კარავი (პარლამენტი)


 

პარლამენტი არის დაწესებულება, სადაც მისი წევრები - პარლამენტარები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ადგენენ კანონებს.

საქართველოს პარლამენტი 2012 წლამდე

 

პარლამენტს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს ამ დაწესებულებას. პარლამენტში ყველა წევრის აზრი არის მნიშვნელოვანი, ისინი კენჭისყრით იღებენ

გადაწყვეტილებას. თუკი პარლამენტის წევრების უმეტესობა არ იქნება თანახმა რომელიმე კანონის მიღებაზე, მაშინ ის კანონი არ დამტკიცდება. პარლამენტის წევრებს ირჩევს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა - არჩევნების გზით.

რას აკეთებენ პარლამენტარები?

ითვლება, რომ თითოეული პარლამენტარი არის იმ უბნის, იმ ქალაქის ან იმ რეგიონის წარმომადგენელი, რომელმაც ის აირჩია პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტარი ვალდებულია, მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც აქვს ამ რეგიონს, ქალაქს... იგი, პარლამენტის დანარჩენ წევრებთან ერთად, ეძებს პრობლემების მოგვარების გზას. საქართველოში პარლამენტი 1918 წლიდან მოქმედებს, თუმცა იგი ასე ერთბაშად, ერთ წელში არ ჩამოყალიბებულა. მას თავისი ისტორია აქვს, რომელიც თამარ მეფის დროს დაიწყო.

პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში

 

პარლამენტის შექმნის ისტორია

მეფე თამარი

თამარ მეფე ხალხს ძალიან უყვარდა და იგი დღესაც ძლიერ მეფედ ითვლება, თუმცა მას ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. ისინი თამარს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ და უფრო მეტიც - უპირისპირდებოდნენ კიდეც. ერთ-ერთმა მათგანმა, ყუთლუ არსლანმა, თამარს შესთავაზა ისეთი დაწესებულების შექმნა, სადაც მის გარდა სხვა ადამიანებსაც ექნებოდათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და კანონების შექმნის უფლება. ეს დაწესებულება უნდა ყოფილიყო ორნაწილიანი:

1. „დარბაზი“ - აქ იქნებოდნენ წევრები, რომლებიც დროდადრო შეიკრიბებოდნენ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებდნენ. შემდეგ კი ამის შესახებ ეტყოდნენ მეფე თამარს. გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებდა მეფე.

2. „კარავი“ - დაწესებულება, რომელიც იმუშავებდა ყოველდღე კანონების შემუშავებისათვის.

ყუთლუ არსლანის ამ შეთავაზებას არ დაეთანხმნენ თამარ მეფე და მისი მომხრეები, რადგან პარლამენტის არსებობის შემთხვევაში, მეფეს აღარ ექნებოდა იმდენი უფლება, რამდენიც მანამდე. ადრე თუ მეფე ყველაფრის შესახებ თვითონ ღებულობდა გადაწყვეტილებებს, ასეთი დაწესებულების შექმნის შემდეგ მისი უფლებები მოიკლებდა. ამიტომ ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, მისი იდეაც აღარ განხორციელდა. თუმცა ეს ამბავი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებისათვის...

დიდი დროის გასვლის შემდეგ, უკვე 1906 წელს, საქართველოს მიეცა უფლება, რუსეთის სათბიროში გაეგზავნა თავისი წარმომადგენელი. რუსეთის სათათბირო პარლამენტის მსგავსი დაწესებულება იყო.

1918 წელს უკვე საქართველოში ჩამოყალიბდა პარლამენტი.

როგორც უკვე გითხარით, პარლამენტში წერენ კანონებს. კანონი კი ბევრი რამის შესახებ იწერება და ამიტომ მათი რიცხვიც დიდია. კანონების ერთობლიობას, ანუ ერთად თავმოყრილ ბევრ კანონს, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს ძირითად წესებს, ეწოდება კონსტიტუცია. საქართველოს პარლამენტმა პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მიიღო. ამ წელსვე საქართველოს სახელმწიფოს მმართველობაში ჩაერია რუსეთი - მან დაიპყრო საქართველო და პარლამენტის მუშაობა დროებით შეჩერდა...

საქართველოში პარლამენტი 69 წელი აღარ არსებულა. 1992 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობა უკვე თვითონ, დამოუკიდებლად მართავდა ქვეყანას, ახალი პარლამენტის არჩევნებიც დაინიშნა და დღემდე პარლამენტი უწყვეტად აგრძელებს მუშაობას.

დღეს საქართველოს პარლამენტი ის დაწესებულებაა, რომელიც ადგენს კანონებს და ამით იგი აწესრიგებს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას.