ბულბული

B

გარეგნობა დათვისებები

Bბულბული არის პატარა, წყნარი, ფრთხილი და გულკეთილი ფრინველი: ბეღურას ჰგავს, თუმცა უფრო წვრილი და ლამაზი ტანისაა. გუგულივით მიუკარებელი არ არის და ადამიანს ადვილად ენდობა თავის საუბედუროდ. ამის გამო ბულბულის დაჭერა ადვილია. ხეზე ჯდომა მაღლა არ იცის; კაცის სიმაღლეზე ზის და ჩამოშვებული აქვს ფრთები, ბოლო კი აწეული აქვს. მიწაზე სწორად დგომა ეხერხება და მარდადაც დახტის.

ბულბული ჭამს სხვადასხვა ჭიაღუას, რომლებსაც მიწაში ქექვით ეძებს და პოულობს. მისი საყვარელი საჭმელი კი ჭიანჭველას კვერცხებია. არც მწიფე მარწყვსა და მაყვალს იწუნებს. წყლის სმა მალ-მალე იცის; ჭამის შემდეგ ყოველთვის წყალს სვამს. როცა თბილა, ყოველდღე წყალში ბანაობს.

ბულბული ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ზაფხულობით მოფრინდება ხოლმე, სხვა დროს თბილ ქვეყნებშია. გაზაფხულზე ბულბული რომ მოვა, თავის ძველ ადგილს მოძებნის და ამ ადგილს სხვას არასოდეს არ დაუთმობს. მაგრამ ერთი წლის ბულბულები ბევრ წვალებას გამოივლიან ხოლმე: მოუსვენრად ეძებენ მოხერხებულ ადგილს საცხოვრებლად და ბუდის გასაკეთებლად. ბუდის გაკეთება ბულბულს წყლის ახლოს უყვარს, ხშირ ბუჩქებში, უფრო კი _ კუნელის ბუჩქებში. მაისის დასაწყისში დედალი ბულბული დებს ოთხ ან ხუთ კვერცხს; მამალი ბულბული ეხმარება შვილების გამოჩეკასა და გაზრდაში. სამი კვირის შემდეგ ბარტყები ფრენას შეძლებენ ხოლმე და ამის შემდეგ დედ-მამა ცდილობს, თავის პატარა ბარტყებს გალობა კარგად ასწავლოს. კარგი საყურებელია, როცა ბუჩქზე ან ხეზე დედალ-მამალი ბულბული შვილებს გალობას ასწავლის.

 

ბულბულისშეუდარებელიგალობა

ბულბულის გალობა ყველა სხვა ფრინველის გალობას სჯობს. ასაკოვანი მამალი ბულბულები უფრო კარგად გალობენ, ვიდრე ახალგაზრდები. მაგრამ ბულბული, რაც არ უნდა ცუდად გალობდეს, სხვა ფრინველებს გალობაში მაინც ბევრად სჯობს. ეს ყველა ფრინველმა კარგად იცის და ზოგიერთს სურს, მიბაძოს ბულბულს და ისეთივე გალობა ისწავლოს, მაგრამ ტყუილად წვალობენ ხოლმე: ბულბულისებური გალობა მხოლოდ ბულბულს შეუძლია.

 

ბულბულს გალობა უფრო დილას და საღამოს უყვარს. მამალი ბულბული ზოგჯერ ღამეც გალობს და ბუდეში მჯდომ დედალს მშვენიერი ხმით აწონებს თავს. ძალიან კარგი მოსასმენია ბულბულის გალობა წყნარსა და ნათელ ღამეს. მაღლიდან სავსე მთვარე ბუჩქებსა და ხეებს ზემოდან ანათებს, ფრინველებს სძინავთ, გარშემო ყველა ცხოველი ჩუმადაა და ამ დროს ბულბული ნაზი ხმით ათასნაირად უსტვენს და სიჩუმეს არღვევს.

ბულბულები უფრო აქტიურად გაზაფხულზე გალობენ: მაისში, როცა ახალი მოფრენილები არიან თავიანთ სახლებში. ყველა ბულბულს საყვარელ სამშობლოში მოსვლა უხარია და თავის სიხარულსა და კმაყოფილებას გალობით გამოხატავს, მაგრამ ამ გალობას სხვა მიზეზიც აქვს: თბილი ქვეყნებიდან ჯერ მამალი ბულბულები მოვლენ ხოლმე და მერე _ დედლები. ყველა მამალი ბულბული განუწყვეტლივ გალობს, რომ დედალმა მოსვლის შემდეგ ხმაზე იცნოს, იპოვოს და სხვა მამალს არ დაუმეგობრდეს...

რადგანაც ბულბულების გალობა ადამიანისათვის ძალიან სასიამოვნოა, ამიტომ ამ ფრინველს ბევრგან იჭერენ და გალიაში ჰყავთ. მაგრამ ეს ჩვეულება მოსაწონი არ არის: ბულბულები ფრთხებიან და ასეთ ადგილებს აღარ ეკარებიან. ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი უგუნური ხალხია, რომ ამ მშვენიერ, პატარა ფრინველებს შესაჭმელად ხოცავს. თუ ბულბულები სახლების ახლოს, ხეებზე სხდებიან, მაშინ მათი პირველი მეტრი კატაა. როცა ხეზე ბულბულები გალობენ, თვალები დახუჭული აქვთ, ამიტომ ეშმაკი კატა ადვილად ეპარება და იჭერს. ბულბულს ბუც ემტერება. პატარა ბიჭებიც ბუდეს მოუშლიან ხოლმე. აგვისტოს ბოლოს ბულბული თავისი ბარტყებით თბილ ქვეყანაში მიფრინავს.

ბულბული სასარგებლო ფრინველია, რადგანაც მარცვლეულის ჭამა მას არ შეუძლია, ის იკვებება მხოლოდ წვრილი მატლებით, ჭიებით და მათი კვერცხებით, რითაც ხელს უწყობს მოსავალს.

ასეთივე სასარგებლოები არიან სხვა მგალობელი ფრინველებიც, მაგალითად: შაშვი, ტოროლა, ჭინჭრაქა, ნიბლია და სხვა.