ბაობაბი
ბაობაბი ტროპიკული ხე-მცენარეა, რომელიც ძირითადად აფრიკაში მოდის, თუმცა, უძველესი ჩანაწერების მიხედვით, მას ეგვიპტელებიც იცნობდნენ და, შესაძლოა, იგი ეგვიპტეშიც ყოფილიყო გავრცელებული. ამ ხის სახელი მისი არაბული სახელწოდებიდან მოდის, მას არაბულად „ბუ ჰუბაბს“ უწოდებენ, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს. ბაობაბის ხეს აგრეთვე „სააფთიაქო ხის“ ან „მაიმუნების პურის ხის“ სახელითაც იცნობენ.
აფრიკული ბაობაბის ხე ფრანგმა მეცნიერმა და ბუნების მკვლევარმა მიშელ ადანსონმა აღმოაჩინა მეთვრამეტე საუკუნეში. ამის გამო მას „ადანსონია დიგიტატასაც“ უწოდებენ მეცნიერები.
ბაობაბი ყველაზე დიდხანს ცხოვრობს დედამიწაზე და, რაც უფრო დრო გადის, თურმე იგი უფრო ახალგაზრდავდება. ამ ხის შესახებ უამრავი საინტერესო ლეგენდა არსებობს. ზოგიერთ მათგანს მოკლედ მოგიყვებით.
ლეგენდები ბაობაბზე
აფრიკაში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ბაობაბის ხე ეშმაკმა ამოთხარა და უკუღმა ჩაარჭო მიწაში, ამიტომაც ამ მცენარეს ისეთი შეხედულება აქვს, თითქოსდა მიწაში თავითაა ჩარჭობილი და ფესვები ჰაერში დარჩენიაო.
არსებობს ინდური ლეგენდაც, რომლის მიხედვითაც ბაობაბი სურვილების ასრულების ხედაა გამოცხადებული. თურმე, ვინც ამ ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება.
კიდევ ერთი ცნობილი ლეგენდა შემოინახეს აფრიკელებმა ბაობაბის შესახებ: დედამიწის არსებობის პირველი დღიდანვე ღმერთებმა გარეულ მხეცებს თესლები დაურიგეს, რათა მცენარეები დაერგოთ. ბაობაბის თესლი აფთარს შეხვდა დასათესად. აფთარს სხვა მცენარის თესლების დათესვა უნდოდა, ამიტომ გაბრაზდა და გადაწყვიტა, ეს მცენარე უკუღმა დაერგო, ამიტომაც ბაობაბი ფესვებით ზემოთ ამოტრიალებულ ხეს ჰგავს.
ბაობაბის აგებულება
როგორც ლეგენდებიდან შევიტყვეთ, ბაობაბი სხვა მცენარეების მსგავსი არაა. მისი ნახვისას, მართლაც რჩება ისეთი განწყობა, თითქოს ამოტრიალებულ ხეს უყურებდეთ. ამ მცენარის ტოტები თუ ფესვები, რომლებიც ჰაერშია, ფოთლებს ისხამს, თუმცა ეს ფოთლები მალევე სცვივა. ფოთოლცევნის შემდეგ, ხე ყვავილობას უფოთლებოდ აგრძელებს.
ბაობაბი 30 მეტრ სიმაღლეს აღწევს. მას შიშველ ტოტებზე ამოსდის მსხვილი, თეთრი ფერის ყვავილები, რომლებიც ხუთი ფურცლისგან შედგება. ყვავილები გვიან ღამით იშლებიან და მხოლოდ ერთ ღამეს ცოცხლობენ. როცა ყვავილები დაჭკნება, მათ ადგილზე წარმოიქმნება უცნაური ნაყოფი, რომელსაც ნესვის ფორმა აქვს, მისი ქერქი კი ძალიან მაგარი და უხეშია.
ქერქისგან განსხვავებით, ნაყოფის შიდა ნაწილი რბილია, თეთრი ფერისაა და მომჟავო გემო აქვს. ნაყოფს ამ რბილ ნაწილში შავი თესლები აქვს. ბაობაბის ნაყოფი ბევრ ცხოველს უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევიან სპილოები, ისინი არა მხოლოდ ნაყოფს მიირთმევენ, არამედ ხის ქერქსა და ფოთლებსაც არ იწუნებენ. ბაობაბის გემრიელი ნაყოფი მაიმუნების საყვარელი საჭმელიცაა. მისი ყვავილების სუნი კი ღამურებს მოსწონთ. ისინი ღამღამობით ხშირად იკრიბებიან ბაობაბის ხეებზე.
ბაობაბი 5000 წლამდე ცხოვრობს. სხვა ხეებისაგან განსხვავებით, მას არ აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობის განმსაზღვრელი რგოლები. მისი ასაკის გამოცნობა ძნელია. 5000 წლიანი ცხოვრების პერიოდი მისმა აღმომჩენმა, მიშელ ადანსონმა განსაზღვრა, რის გამოც მას ხშირად „ბაობაბის ნათლიადაც“ კი მოიხსენიებენ ხოლმე.
ბაობაბის გამოყენება
ბაობაბის ხისგან აფრიკელები უკვე დიდი ხანია, ბევრ სარგებელს იღებენ: მისგან ამზადებენ თოკებსა და ძაფებს, რომლებიც განსაკუთრებული სიმკვრივითა და გამძლეობით გამოირჩევა. ისინი ამ ხის ნაყოფს სამკურნალოდაც იყენებენ.
ეს ხე ევროპისათვის შედარებით გვიან გახდა ცნობილი. მიშელ ადანსონის აღმოჩენის შემდეგ ევროპელებიც დაინტერესდნენ მისით და გაირკვა, რომ თურმე ამ ხის ნაყოფი და ქერქი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც მედიცინაში წარმატებით გამოიყენება. 2008 წლიდან ევროპელებმა ამ ხის მოხმარების უფლება მიიღეს. დღეს მისგან უკვე უამრავი სასარგებლო წამალი მზადდება.
ბაობაბი, როგორც სიმბოლო
ბაობაბის ხეს დედამიწის სიმბოლოდ მიიჩნევენ. მას აფრიკელები წმინდა ხესაც უწოდებენ და გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლოდ თვლიან.
12