წარმატების საიდუმლო


 

ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს, მიაღწიოს წარმატებას. წარმატება მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. წარმატების მიღწევა არც ისე იოლია და არც ისე ძნელი. რა არის წარმატების საიდუმლო? როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას? ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ ცნობილი ადამიანების წარმატების ისტორიებს და მიიღებთ ამ კითხვებზე პასუხს.

 

სტივ ჯობსი

ვინ იყო სტივ ჯობსი?

სტივ ჯობსი კომპანია “ეფლის” დამფუძნებელი იყო. “ეფლი” აწარმოებს მსოფლიოში სახელგანთქმულ კომპიუტერულ ტექნიკას. კომპანია “ეფლმა” სტივ ჯობსი მილიარდელად აქცია.

 

სტივ ჯობსის ბავშვობა

სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს სან-ფრანცისკოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. სტივ ჯობსის დედამ გადაწყვიტა, შვილი დაბადებისთანავე გაეშვილებინა,რადგან ახალგაზრდა გაუთხოვარი სტუდენტი იყო. სტივ ჯობსის მომავალი მშობლები უმაღლესდამთავრებული იურისტი და მისი მეუღლე უნდა ყოფილიყვნენ. სტივის ბიოლოგიურ დედას ძალიან უნდოდა თავისი შვილი უმაღლესდამთავრებულებს აეყვანათ. თუმცა, იურიტს და მის მეუღლეს გოგონას შვილად აყვანა სურდათ და ბიჭი არ იშვილეს. სტივს ახალი მშობლები გამოუჩდნენ. ახალ დედას უმაღლესი საერთოდ არ ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ახალ მამას სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. ბიოლოგიურმა დედამ ახალ მშობლებს პირობა დაადებინა, რომ სტივს აუცილებლად ჩააბარებინებდნენ კოლეჯში და უმაღლეს განათლებას მიაღებინებდნენ.

 

„რიდს კოლეჯი“

სტივი 17 წლის გახდა. მან „რიდს კოლეჯში“ ჩააბარა, თუმცა, იქ სწავლა ძალიან ძვირი იყო. მშობლებს სახსრები არ ჰქონდათ. ამიტომ 6 თვის შემდეგ სტივმა სწავლას თავი დაანება. მიუხედავად ამისა, სტივი ხშირად ესწრებოდა იმ ლექციებს, რომლებიც აინტერესებდა.

სტივის ცხოვრება მარტივი არ იყო. წლების შემდეგ სტივ ჯობსი იხსენებდა, რომ სტუდენტობისას მას საკუთარი ოთახიც არ ჰქონია... მას საჭმლის ფულიც არ ჰქონდა, ამიტომ ინდურ ტაძარში მიდიოდა უფასო ვახშმისთვის. მანძილი ინდურ ტაძრამდე 10 კილომეტრი იყო. ამ ათ კილომეტრს სტივ ჯობსი ფეხით ყოველდღე გადიოდა.

 

კურსი კალიგრაფიაში

„რიდს კოლეჯში“ კალიგრაფიის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. სტივ ჯობსი კალიგრაფიის კურსზე დადიოდა და ლამაზად წერას სწავლობდა. სტივ ჯობსმა კალიგრაფიაზე კოლეჯში მიღებული ცოდა 10 წლის შემდეგ გამოიყენა. სტივმა კოლეგებთან ერთად „მაკინტოშის“ პირველი კომპიუტერი შექმნა, რომელშიც ულამაზესი შრიფტები გამოიყენა. დღეს ყველა პერსონალურ კომპიუტერს აქვს დახვეწილი შრიფტი, რაც სტივ ჯობსის დამსახურებაა.

 

დანაკარგი და სიყვარული

სტივ ჯობსმა 20 წლის ასაკში თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად კომპანია „ეფლი“ შექმნა. მათი კომპანია ავტოფარეხში იყო განთავსებული. სტივი და ვოზი თავდაუზოგავად შრომობდნენ.

10 წლის შემდეგ მათ პირველი კომპიუტერი „მაკინტოში“ გამოუშვეს. მათი კომპანია გაიზარდა და 4.000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდათ. სტივმა და ვოზმა დაიქირავეს ადამიანი, რომელიც გაზრდილ კომპანიას უკეთ გაუძღვებოდა. ახალ ხელმძღვანელთან სტივს უთანხმოება მოუვიდა. დირექტორთა საბჭომ, რომელიც კომპანიას მართავდა, სტივს მხარი არ დაუჭირა. სტივი თავისივე შექმნილი კომპანიიდან გააგდეს. 30 წლის ასაკში სტივი უმუშევარი დარჩა.

„ეფლიდან“ გამოგდებულმა სტივმა ორი ახალი კომპანია - „ნექსტი“ და „პიქსარი“ დააარსა. პიქსარი ანიმაციური სტუდიაა. ამ სტუდიამ მსოფლიოში პირველმა შექმნა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. „ეფლმა“ „ნექსტი“ შეიძინა და სტივი კვლავ „ეფლში“ დაბრუნდა.

ამ დროს სტივ ჯობსს მომავალი მეუღლე - ლორენსი შეუყვარდა. მან ლორენსი ცოლად შეირთო და არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა.

 

სტივ ჯობსის წარმატების საიდუმლო

სტივ ჯობსმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას თქვა: „ყველა წარმატებულ ადამიანს თავისი საქმე განსაკუთრებულად უყვარს. საქმეში უდიდესი მონდომება უნდა ჩაიდოს, თუ საქმე არ გიყვარს, ამას ვერ გააკეთებ. შესაბამისად, წარმატებასაც ვერ მიაღწევ. საქმის სიყვარული და ძლიერი მონდომება აუცილებელია წარმატებისთვის. ამასთან, თქვენი საქმისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ძლიერი გუნდი. ამიტომ უნდა შეგეძლოთ ადამიანების ცნობა და ღირსეული კადრების აყვანა. საქმის სიყვარული, ძლიერი მონდომება და ძლიერი გუნდი - აი, ჩემი წარმატების საიდუმლო!“

სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის 56 წლის იყო.

 

ბენჯამინ ფრანკლინი

 

ვინ იყო ბენჯამინ ფრანკლინი?

ბენჯამინ ფრანკლინი ამერიკის შეერთებული შტატების გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. ასევე იყო მეცნიერი და გამომცემელი. ბენჯამინი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

ბენჯამინ ფრანკლინს დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ის რევოლუციაში. ფრანკლინმა ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს: აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და აშშ-ის კონსტიტუციას. ამ დოკუმენტების მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ეს მეთვრამეტე საუკუნეში მოხდა.

ბენჯამინ ფრანკლინი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატები შექმნეს. ეს სახელმწიფო დღეს ზესახელმწიფოთა რიცხვშია.

ბენჯამინ ფრანკლინის ცხოვრება დიდი წარმატების მაგალითია. როგორც ბენჯამინს აფასებენ, ის იყო „მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სწავლული მეცნიერი და პოლიტიკოსი“.

ბენჯამინ ფრანკლინის ცხოვრების წესი

ბენჯამინ ფრანკლინმა დიდ წარმატებას თავისი ცხოვრების წესით მიაღწია. ბენჯამინ ფრანკლინმა თავის წიგნში 13 ღირსების შესახებ დაწერა, რომელიც ადამიანს უნდა ახასიათებდეს:

ადამიანი თავშეკავებული უნდა იყოს, არ უნდა ჭამდეს და სვამდეს ბევრს;

დუმილი ღირსებაა. უნდა ილაპარაკო ცოტა და მხოლოდ ისეთ საგნებზე, რასაც სარგებელი მოაქვს.

წესრიგი უნდა გიყვარდეთ, ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა დააბრუნოთ და ყველა საქმისთვის თავისი დრო გქონდეთ გამოყოფილი.

უნდა იყოთ გამბედავი, უნდა შეასრულოთ ის, რაც გასაკეთებელია.

მომჭირნეობა- ფული მხოლოდ სასიკეთო საქმეებისთვის დახარჯეთ და არ გაფლანგოთ.

იყავით ბეჯითი, ყოველთვის აკეთეთ სასარგებლო საქმე. არ გაჩერდეთ უსაქმოდ.

გულწრფელობა- არ იცრუოთ და გქონდეთ წრფელი აზრები.

იყავით სამართლიანი და არავის მიაყენოთ ზიანი.

იყავით ზომიერი, თავი აარიდეთ უკიდურესობებს.

სისუფთავე- სხეული, ტანსაცმელი და სახლი მუდამ სუფთა უნდა გქონდეთ.

ნუ აღელდებით უბრალო რამეზე, იყავით დინჯი.

იყავით ზნეობრივად სუფთა და უცოდველი.

იყავით თავმდაბალი.

თავად ბენჯამინ ფრანკლინი ამ წესების მიხედვით ცხოვრობდა. ბიოგრაფიულ წიგნში ასევე ნაჩვენებია მისი დღის რეჟიმი.

ყოველ დილას ბენჯამინი საკუთარ თავს ეკითხებოდა: „დღეს რომელი კარგი საქმე უნდა გავაკეთო?“. ის დილის 5 საათზე იღვიძებდა, თავს იწესრიგებდა და მუშაობას იწყებდა. საღამოს 6 საათისთვის ბენჯამინი მუშაობას ასრულებდა და სამი საათი საუბრებისთვის ან სხვა საინტერესო საქმეებისთვის ჰქონდა განკუთვნილი. საღამოს ბენჯამინ ფრანკლინი თავის თავს ეკითხებოდა: „რა გავაკეთე კარგი დღევანდელ დღეს?“. ის ღამის ათ საათზე იძინებდა.

 

ბენჯამინ ფრანკლინის რჩევა

როგორ მივაღწიოთ წარმატებას? ბენჯამინ ფრანკლინმა 14 გაკვეთილი მისცა ადამიანებს ამისთვის.

ილაპარაკეთ ცოტა და აკეთეთ ბევრი საქმე.

გააკეთეთ დღეს და არ გადადოთ ხვალისთვის.

ყოველთვის იყავით მზად საქმის გაკეთებისთვის.

მიიღეთ ცვლილებები.

სამყარო სამი ტიპის ადამიანებისგან შედგება: უმოქმედო ადამიანები, მოქმედების უნარის მქონე ადამიანები და მოქმედი ადამიანები. იყავით ის, ვინც მოქმედებს.

არ გაისარჯოთ ტყუილუბრალოდ.

არ შეგეშინდეთ შეცდომების, რადგან ეს გარდაუვალია. იფიქრეთ შეცდომების გამოსწორებაზე.

არ შეწყვიტოთ ზრდა. ებრძოლეთ თქვენს ნაკლს.

იშრომეთ და იღბლიანი იქნებით.

გაიცანით საკუთარი თავი.

არ მოატყუოთ საკუთარი თავი.

იბრძოლეთ და არ დანებდეთ, რადგან ბრძოლას და ენერგიას ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ

იყავით ბრძენი...

ბენჯამინ ფრანკლინის ცხოვრება და მისი რჩევები საუკეთესო მაგალითია იმისთვის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

 

ნიკ ვუიჩიჩი

ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. ამის მაგალითია ნიკ ვუიჩიჩი.

ნიკ ვუიჩიჩი ხელებისა და ფეხების გარეშე დაიბადა. მხოლოდ პატარა კიდური ჰქონდა ტანზე. მშობლებმა ნიკს განათლება მისცეს და სკოლაში დაჰყავდათ. ნიკი ინვალიდის სავარძლით დადიოდა სკოლაში. ნიკს მხოლოდ ორი მეგობარი ჰყავდა: საკუთარი და და ძმა.

ნიკი გაიზარდა. მან უნივერსიტეტში ჩააბარა. ნიკი მიხვდა, რომ ხელებისა და ფეხების გარეშეც შესაძლებელი იყო სრულფასოვნად ეცხოვრა.

ნიკმა სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო. ნიკი სტუდენტებს თავისი ცხოვრების შესახებ უყვებოდა. ნიკი ეუბნებოდა სტუდენტებს, რომ ისინი მშვენიერები იყვნენ, მათ უნდა ჰყვარებოდათ მეგობრები და ოჯახის წევრები და ებრძოლათ მიზნის მიღწევისთვის. ისევე, როგორც ეს თვითონ გააკეთა.

ნიკი მსოფლიოს 44 ქვეყანაში შეხვდა ახალგაზრდა ადამიანებს. მას 2000 შეხვედრა ჰქონდა. ნიკმა წიგნიც დაწერა, რომელიც ახალგაზრდების მოტივაციისა და შთაგონებისთვის არის განკუთვნილი.

 

ასე იქცა ბიჭი ხელებისა და ფეხების გარეშე მსოფლიოში ცნობილ ადამიანად, რომელიც სიყვარულს და იმედს უნერგავს ახალგაზრდებს.

დღეს ნიკი 30 წლის არის და თავის ცოლთან და შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ნიკი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდებთან შეხვედრებს.