არც ერთი ყვავილი არა მაქვს გაშლილი.

 

\"\"

 

ფუტკრები ტიტასთან წავიდნენ, მაგრამ ის სურნელსაც მოკლებული იყო და ტკბილ წვენსაც.

დაღონებული, დამშეული ფუტკრები შინ დაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ ამ დროს ბუჩქის ქვეშ ნაზი ყვავილი დაინახეს. ეს ია იყო. იამ ფუტკრებს გადაუშალა თავისი ყვავილი, რომელიც საამურ სურნელს აფრქვევდა და ტკბილი წვენით იყო სავსე.

სვეს, ჭამეს ჩვენმა ფუტკრებმა და გახარებულები დაბრუნდნენ სახლში.

 

\"\"