ჰამლეტ გონაშვილი


 

ბიოგრაფია

ჰამლეტ გონაშვილი 1928 წელს საქართველოში, კახეთში დაიბადა. მის სოფელს ანაგა ჰქვია. ანაგა ქალაქ სიღნაღთან ახლოს მდებარეობს. ჰამლეტ გონაშვილის ბავშვობაზე ბევრი არაფერია ცნობილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად. ცხინვალის ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის დროს ტურიზმით დაინტერესდა. ინსტიტუტის

დამთავრების შემდეგ ტურისტულ ბიუროში დაიწყო მუშაობა. იმ საქმეს რაკეთებდა რაც ძალიან მოსწონდა. „საქართველო ძალიან მიყვარს და მასზე ლაპარაკი არასოდეს მომბეზრდებაო“, - ამბობდა გონაშვილი.

ჰამლეტს სწავლა არ შეუწყვეტია. ბიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თეატრალურში ჩააბარა. ერთხელ სცენაზე სიმღერით გამოვიდა. მის გამოსვლას თეატრალური ინსტიტუტის რექტორიც ესწრებოდა. ყველა გაოცებული დარჩა ჰამლეტის სიმღერით. რექტორმა ურჩია სიმღერისათვის სერიოზულად მიეხედა. ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა თეატრალური ინსტიტუტიდან გახდა ხალხისთვის ცნობილი.

1953 წელს გონაშვილი საქართველოს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში მიიღეს და 16 წელი ამ ანსამბლის წევრი იყო. ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სიმღერით როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ.

1969 წელს გონაშვილი ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა და მომდევნო 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. ასრულებდა ქართლ-კახურ, მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს. მღეროდა იმერულ და გურულ კუთხურ სიმრერებსაც.

ჰამლეტ გონაშვილი გვიან დაქორწინდა, 44 წლის ასაკში. მას მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს.

 

ჰამლეტ გონაშვილის სახელის ისტორია

ჰამლეტი ინგლისური სახელია. ეს სახელი მას მამამ დაარქვა. ჰამლეტის მამა - დიმიტრი გონაშვილი სოფელ ანაგის სკოლაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა. მამამისს ძალიან უყვარდა შექსპირი. შვილებსაც მისი ნაწარმოების გმირების სახელები დაარქვა: ბიჭს ჰამლეტი, გოგონას კი -ჯულიეტა. ჰამლეტს თავისი სახელი არ მოსწონდა. თურმე სახელის გადარქმევასაც კი აპირებდა. მაგრამ ისე მალე გახდა ცნობილი მომღერალი, რომ ახალი სახელით გამოჩენა გადაიფიქრა. ერთხელ თურმე კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა გონაშვილს და უსაყვედურა: ასეთ ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს არაქართული სახელი რატომ გქვიაო.

 

ჰამლეტ გონაშვილი გასტროლებზე

როდესაც სხვა ქვეყანაში გასტროლებზე მიდიოდა, თურმე ყოველთვის თან მიჰქონდა ქართული ღვინო. ქართული ღვინო ძალიან უყვარდა. თუმცა ბევრს არ სვამდა. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ორ-სამ ჭიქას თუ დალევდა ხოლმე ხანდახან. გასტროლებზე კი ყოველთვის თან მიჰქონდა. საზღვარზე ღვინის გადატანა არც ისე იოლი იყო, მაგრამ გონაშვილი ამას ყოველთვის ახერხებდა. სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოჰქონდა საინტერესო ნივთები. თურმე სირიიდან ლეღვის ნერგი ჩამოუტანია. ნერგი თავის სოფელში დარგო და გაახარა. როდესაც ლეღვმა ნაყოფი გამოიღო, ყველას გახარებული უყვებოდა ამის შესახებ.

გასტროლებზე გონაშვილის სცენიდან გაშვება არ უნდოდა ხოლმე მსმენელს. განუწყვეტლივ ტაშს უკრავდნენ და სცენიდან არ უშვებდნენ. უნდოდათ, რომ სიმღერა არ შეეწყვიტა. კულისებში ხვდებოდნენ და ყელზე უყურებდნენ, უკვირდათ, ასეთი გასაოცარი ხმა ჩვეულებრივ ადამიანს როგორ აქვსო.

 

ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები

ჰამლეტ გონაშვილი ხალხურ სიმღერებს მღეროდა. ყველა კუთხის სიმღერას დიდი წარმატებით ასრულებდა. მღეროდა აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების სიმღერებსაც. თურმე სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველას რჩევას ეკითხებოდა, ყველას აზრს ითვალისწინებდა. შემდეგ კი თვითონ მღეროდა სრულიად განსხვავებულად, საოცრად და ლამაზად.

გონაშვილთან ერთად დუეტში სიმღერა რთული იყო. მასთან დუეტზე ყველა არ თანხმდებოდა. თვითონაც ერთსა და იმავე სიმღერას ორჯერ ერთნაირად არ მღეროდა. ყოველთვის განსხვავებულად და შთამბეჭდავად ასრულებდა სიმღერას.

ჰამლეტ გონაშვილის ცნობილი სიმღერებია: „ოროველა“, „ურმული“, „წინწყარო“, „ქმნიდაო ღმერთო“, „დაიგვიანეს“ და „გაფრინდი, შავო მერცხალო“.

 

ჰამლეტ გონაშვილის ხმა კინოფილმებში

ჰამლეტ გონაშვილის ხმა რამდენიმე კინოფილმშია გამოყენებული. მათგან ერთ-ერთი ცნობილი ფილმია „ნოსფერატუ - ღამის ფანტომი“. ფილმი ინგლისურენოვანი საშინელებათა ჟანრისაა. ფილმის რეჟისორია ვერნერ ჰერცოგი. ერთ-ერთ ეპიზოდში ვამპირი ქალს შესაჭმელად მისდევს. როდესაც დაეწევა და უნდა დაიჭიროს, უცებ საიდანღაც ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა ისმის. ვამპირი კრთება, ჩერდება და კბილები უპატარავდება. ვამპირი სიმღერის ხმაზე ადამიანად გადაიქცევა. თუმცა ფილმის შესახებ ინფორმაციაში ჰამლეტ გონაშვილის გვარი არსადაა მითითებული.

 

მეორე ფილმი იაპონური ანიმაციური ჟანრისაა. ფილმში სამყაროს აღსასრულზეა მოთხრობილი. როდესაც ყველაფერი ინგრევა და სამყაროს უნდა გაქრეს, საიდანღაც ისევ ჰამლეტ გონაშვილის ხმა ისმის და ხდება საოცრება: მიწიდან ამოდის სიცოცხლის ხე. ამერიკულ ფილმში „ბარაკა“, რომლის რეჟისორია რონ ფრიკე, ისმის ჰამლეტ გონაშვილის ქართული სიმღერა. „ბარაკა“ დოკუმეტური ჟანრის ფილმია, რომელიც 1992 წელს გადაიღეს.

 

საინტერესო ამბები ჰამლეტ გონაშვილზე

თურმე ერთხელ ჰამლეტ გონაშვილი გემით მგზავრობდა. ერთ დღეს გემბანზე სასეირნოდ გამოვიდა. გემბანზე თოლიები დაფრინავდნენ და საჭმლის ნარჩენებს ეძებდნენ. გონაშვილს ძალიან გაუხარდა ფრინველების დანახვა. პურის ნაჭერი აიღო და პატარა ნამცეცებად დაანაწილა. ნამცეცები ხელის გულზე დაიყარა და თოლიებს აჭამა. გემბანზე ყველა გაოცებული უყურებდა. ჯერ არავის ენახა, კაცის ხელიდან თოლიას საჭმელი ეჭამა.

თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. თავმდაბალი ადამიანი იყო. როდესაც ვინმე მის ქებას დაიწყებდა, ცდილობდა იქაურობას გასცლოდა. სიმღერის ჩაწერიდან როცა ბრუნდებოდა, მეუღლე ჰკითხავდა, ჩაწერამ როგორ ჩაიარაო. ჰამლეტი ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა; „ისე რა, ხვალ კიდევ უნდ მოვისმინო და კიდევ ერთხელ ჩავწეროთო“. ამ დროს უკვე საუკეთესო ჩანაწერი იყო გაკეთებული და განმეორება აღარ სჭირდებოდა.

 

ბოლოსიტყვაობა

ჰამლეტ გონაშვილი 1985 წლის ივლისში კახეთში გასტროლებზე წავიდა. კონცერტის შემდეგ თავის სოფელში დარჩა ნათესავებთან. ნათესავმა სთხოვა, ერთი ხის ტოტი ეზოს ცუდად მიჩრდილავს და იქნებ მომიჭრაო. ჰამლეტი ხეზე ავიდა. ხიდან ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. ხიდან ჩამოვარდნილი ჰამლეტი გარდაიცვალა. ის თბილისში, საბურთალოს სასაფაოზე დაკრძალეს. შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

ჰამლეტ გონაშვილს დღემდე ლეგენდარულ მომღელად მიიჩნევენ.