აცტეკები
აცტეკები მომთაბარე ტომები იყვნენ. ისინი ჩრდილოეთიდან დაიძრნენ და მე-12 საუკუნეში ამერიკის კონტინენტის სამხრეთს მოადგნენ. აცტეკები დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ. აცტეკებს თან ჰქონდათ თავიანთი ღმერთის უიცილოპოჩტლის ქანდაკება. ლეგენდის თანახმად, ამ ღმერთმა უბრძანა აცტეკებს, რომ ისინი იქ დასახლებულიყვნენ, სადაც კაქტუსზე მჯდარ არწივს დაინახავდნენ. ლეგენდის თანახმად, ამ არწივს კლანჭებში გველი ეყოლებოდა. აცტეკებმა ასეთი არწივი მექსიკის ტერიტორიაზე დაინახეს. აცტეკები აქ დასახლდნენ. აცტეკებმა ქალაქი ტენოჩტიტლანი ააშენეს. ტენოჩტიტლანი მალე მათი დედაქალაქი გახდა. ამ ადგილზე დღეს მექსიკის დედაქალაქი მეხიკოა. აცტეკები კი დროთა განმავლობაში ძალიან განვითარდნენ. მათ საინტერესო ისტორია აქვთ მექსიკის მიწაზე.
აცტეკებისათვის რელიგია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ სწამდათ, რომ უიცილოპოჩტლი ძალიან ძლიერი ღმერთი იყო. ის აცტეკებს ძალას და ბედნიერებას ჩუქნიდა. აცტეკები უიცილოპოჩტლს მსხვერპლს სწირავდნენ. დროთა განმავლობაში აცტეკებს ბევრი ღმერთი გაუჩნდათ. მათ ჰყავდათ მიწის, მთვარისა და მზის ღმერთები. აცტეკები ღმერთებს მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ. მსხვერპლის შეწირვა საშინელი სანახავი იყო. ქურუმები მსხვერპლს გულს აჭრიდნენ. ისინი ხანდახან მსხვერპლის გულს ჭამდნენ კიდეც. ქურუმებს სჯეროდათ, რომ ასე ისინი ძლიერდებოდნენ. აცტეკები ფიქრობდნენ, რომ მსხვერპლი სიკვდილის შემდეგ ღმერთთან ახლოს ცხოვრებას აგრძელებდა.
ღმერთების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აცტეკებმა მსხვერპლის შეწირვის რაოდენობაც გაზარდეს. მსხვერპლი აცტეკებს ბრძოლის შემდეგ მიჰყავდათ. მსხვერპლი მათი ტყვეები იყვნენ.
მსხვერპლის შეწირვა დიდხანს გრძელდებოდა. მოგვიანებით აცტეკები ესპანელებმა დაიპყრეს. ესპანელები გააოგნა საშინელმა სანახაობამ. მათ დაიწყეს აცტეკების ტაძრების დანგრევა. აცტეკების ტაძრების ადგილზე ისინი კათოლიკურ ეკლესიებს აშენებდნენ. ასე ნელ-ნელა გაქრა აცტეკების მსხვერპლშეწირვა .
აცტეკების საზოგადოება სამ ნაწილად იყოფოდა: დიდებულები, ქურუმები და გლეხები. აცტეკებს ჰყავდათ მონებიც. მონებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ. დიდებულები და ქურუმები არ მუშაობდნენ. ძირითად საქმეს გლეხები აკეთებდნენ. ისინი ხნავდნენ, თესავდნენ, ვაჭრობდნენ. მონები აშენებდნენ ტაძრებსა და სასახლეებს, აკეთებდნენ ძვირფას სამკაულებსა და ნივთებს.
აცტეკებს ძალიან უყვარდათ ორატორული საუბარი. დიდებულები ორატორულ საუბარს თავიანთ შვილებს ასწავლიდნენ. გლეხები კი სავაჭრო მოედნებზე საუბრობდნენ. აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანში ორი დიდი სავაჭრო მოედანი იყო. მოედნები წესრიგითა და სისუფთავით გამოირჩეოდა. აცტეკებს ფული არ ჰქონდათ. ისინი საქონელს ცვლიდნენ, ხურდის ნაცვლად კაკაოს მარცვლებს იყენებდნენ.
დედაქალაქში უამრავი ბაღი იყო. ბაღები სავსე იყო ხეხილით და ულამაზესი ყვავილებით. ბაღებში ბევრი ცივი წყარო და ჩანჩქერიც იყო. იქაურობა სისუფთავით ბრწყინავდა.
აცტეკები ძირითადად მცენარეული საკვებით იკვებებოდნენ. ისინი მესაქონლეობას არ მისდევდნენ. დიდებულები ხანდახან ხორცსაც მიირთმევდნენ. გლეხები მხოლოდ დღესასწაულებზე ჭამდნენ ინდაურის ხორცს. მონადირეები კი ნადირობდნენ კურდღელზე, ხოხობსა და ტახზე. აცტეკების ძირითადი საკვები პროდუქტები იყო: სიმინდი, პომიდორი, კარტოფილი, ინდაური და ცხარე წიწაკა.
აცტეკებს ძალიან უყვარდათ პოეზია და მუსიკა. ისინი დიდ პატივს სცემდნენ პოეტებს. პოეტების ლექსებზე აცტეკები დღესასწაულებზე მღეროდნენ. აცტეკები მღეროდნენ ომების დროსაც. აცტეკები თიხაზეც მუშაობდნენ. მათ იცოდნენ ხატვა. ისინი ულამაზეს სამკაულებს აკეთებდნენ. ეს სამკაულები ახლაც ხელოვნების ნიმუშებია.
აცტეკების ცივილიზაცია ჩვენთვის არ არის კარგად ცნობილი. აცტეკები მიცვალებულებს წვავდნენ, სხვა ხალხების მსგავსად, მიწაში არ მარხავდნენ. ამის გამო ძალიან ბევრი ნივთი განადგურდა. ამიტომაცაა, რომ აცტეკების კულტურის შესახებ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი.
1519 წელს ესპანელმა დამპყრობლებმა აცტეკები დაიპყრეს. ამ დროიდან აცტეკების კულტურის ნგრევა დაიწყო. ესპანელებმა პირველ რიგში აცტეკების ტაძრები დაანგრიეს და მსხვერპლშეწირვა აკრძალეს, მოგვიანებით კი მათი ტრადიციებიც შეცვალეს. დღეს მექსიკაში ისევ ცხოვრობენ აცტეკები, ისინი სწორედ იმ აცტეკების შთამომავლები არიან, რომლებიც ესპანელებმა დაიპყრეს.