დაკარგული ქალაქები


 

ატლანტიდა

ქალაქი ადამიანებით დასახლებული ადგილია. მსოფლიოში ბევრი დაკარგული ქალაქია. ატლანტიდა ბერძნულად ნიშნავს ატლანტების კუნძულს. არავინ იცის, არსებობდა თუ არა სინამდვილეში ასეთი ქალაქი. არსებობს მხოლოდ ლეგენდა მის შესახებ. ატლანტების კუნძული ძალიან დიდი იყო. თან იგი ფლობდა მთელ ლიბიას ეგვიპტემდე და ევროპას - ტირენემდე. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად კუნძული წყალქვეშ ჩაიძირა. ქალაქი განადგურდა. მკვლევრები დღემდე ცდილობენ, აღმოაჩინონ დაკარგული კუნძული.

ლეგენდის თანახმად, ატლანტებს თავიანთი კანონები ჰქონდათ. კანონები ღმერთ პოსეიდონის მიერ იყო დადგენილი. პოსეიდონი ძველი ბერძნებისთვის ზღვის ღმერთი იყო. ატლანტები კანონებს მკაცარად იცავდნენ. კანონები დიდ ქვაზე იყო ამოკვეთილი და პოსეიდონის ტაძარში ინახებოდა. პოსეიდონის ტაძარში სასამართლოც იმართებოდა. სასამართლოს დაწყებამდე ატლანტები პოსეიდონს მსხვერპლს სწირავდნენ. ასევე დებდნენ ფიცს, რომ მკაცრად დაიცავდნენ სამართლიანობის პრინციპებს. სასამართლო მთელი ღამე გრძელდებოდა. მიღებულ გადაწყვეტილებას კი დილით ოქროს დაფაზე წერდნენ. ოქროს დაფას მსხვერპლთან ერთად ტაძარში ტოვებდნენ.

ატლანტების კანონების მიხედვით, იკრძალებოდა მეფეთა შორის ომები. მეფეები გადაწყვეტილებას მარტო არ იღებდა. ისინი გადაწყვეტილებას სწავლულებთან ერთად იღებდნენ.

 

ტროა

ტროა ლეგენდარული ქალაქია. მის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიური გათხრები ჰაინრიხ შლიმანმა ჩაატარა მეცხრამეტე საუკუნეში, თურქეთის ტერიტორიაზე.

ქალაქი ტროა ცნობილი გახდა ტროას ომით. ტროას ომი ლეგენდაა. ბერძნები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. ომის მიზეზი მშვენიერი ქალი - ელენე იყო. იმ დროს ელენე მსოფლიოში ულამაზეს ქალად ითვლებოდა. ის სპარტის მეფის - მენელაოსის ცოლი იყო. თუმცა ელენე ტროელ პარისს შეუყვარდა. ტროელმა პარისმა ელენე მოიტაცა. მენელაოსმა ელენეს დასაბრუნებლად ომი დაიწყო.

 

ამ ლეგენდის შესახებ ბევრი წიგნი არის დაწერილი. გადაღებულია ფილმებიც. მათ შორის ვოლფგანგ პეტერსენის ფილმი „ტროა“. ამ ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს.

ტროას ომში ბერძნებმა გამოიყენეს ხის ცხენი. ცხენი ხისგან იყო გაკეთებული. ის უზარმაზარი იყო. ბერძნებმა მეომრები ხის ცხენში ჩასვეს. ცხენი ტროას შესასვლელთან დატოვეს, თვითონ კი დაიმალნენ. ტროელები გააოცა უზარმაზარმა ხის ცხენმა და ქალაქში შეიტანეს. ღამით ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ და ბერძნები ტროაში შეუშვეს. ტროას ცხენმა ბერძნებს გამარჯვება მოუტანა.

 

პეტრა

პეტრა მდებარეობს იორდანიაში. ის კლდეში გამოკვეთილი ქალაქია. „პეტრა“ კლდეს ნიშნავს. იგი არაბებმა მეორე საუკუნეში ააშენეს. ქალაქში საუკეთესო ქვის ოსტატები ცხოვრობდნენ. ის უძველესი სავაჭრო ცენტრი იყო. პეტრას სავაჭროდ ხშირად სტუმრობდნენ ეგვიპტელები და ბერძნები.

თანამედროვე პეტრა ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. მის სანახავად ათასობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აქ მდებარეობს ულამაზესი ტაძარი ელ-ჰაზნე. „ელ-ჰაზნე“ ფარაონის საგანძურს ნიშნავს. იგი მავზოლეუმიცაა.

სწორედ ელ-ჰაზნეში არის გადაღებული ამერიკული ფილმის „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობის“ ეპიზოდები. ეს ფილმი მესამე ნაწილია იმ სრულმეტრაჟიანი ფილმების სერიალისა, რომელიც ინდიანა ჯონსის შესახებაა გადაღებული. ინდიანა ჯონსის როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს. მოვლენები 1938 წელს ხდება. ფილმის მთავარი გმირები წმინდა სასმისს - გრაალს ეძებენ. გრაალი იყო ის სასმისი, რომლითაც იესო ქრისტემ ღვინო შესვა.

ინდიანა ჯონსის ცნობა თქვენ ადვილად შეგიძლიათ. როგორც წესი, მას ახურავს ქუდი. აცვია ტყავის ქურთუკი. აქვს ჩანთა. ასევე. 10 ფუტი სიგრძის მათრახი და პისტოლეტი.

 

მაჩუ-პიკჩუ

მაჩუ-პიკჩუ მდებარეობს პერუში, სამხრეთ ამერიკაში. ნიშნავს ძველ მთას. ხშირად უწოდებენ „ინკების დაკარგულ ქალაქს“. ის მაღალ მთებზე, 2350 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული და, სავარაუდოდ, მეთხუთმეტე საუკუნეში ააშენეს ინკებმა. ინკები იყვნენ სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ხალხი. ისინი დღევანდელ დღეს აღარ არსებობენ. მეთექვსმეტე საუკუნეში ესპანელებმა დაიპყრეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. თუმცა მათ არ იცოდნენ ამ ქალაქის არსებობის შესახებ. ამ დროს ინკებმა მაჩუ-პიკჩუ დატოვეს.

მეთხუთმეტე საუკუნეში ინკებს ჰყავდათ იმპერატორი პაჩაკუტი. მეცნიერები ამბობენ, რომ მაჩუ-პიკჩუ იმპერატორ პაჩაკუტის საზაფხულო მოსასვენებელი რეზიდენცია იყო. ინკებს დამწერლობა არ ჰქონდათ. არ არსებობს წერილობითი წყარო მაჩუ-პიკჩუს შესახებ. ამიტომ დაზუსტებით არავინ იცის მისი დანიშნულება.

მაჩუ-პიკჩუ ასი წლის წინ აღმოაჩინეს.

დღევანდელ დღეს ის არის ტურისტების საყვარელი ადგილი სამხრეთ ამერიკაში.

2007 წელს მაჩუ-პიკჩუ აღიარეს სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად.

 

პალენკ

პალენკე არის ქალაქი მექსიკაში. მექსიკის ტერიტორიაზე უძველეს დროს ცხოვრობდა ხალხი. მათ მაიას ცივილიზაციას უწოდებენ. პალენკე მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდი ქალაქი იყო. ის იყო მაიას ცივილიზაციის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი.

დღევანდელ დღეს უდიდესი ქალაქისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ნანგრევებს განსაკუთრებით იცავენ.

ქალაქ პალენკეს ნანგრევეები პალენკეს ეროვნული პარკის ცენტრში მდებარეობს.

შემონახულია სასახლის ნანგრევები, მზის ტაძარი, ჯვრის ტაძარი, წარწერების ტაძარი.

მეცნიერები ცდილობენ, შეისწავლონ ეს ქალაქი. მათი აზრით, პალნეკე განადგურდა მეცხრე საუკუნეში. ის გაანადგურა ველური ტომების შემოსევამ.

 

პერსეპოლისი

პერსეპოლისი მდებარეობს ირანში. ის უძველესი ქალაქია. პერსეპოლისი 2500 წლის წინ ააშენეს სპარსელებმა. თანამედროვე ირანს ადრე სპარსეთი ერქვა. სახელი პერსეპოლისი „სპარსთა ქალაქს“ ნიშნავს.

სპარსეთს მრავალი ქვეყანა ჰქონდა დაპყრობილი. ამიტომ სპარსეთის იმპერია ერქვა. ის უზარმაზარი იყო. სპარსეთის იმპერიას ოთხი დედაქალაქი ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთ იყო პერსეპოლისი.

სპარსეთის იმპერია ძალიან მდიდარი იყო. მათ უამრავი ოქრო და ვერცხლი ჰქონდათ. პერსეპოლისის ასაშენებლად დიდი ქონება გამოიყენეს.

330 წელს ალექსანდრე მაკედონელმა პერსეპოლისი აიღო და დაანგრია. ალექსანდრეს ლაშქრობის შემდეგ სპარსეთის იმპერია განადგურდა.

 

პერსეპოლისი, პალენკე, მაჩუ-პიკჩუ, პეტრა და ტროა ძალიან დიდი ხნის წინ ხალხით იყო დასახლებული. ეს ქალაქები მათი სახელმწიფოების ცენტრი იყო. დღეს კი მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი... ამიტომაც ვუწოდებთ მათ დაკარგულ ქალაქებს. დღეს ისინი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილებია. ყოველ წელს ათასობით ტურისტი სტუმრობს მათ. დაკარგული ქალაქების ნანგრევები ამ ქვეყნების კულტურულ სიმდიდრედ არის აღიარებული. ისინი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.