მზე
შესავალი
მზე ყველაზე კაშკაშა, მწველი და ყველაზე დიდი ვარსკვლავია მზის სისტემაში. იცით მზის სისტემა რა არის? ეს არის სივრცე კოსმოსში, სადაც ერთად არიან პლანეტები და მზე. მათგან მზე ყველაზე დიდია და ყველაზე მძიმე.
როდისმე გიცდიათ შუადღეს, როცა მზე ყველაზე ძალიან აცხუნებს, მისთვის შეგეხედათ? ალბათ არც თქვენ გამოგივიდათ. მეც ყოველთვის მეხუჭებოდა თვალები ამ დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ მზეს ძალიან დიდი სინათლე აქვს და თვალებს ჭრის მისი ძლიერი შუქი.
ის იმდენად მხურვალე და მწველია, რომ, მთვარისგან განსხვავებით, მასზე გაფრენა და დაკვირვება შეუძლებელია. ამიტომ მეცნიერები ცდილობენ, მას სპეციალურ ლაბორატორიებში დააკვირდნენ სპეციალური ხელსაწყოებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან მზე ძალიან შორსაა, ჩვენ მაინც ბევრი რამე ვიცით მის შესახებ.
მზე
მზე და დედამიწა
მზე რომ არ იყოს, დედამიწაზე ძალიან ეციებოდა, ისე ეციებოდა, რომ სიცოცხლეც კი შეუძლებელი გახდებოდა. მზე დედამიწასთან ყველა სხვა ვარსკვლავზე ახლოს არის და ამიტომაც ჩანს ის უფრო დიდი და გვათბობს ასე კარგად. დედამიწა მზეს გარშემო უვლის და ამ ბრუნვის დროს იცვლება სწორედ წელიწადის დროები, დღე და ღამე.
მზე ძალიან გვიყვარს დედამიწაზე მაცხოვრებლებს. მზის გამოჩენას სიხარულით ვხვდებით. მზე იმიტომ გვიყვარს, რომ მის გარეშე ჩვენი პლანეტა გაიყინებოდა, არც ჩვენ ვიქნებოდით, არც ცხოველები და მცენარეები იარსებებდნენ. ის დიდ გავლენას ახდენს კლიმატზეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მზის არსებობაზე დამოკიდებულია ელექტროტექნიკის მუშაობაც. რომ არ არსებობდეს მზის ენერგია, არასოდეს გვექნებოდა რადიო ან ტელევიზორი.
როგორ ახერხებს მზე, ხელი შეუწყოს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას?
თურმე მზის შუაგულში ხდება დიდი აფეთქებები. ამის შემდეგ ჩნდება ძლიერი სითბო და ენერგია, რომელიც მზის ზედაპირზე გამოდის და შემდეგ დედამიწამდეც აღწევს.
ეს აფეთქებები არასოდეს წყდება, რათა მზის ენერგია არ შეწყდეს.
მზე ჩადის და ამოდის?
ალბათ გინახავთ დილით მზის ამოსვლა, ხოლო საღამოთი - მზის ჩასვლა. სწორედ ამ დაკვირვების შემდეგ დაერქვათ მხარეებსაც აღმოსავლეთი, ანუ საიდანაც მზე ამოდის და დასავლეთი, საითაც მზე ჩადის. სინამდვილეში მზე არც ამოდის და არც ჩადის... ის დედამიწის ირგვლივ საერთოდ არ ბრუნავს. მზე რომ დედამიწას ოდნავ მაინც მოუახლოვდეს, მისი ერთი მხარე სულ დაიწვება, მეორე კი გაიყინება.,, ყველაფერი პირიქითაა: დედამიწა თვითონ ბრუნავს მზის გარშემო, თუმცა ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ.
მზის დაბნელება
მზის დაბნელება
გსმენიათ ან გინახავთ მზის დაბნელება? ზოგს ამის ეშინია კიდეც. თუმცა საშიში საერთოდ არ არის. მზის დაბნელება ყოველ წელს არ ხდება, ამას წლები სჭირდება. ამ დროს მთვარე გაივლის დედამიწასა და მზეს შორის და მისი ჩრდილი მზეს ცოტათი გადაეფარება, ისე, რომ დედამიწიდან მზე ან სულ აღარ ჩანს, ან მხოლოდ პატარა ნაწილიღა მოჩანს. მთვარე, როგორც კი მოშორდება მზეს (ეს შეიძლება რამდენიმე წუთი ან საათი გაგრძელდეს), ის მაშინვე ჩვეულებრივ დაიწყებს დედამიწის განათებას.
მზის დაბნელება დედამიწის ყველა კუთხიდან ერთნაირად არ ჩანს, ზოგან მზე სრულიად ბნელია, ზოგან ნახევარია დაბნელებული. მისი დანახვა ყველას აინტერესებს. ამ მოვლენას განსაკუთრებით მეცნიერები აკვირდებიან ხოლმე ლაბორატორიებში.
ბოლოსიტყვაობა
თქვენ გიყვართ მზის სითბო და მზიან ამინდში თამაში? ეს ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მზე იმითაც გვეხმარება, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. თუმცა მზეზე დიდხანს ყოფნაც არ შეიძლება. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ძალიან მწველია და თქვენც შეიძლება ცოტათი დაგწვათ.