ოპერა
შესავალი
მოდით, ცოტა ოპერაზე ვისაუბროთ. გიყვართ მუსიკა? ოპერა ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის ნაერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერაში მომღერლები, იგივე ვოკალისტები, როლებს ასრულებენ. ისინი ამ როლებს მღერიან. მუსიკალურ ფონს კი სიმფონიური ორკესტრი ასრულებს. აქ ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთად, შეწყობილად უკრავს. ორკესტს დირიჟორი მართავს. ამიტომაა, რომ ორკესტრის ყველა მუსიკოსი ასე შეწყობილად უკრავს თავის ინსტრუმენტზე. ყველა ინსტრუმენტმა თავისი პარტია იცის. თუმცა, ოპერა მარტო მუსიკა არ არის. ოპერა თეატრიცაა. ოპერაში ხომ რაღაც ამბავია მოთხრობილი. ყველა ოპერა საინტერესო ამბავს გვიყვება. მომღერლები არა მარტო მღერიან, ისინი მოძრაობენ, განიცდიან, ცეკვავენ. კიდევ ოპერა მხატვრობაცაა. არ გაგიკვირდეთ! ოპერაში მსახიობებს სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ. ეს ტანსაცმელი იმ ამბის გაგებაში გვეხმარება, რომელსაც ოპერა გვიყვება. თანაც, ოპერაში ლამაზი დეკორაციებია გაკეთებული. დეკორაციები იმას ნიშნავს, რომ სცენაზე, სადაც ოპერა სრულდება, ის ნივთები, საგნები, ფერები და მასალებია გამოყენებული, რომლებიც მოთხრობილი ამბავის დროში გაბრუნებთ. ამ ტანსაცმელს და დეკორაციებს მხატვარი ან მხატვრები ხატავენ.
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ოპერა პოეზიაცაა. ოპერის მსახიობები სიმღერებს ლექსებით მღერიან. ლექსები კი იმ ამბის ნაწილს გვიყვება, რომელიც მსახიობს ეხება. გამოდის, რომ სიტყვებით, მსახიობების სიმღერით და მოძრაობით, ორკესტრის ფონით, ტანსაცმლით და დეკორაციებით იქმნება ოპერა.
ხომ არ დაიბენი? მოდით, ცოტა უფრო მეტი გავიგოთ ოპერის შესახებ.
ოპერის ისტორია
ალბათ გახსოვს, რომ პირველი თეატრი ძალიან ბევრი საუკუნეების წინ საბერძნეთში დაიდგა. ოპერა ბევრად „ახალგაზრდაა“. პირველი საოპერო სპექტაკლი იტალიის ქალაქ ვენეციაში დაიდგა. ეს XVI საუკუნის ბოლოს იყო. უფრო ადრე კი, 1597 წელს უკვე პირველი დიდი ოპერა „ევრიდიკე“ შეიქმნა. ეს ოპერა ბერძნული მითოლოგიიდან ერთ-ერთ ამბავს გვიყვებოდა. ოპერა მაყურებელს ძალიან მოეწონა. ოპერა მალე გახდა პოპულარული. გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში კომპოზიტორები ახალ-ახალ ოპერებს ქმნიდნენ. შეიცვალა ოპერის შინაარსიც. გაჩნდა ისტორიული, საგმირო, სასიყვარული, სახალისო, სასაცილო, სევდიანი და ტრაგიკული ოპერები. თავიდან ოპერაში მსახიობები მხოლოდ მღეროდნენ მუსიკის ფონზე. თანდათან ოპერას მოძრაობაც დაემატა. შემდეგ დეკორაციები და საბოლოოდ ისეთი გახდა, როგორსაც ახლა ჩვენ საოპერო თეატრებში ვუყურებთ.
მიუხედავად იმისა, რომ საოპერო ჟანრში ძალიან ბევრი ნიჭიერი კომპოზიტორი მუშაობდა, ზოგი მაინც განსაკუთრებულია. მოდით, რამდენიმე მათგანი გავიცნოთ:
გამოჩენილი კომპოზიტორები
ჯოაკინო როსინი ცნობილი იტალიელი კომპოზიტორია. მისი ოპერები ახლაც გვაოცებენ ენერგიით, იუმორით, სევდით, ულამაზესი ფრაზებით და საინტერესო შინაარსით. როსინის ყველაზე ცნობილი ოპერაა „სევილიელი დალაქი“. კომპოზიტორმა ის 1816 წელს დაწერა. არ დაიჯერებთ, რომ ეს საოცარი ოპერა როსინიმ 20 დღეში დაწერა. „სევილიელი დალაქი“ ლაღი, იუმორით სავსე მუსიკის ნამდვილი ნიმუშია. ის ყველას ერთნაირად მოსწონს - დიდსაც და პატარასაც.
მეორე დიდი იტალიელი ოპერის კომპოზიტორია ჯუზეპე ვერდი. მისი ოპერები როსინის ოპერებისგან ძალიან განსხვავებულია. ვერდის ოპერებში ისტორიული, სასიყვარული ისტორიებია გადმოცემული. თუ მისი ოპერების მოსმენას გადაწყვეტ, დიდი სიამოვნება გელის წინ. „აიდა“, „ტრავიატა“, „ოტელო“, „ნაბუქო“ - ძალიან მოკლე სიაა იმ საოცარი ოპერებისა, რომლებიც ამ კომპოზიტორმა დაწერა. ვერდის მუსიკა ისეთი ჯადოსნურია, რომ ერთხელ თუ მოუსმინე, მერე არაფერში აგერევა, მისი მოსმენა კი კიდევ და კიდევ მოგინდება.
ვოლფგანგ ამადეო მოცარტი ავსტრიელი კომპოზიტორია. ის არა მხოლოდ ოპერაში, არამედ ყველა დანარჩენ მუსიკალურ ჟანრშიც გამორჩეულია. მოცარტი 41 სიმფონიის, 50 საფორტეპიანო სონატის და სხვა უამრავი ნაწარმოების ავტორია. თუმცა, მისი ოპერები მაინც განსაკუთრებულია. მოცარტმა ოპერის ახალი მიმართულება „დიდი ოპერა“ შექმნა და გააძლიერა.
როგორ მუსიკას არ მოისმენთ მოცარტის ოპერებში!
„დონ-ჟუანი“ ძალიან დრამატული და ემოციურია, „ჯადოსნური ფლეიტა“ – ლამაზი ზღაპარია ღამის დედოფლითა და ჯადოსნური ნივთებით. „ფიგაროს ქორწინება“ ძალიან მხიარული და სასაცილო ამბავს მოგვითხრობს. ოპერის შინაარსის ცოდნა არ არის საჭირო. მუსიკა თავად გვიყვება მხიარულ ისტორიას.
გერმანელმა კომპოზიტორმა რიჰარდ ვაგნერმა ოპერაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ვაგნერის ოპერებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი „ნიბელუნგთა ბეჭდის“ ციკლის ოპერები. ეს ზღაპრული ჟანრის სამი ოპერაა. ვაგნერის ოპერაში მუსიკა თითქოს წყალივით იღვრება. ვაგნერის ოპერები სხვა კომპოზიტორების ოპერებზე ბევრად გრძელიცაა. სამივე ოპერა 3 საათზე მეტ ხანს გრძელდება.
კიდევ ძალიან ბევრი კომპოზიტორია, რომლებიც ოპერის მოყვარულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმეს გვარი ჩამოვთვალოთ და თქვენ თუ ოპერების მოსმენას გადაწყვეტთ, ეს გვარები არ დაივიწყოთ: იტალიელი პუჩინი, რუსი ჩაიკოვსი და მუსორგსკი, ფრანგი ბიზე... ქართველი კომპოზიტორებიც არ დაგვავიწყდება: ფალიაშვილის, დოლიძის და ყანჩელის ოპერები ძალიან მოგეწონებათ.
ოპერასთან დაკავშირებული სიტყვები
თუ თქვენ ოპერა მოგწონთ და გიყვართ, ის სიტყვებიც უნდა იცოდეთ, რომლებიც ოპერასთან და მუსიკასთან არის დაკავშირებული. მოდით, რამდენიმე მათგანი ვისწავლოთ:
ოპერის ის მომღერლები, რომლებიც ისტორიის მთავარი გმირები არიან, ყველაზე მეტს მღერიან. მათ სოლისტები ჰქვიათ. სოლისტები ხშირად არსულებენ ოპერაში არიებს. არია სიმღერაა, სადაც სოლისტი საკუთარ თავზე გვიყვება ხოლმე. ის თავის ისტორიას, ემოციებს, სურვილებს და გეგმებს გვიზიარებს სიმღერით. არია ისეთი სრულია შინაარსით, რომ ხშირად საოპერო სპექტაკლის გარეშე, კონცერტზე ცალკეც სრულდება ხოლმე.
ყველაფერი, რასაც ერთი გმირი მღერის, მისი საოპერო პარტიაა. საოპერო პარტია კი იმას ნიშნავს, რომ მომღერალმა იცის, როდის უნდა დაიწყოს თავისი როლი, როდის დაამთავროს. ხშირად ოპერაში 2 სოლისტი ერთად მღერის ხოლმე. მაგალითად, თუ ოპერაში სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, მაშინ შეყვარებული ქალი და მამაკაცი სიმღერას ერთად ასრულებენ. ორი მომღერლის ერთად სიმღერას დუეტი ჰქვია.
ოპერაში ქალებიც მღერიან და კაცებიც. საოპერო ენაზე მათ ხმებს სხვადასხვა სახელები ჰქვია. ყველაზე ხშირად ოპერაში ქალის ხმას - სოპრანოს ვხვდებით. ქალის ძალიან მაღალ ხმას, ზარებივით რომ რეკავს - კოლორატურული სოპრანო ჰქვია. დაბალ, ჟღერად ხმას კი - მეცო სოპრანო.
ქალების მსგავსად, მამაკაცი მომღერლების სხვადასხვა ხმასაც აქვს თავისი სახელი. მამაკაცის ყველაზე მაღალ ხმას ტენორი ჰქვია. ძალიან დაბალ ხმას - ბანი. ბანსა და ტენორს შორის კიდევ ერთი საოპერო ხმაა - მას ბარიტონი ჰქვია. ბარიტონი და ბანი ძალიან მჟღერი ხმებია.
სოლისტების გარდა, ოპერაში ხშირად შეხვდებით გუნდს. გუნდი შეიძლება ქალთა იყოს, შეიძლება - კაცთა. ხანდახან ოპერაში ბავშვთა გუნდიც მონაწილეობს. არის ოპერები, სადაც შერეული გუნდები მღერიან. ასეთი გუნდი განსაკუთრებით ლამაზი მოსასმენია. ხმები ძლიერად ჟღერს, ბავშვები, ქალები და მამაკაცები კი რამდენიმე ხმაში მღერიან.
საოპერო სპექტაკლი ყოველთვის იწყება უვერტიურით. უვერტიურა, ყველა დანარჩენი საოპერო სიტყვების მსგავსად, იტალიური სიტყვაა და შესავალს ნიშნავს. უვერტიურაში მომღერლები არ მღერიან. აქ მხოლოდ ორკესტრი უკრავს. უვერტიურაში მოკლედ არის მოცემული ყველა ის მელოდია, რომელიც შემდეგ ოპერის სხვადასხვა ნაწილში შეგვხვდება. არიის მსგავსად, ოპერის უვერტიურა კონცერტზეც შეიძლება შესრულდეს.
ოპერის ისტორიასთან ერთად, კიდევ სპექტაკლში კიდევ ერთი სიახლე გამოვიდა. ხანდახან ოპერის გმირები არ მღერიან, არამედ საუბრობენ. უფრო ხშირად ასეთი საუბარი ოპერაში დიდხანს არ გრძელდება. ამგვარ საუბარს რეჩიტატივი ჰქვია. ის ოპერის გმირის ძლიერ ემოციებთან არის დაკავშირებული.
ახლა დრო დადგა, ოპერის სახლებზე ვისაუბროთ. მსოფლიოში უამრავი ოპერის სახლია. ყველგან სრულდება სხვადასხვა კომპოზიტორის საოცარი ოპერები. ყველგან მღერიან ნიჭიერი ვოკალისტები. ყველგან უკრავს ძლიერი ორკესტრი. და მაინც, არსებობს ოპერის სახლები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია. სოლისტები ბედნიერები არიან, თუ ამ ოპერის სახლებში მღერიან. დირიჟორები ბედნიერები არიან, თუ ამ ოპერის სახლებში ორკესტრს დირიჟორობენ. მოდით, გავიცნოთ რამდენიმე ოპერის სახლი.
ლა-სკალა
ლა-სკალა იტალიაშია. ეს ოპერის სახლი ქალაქ მილანში მდებარეობს. ლა-სკალა იტალიური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „თეატრს კიბეზე“. ეს თეატრი ძალიან ძველია. ის 1779 წელს გაიხსნა. ამ ოპერის სახლში უამრავ დიდ მომღერალს უმღერია. ამ ოპერის სახლში ყველაზე ცნობილი დირიჟორები დირიჟორობდნენ. ლა-სკალაში გამოსვლა ყველა ხელოვანისთვის დიდი პატივია. ოპერის გარდა, აქ ულამაზესი საბალეტო დადგმებიც შეგიძლიათ ნახოთ. ლა-სკალაში მუზეუმიცაა გახსნილი. მუზეუმში კი იმ დიდი ვოკალისტების, დირიჟორებისა და მოცეკვავეების ფოტოებია გამოფენილი, ვინც კი ოდესმე ლა-სკალაში გამოსულა.
ვენის ოპერა
ვენის სახელმწიფო ოპერა ავსტრიის დედაქალაქში 1865 წელს გაიხსნა. პირველად ვენის ოპერის სახლში მოცარტის ოპერა „დონ-ჯოვანი“ დადგეს. მას შემდეგ ვენის ოპერა მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ოპერის სიაშია. აქ ძალიან ცნობილი და ნიჭიერი დირიჟორები დირიჟორებდნენ მსოფლიოში საუკეთესო ორკესტრს. მათ შორის იყო დიდი კომპოზიტორი და დირიჟორი გუსტავ მალერი. ვენის ოპერის სახლი ძალიან ლამაზია. თუმცა, ომის დროს ეს ლამაზი შენობა ჯარისკაცებმა გადაწვეს. ვენის ოპერის სახლში ყოველ წელს იმართება ვენის ცნობილი საოპერო მეჯლისი. მეჯლისზე ყოველ წელს 5000 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოდის. ოპერაში მაყურებელი განსაკუთრებულად ჩაცმული დადის. ვენის ოპერაში ოპერის მოსმენა თუ გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ ლამაზი კაბა და სამკაულები ან შავი ფრაკი უნდა ჩაიცვათ.
მეტროპოლიტენ-ოპერა
მეტროპოლიტენ-ოპერა ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერაა. მეტროპოლიტენ-ოპერაში ყოველ წელს 240 საოპერო და საბალეტო დადგმა იმართება. მეტროპოლიტენ-ოპერა ძალიან პოპულარულია. ოპერის მოყვარულები ოცნებობენ ამ ოპერის სტუმრობაზე. აქ ხომ საუკეთესო ოპერები იდგმება. ალბათ არ იცით, რომ მეტროპოლიტენ-ოპერაში, ისევე, როგორც სხვა ცნობილ საოპერო სახლებში, ბევრი ნიჭიერი ქართველი ვოკალისტიც გამოსულა. ასე რომ, როდესაც ნიუ-იორკში ნეტროპოლიტენ-ოპერის სტუმრობას გადაწყვეტთ, შეიძლება ქართველ სოლისტსაც მოუსმინოთ და იამაყოთ.
დასკვნა
დაგაინტერესათ საოპერო ხელოვნებამ? მოგინდათ ყველაზე პოპულარულ საოპერო სახლებს ესტუმროთ? გადაწყვიტეთ დიდი მომღერლების და დირიჟორების ნახვა? აპირებთ საუკეთესო ორკესტრების მოსმენა? მიხარია! გამოდის, რომ ეს მოთხრობა თქვენთვის დავწერე.