ფეხბურთი
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახეობაა. ფეხბურთს 265 მილიონი ადამიანი თამაშობს მსოფლიოში. ფეხბურთის მატჩებს მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალს. მაგალითად, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის 3,6 მილიარდმა ადამიანმა იხილა
ფეხბურთის შესახებ
ფეხბურთს ორი გუნდი თამაშობს. ორი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. თითოეულ გუნდში თერთმეტი მოთამაშეა. თამაშის მიზანია, გუნდმა რაც შეიძლება მეტი ბურთი გაიტანოს მოწინაღმდეგე გუნდის კარში. კარში ბურთის გატანას გოლი ეწოდება. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც გოლების მეტ რაოდენობას დააგროვებს.
ფეხბურთის ისტორია
ფეხბურთის თამაში ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს. არსებობს განსხვავებული შეხედულებები ფეხბურთის გამოგონებასთან დაკავშირებით. ზოგს მიაჩნია, რომ ფეხბურთის მსგავსი თამაშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლის წინათ რომაელებს, ეგვიპტელებს, ბერძნებს, ჩინელებს ჰქონდათ. 2011 წელს აღმოაჩინეს მონღოლეთშიც ფეხბურთის თამაშს მიმსგავსებული უძველესი პაექრობის ნაშთები.
ძველ რომსა და საბერძნეთში ფეხბურთის მსგავს თამაშს უძველესი დროიდან თამაშობდნენ, თუმცა, წესების მიხედვით, ეს თამაშები თანამედროვე რაგბისთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე ფეხბურთთან. თანამედროვე ფეხბურთთან ყველაზე ახლოს ძველი ჩინური თამაში „ცუ-ჩუ“ დგას. მის შესახებ ცნობები გვხვდება ცინის დინასტიის დროს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 225-206 წლებში). ეს იყო თამაში, რომელშიც ჯარისკაცები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ტყავის ბურთის კარებში გატანაში. მთავარი განსხვავება „ცუ ჩუსა“ და ფეხბურთს შორის არის „კარის“ სიმაღლე, რომელიც მიწიდან 9 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული.
ფეხბურთის აღმავლობა
ფეხბურთმა აღმავლობა ევროპაში მეცხრე საუკუნიდან დაიწყო. ინგლისში ფეხბურთისთვის ადამიანები სხვადასხვა მეთოდით დამზადებულ ბურთს იყენებდნენ. ერთი პერიოდი ინგლისში ეს თამაში აკრძალეს კიდეც.
ფეხბურთის კოდიფიკაცია ბრიტანეთის საჯარო სკოლებში მე-16 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მაშინდელი „ფეხბურთი“ მხოლოდ იმით განსხვავდებოდა თანამედროვისგან, რომ თამაშის დროს ხელებსაც გამოიყენებდნენ.
ფეხბურთის წესები და რეგულაციები დაიხვეწა მე-18 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში. ამ პერიოდისთვის საფეხბურთო გუნდები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ამ დროისათვის ხელების გამოყენება კვლავ დაშვებული იყო, მხოლოდ ბურთის უკან გადასაწოდებლად.
საბოლოოდ, 1863 წელს ინგლისში შეიქმნა ფეხბურთის ასოციაცია, რომელმაც დაადგინა ფეხბურთის საერთო წესები მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, ამ წესების დამტკიცების შემდეგ პირველი ოფიციალური საფეხბურთო თამაში ლონდონში ჩატარდა.
ფეხბურთის ასოციაციის შექმნის შემდეგ, ფეხბურთი აღმავლობას იწყებს ინგლისში. 1875 წელს დაარსდა საფეხბურთო ასოციაციის თასი, ხოლო 1888 წელს - საფეხბურთო ლიგა. ამ ტურნირებში გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საფეხბურთო კლუბები, ინგლისის გარდა, მალევე დაარსდა დანიაში, ბელგიასა და შვეიცარიაში. ამ ქვეყნებში შეიქმნა ფეხბურთის ასოციაციები.
სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციებმა შექმნეს ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) - 1904 წელს. 1930 წელს ფიფას პირველი მსოფლიო თასის გათამაშება შედგა ურუგვაიში.
ფეხბურთის თანამედროვე წესები
ფეხბურთს თავისი წესები აქვს. ამ წესებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია, იგივე ფიფა, ადგენს. ფეხბურთის ძირითადი წესები უცვლელი რჩება. მაგალითად, ფეხბურთს ორი ტაიმი აქვს. თითო ტაიმი 45 წუთი გრძელდება. ფეხბურთის მთელი მატჩი 90 წუთს გასტანს.
ძირითადი წესების გარდა, ფეხბურთს უამრავი წესი აქვს, რომლებიც ხშირად იცვლება. მაგალითად, თუ მატჩში, რომელშიც აუცილებლად გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, ძირითადი დრო ანუ 90 წუთი ფრედ დამთავრდება, მოგებულის გამოსავლენად ინიშნება დამატებითი დრო. დამატებით დროში გამარჯვებულის გამოსავლენად წესები კი დროთა განმავლობაში იცვლება. რამდენიმე წლის წინ შემოვიდა „ოქროს ბურთის“ წესი, რაც გულისხმობდა, რომ დამატებით დროში გოლის გატანის შემთხვევაში რომელიმე გუნდის მიერ თამაში ავტომატურად წყდებოდა და გამარჯვებულად გოლის გამტანი გუნდი ცხადდებოდა. ეს წესი მალევე შეიცვალა და დღესდღეობით გუნდები 30 წუთს ბოლომდე თამაშობენ და გატანილი გოლით არ წყდება თამაში.
ფეხბურთის ძირითადი წესის კარგი მაგალითია აგრეთვე წესი, რომ ფეხბურთელებს თამაში მხოლოდ ფეხების საშუალებით შეუძლიათ. მათ ბურთთან ხელით ან მკლავით შეხება ეკრძალებათ. თუმცა, თავით ბურთის მოგერიება ან გადაგდება ნებადართულია. ბურთზე ხელით შეხება გუნდის მხოლოდ ერთ წევრს, მეკარეს შეუძლია. ის კარში დგას და ბურთებს იგერიებს. მიუხედავად ამ ძირითადი წესისა, გარკვეული დეტალები ამ წესში შეიცვალა. მაგალითად მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, თუ ბურთი საკუთარი გუნდის წევრმა მიაწოდა. ეს წესი ადრე არ მოქმედებდა.
საინტერესო ფაქტები ფეხბურთის შესახებ
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ფეხბურთში 1930 წელს ურუგვაიში, სამხრეთ ამერიკის კონტინენეტზე. ამ ჩემპიონატში 13 გუნდი მონაწილეობდა. ევროპული გუნდები 3 კვირა მოგზაურობდნენ გემით, რომ ურუგვაიში ჩაეღწიათ.
ფინალურ მატჩში ურუგვაიმ დაამარცხა არგენტინა 4:2. ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთ თამაშს მხოლოდ 300 მაყურებელი დაესწრო. ეს ციფრი რეკორდულია მსოფლიო ჩემპიონატის დამსწრე მაყურებელთა რაოდენობის სიმცირის თვალსაზრისით.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, გამორჩეული იყო მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი 1950 წელს, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა. მხოლოდ 1930 წლისა და 1950 წლის ფინალებში არ მონაწილეობდნენ ევროპული გუნდები. 1950 წლის ჩემპიონატი ფინალურ მატჩს კი ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში. მარაკანას სტადიონზე რიო დე ჟანეიროში 119 850 მაყურებელი მოვიდა მატჩზე. ეს მატჩი ბრაზილიის ნაკრებმა 1:2 წააგო ურუგვაის ნაკრებთან და მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები გახდა. ეს მარცხი უდიდესი ტრაგედია იყო სტადიონზე მოსული გულშემატკივრისათვის
ყველაზე დიდი ანგარიში ფეხბურთში
წარმოუდგენელია, მაგრამ ერთ-ერთმა საფეხბურთო გუნდმა 149 გოლი გაუშვა საკუთარ კარში. ეს მოხდა 2002 წელს მადაგასკარზე. ეს იყო პროტესტის ფორმა. პროტესტი გამოიწვია ამ გუნდების პირველმა თამაშმა. ამ თამაშში 2:2 ანგარიშზე მსაჯმა პენალტი დანიშნა, რამაც გუნდს წააგებინა. იმის გამო, რომ პენალტი დაინიშნა და ტიტული დაკარგეს, პროტესტის ნიშნად მომდევნო თამაშზე მოთამაშეებმა გამიზნულად 149 გოლი გაიტანეს თავიანთ კარში. ამ პროტესტის გამო მწვრთელი და რამდენიმე მოთამაშე გაათავისუფლეს გუნდიდან. ამ ანგარიშის დაფიქსირებით მოიხსნა მანამდე არსებული ყველაზე დიდი ანგარიშის რეკორდი. მანამდე ყველაზე დიდი ანგარიში 36:0 დაფიქსირდა 1885 წელს.
სპეციალურად გატანილი გოლი საკუთარ კარში
ეს ფაქტი 1994 წელს მოხდა, როცა ბარბადოსის ნაკრები ეთამაშებოდა გრენადას ნაკრებს კარიბის თასზე. ბარბადოსს სჭირდებოდა 2 გოლით მოგება, იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადასულიყო. ბარბადოსი 2-0-ს იგებდა მთელი თამაშის განმავლობაში, თუმცა 71-ე წუთზე გრენადამ გოლი გაიტანა. ანგარიში 2-1 გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბარბადოსი გამოეთიშებოდა ტურნირს. ბარბადოსმა გამოსავალი მოძებნა და გადაწყვიტა, წასულიყო ოვერტაიმზე. ოვერტაიმში ოქროს გოლის წესი იმოქმედებდა (ვინც პირველი გაიტანს ის იგებს). ხოლო ოქროს გოლი ორ ჩვეულებრივ გოლს უდრიდა. გრენადის გუნდი მიხვდა ბარბადოსის ჩანაფიქრს. მოედანზე სასაცილო სიტუაცია შეიქმნა. ბარბადოსი ცდილობდა საკუთარ კარში გაეტანა გოლი და დაეცვა გრენადის გოლიც. საბოლოოდ ბარბადოსმა გაიტანა ოქროს ბურთი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
ფეხბურთთან დაკავშირებული ტრაგიკული ისტორიები
1998 წლის ოქტომბერში კონგოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მეხმა 11-კაციანი საფეხბურთო გუნდის წევრები დახოცა. მოწინააღმდეგე გუნდის წევრები უვნებლად გადარჩნენ. სხვა 30 ადამიანს დამწვრობითი დაზიანებები ჰქონდათ.ზოგის აზრით, გუნდი დაწყევლილი იყო.
ფეხბურთს სხვა ტრაგიკული ისტორიებიც უკავშირდება. მათ შორის, ავიაკატასტროფები, რომლის შედეგადაც მთელი საფეხბურთო გუნდი ტრაგიკულად დაიღუპა.
დასკვნა
სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. ყველა სპორტს უამრავი მაყურებელი და მოყვარული ჰყავს, მაგრამ დღესდღეობით ფეხბურთი რჩება ნომერ პირველ სპორტად მსოფლიოში. მას ყველაზე მეტი ადამიანი თამაშობს. მას ყველაზე მეტი მაყურებელი უყურებს. ფეხბურთთან დაკავშირებით ყველაზე მეტი საინტერესო ფაქტი და ისტორია არსებობს.