რაჭა


 

იმერეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა. რაჭაში რომ გადახვიდე, ნაქერალას ქედი უნდა გადაიარო. აი, როგორ დარქმევია ამ მხარეს სახელი: როგორც მოგვითხრობს ჩვენი პირველი გეოგრაფი ვახუშტი, ერთი ქართველი მონადირე, რომელიც პირველად დასახლებულა აქ, ასულა თურმე იმერეთიდან ნაქერალაზე და რომ გადაუხედავს იქით, განცვიფრებულა ამ ღრმა და ვიწრო რიონის ხეობით, მიუმსგავსებია იგი ჭიისათვის და წამოუძახია: `ეს რა ჭია ყოფილაო!~ ხალხს რომ ჰკითხოთ, ყველა დაგემოწმებათ ამ ამბავზე. ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია...

ოთხივე მხრიდან რაჭა შემოსაზღვრულია მაღალი მთებით; ჩრდილოეთით კავკასიონის ქედია, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით – ნაქერალას მთა, დასავლეთით - სვანეთის მთები. მთების სიახლოვისა და მაღალი მდებარეობის გამო, რაჭაში ძალიან ცივი ზამთარი იცის. ხშირად აპრილში, როდესაც ქვემო იმერეთში ხეხილი აყვავებულია, რაჭაში თოვლი მოდის. სამაგიეროდ, აქ არ იცის ქარიშხალი, რომელიც იმერეთში ხშირად ხდება და ჰაერიც აქ ბევრად უფრო სუფთა და ჯანსაღია, ვიდრე იქ. ამ გრილი ჰავისა და აგრეთვე სამკურნალო წყლების გამო, საზაფხულოდ ბევრი ხალხი ამოდის ზემო და ქვემო იმერეთიდან. ამ წყლებს მჟავე წყალს უწოდებენ. განსაკუთრებით სახელგანთქმულია წყალი უწერაში, რომელიც ონიდან 15 კილომეტრშია. უწერაში გამოდის რკინის წყალი, რომელსაც აგროვებენ და შიგ ბანაობენ. იქვე გამოდის მჟავე წყალი, რომელიც ძალიან შუშხუნაა. სხვათა შორის, ძალიან კარგია კუჭისათვის.

რაჭაში მიწას ერთი საკვირველი თვისება აქვს: აქ იცის მეწყერი.

მეწყერი უფრო რიონის მარცხენა ნაპირზე იცის და ეს მოვლენა ასე ჩნდება: რაჭაში მიწის ზედაპირი ფხვიერია. წვიმისა და თოვლის წყალი ადვილად გადის ზედა პირს, ჩადის ქვედა პირთან, აქ კი თიხა აღარ უშვებს ქვევით, წყალი მიწაში გროვდება, ნელ-ნელა გუბდება და გაუჯდება მთის გვერდებს, მერე დაიძვრება და თან მოაქვს ეს ფხვიერი მიწა.

რაჭაში ნიადაგი ნაყოფიერია. გლეხები შრომისმოყვარეები არიან და კარგად უვლიან ყანებსა და ვენახებს. პური და ღვინო უფრო კარგი ქვემო რაჭაში იცის. საქვეყნოდაა ცნობილი ღვინო ხვანჭკარა, რომელიც ძალიან ჰგავს კარგ კახურ ღვინოს, რადგანაც მაღალ ადგილებზე ღვინო არ მოდის, ამიტომ იქაურ მაცხოვრებლებს ზვრები გაშენებული აქვთ დაბლობ ადგილებში, რიონის პირას. კარგი მოსავალი იცის რაჭაში, მაგრამ მიწის სიმცირე ძალიან აწუხებს ხალხს. აქაური გლეხების დიდ ნაწილს ისე ცოტა მიწა აქვს, რომ მოსავალი ნახევარ წელს ძლივს ჰყოფნით და გაზაფხულამდე ძნელად გაჰყვებათ ხოლმე; შემდეგ სულ ნაყიდი ჭირნახულით უნდა ირჩინონ თავი. ამ გაჭირვებამ მიაჩვია რაჭველები სხვა ქვეყნებში სიარულს და იქ მუშაობას. წინა საუკუნეში ქართლში, კახეთსა და იმერეთში რაჭველები დღიურად მუშაობდნენ – ზოგნი მეწისქვილეობდნენ, ზოგნი დურგლობდნენ, და მებაღეობდნენ. განსაკუთრებით სახელი ჰქონდათ განთქმული რაჭველ ხუროებსა და დურგლებს: კახეთში ბევრი ფიცრული სახლია რაჭველების აშენებული და გაწყობილი. ადგილის სივიწროვე რაჭაში მართლაც თვალშისაცემია და ამიტომაცაა მიწის სიძვირე. ხალხი შეწუხებულია სივიწროვისაგან და წუხს თავის მდგომარეობაზე, მაგრამ ისე უყვარს თავისი სამშობლო კუთხე, რომ სხვაგან გადასახლებას ძნელად თანხმდებიან. კახეთში - წინანდალში, ყვარელსა და კიდევ სხვა სოფლებში მცირეოდენი რაჭველები არიან დასახლებულნი, მაგრამ სხვაგან კი არსად მიდიოდნენ ბოლო დრომდე. ახლა კი ბევრი რაჭველი ჩამოსახლდა იმერეთში თუ დედაქალაქში...

რაჭაში მაცხოვრებლების რიცხვი 100.000-მდე აღწევს. რაჭაში ძალიან მშრომელი და მუყაითი ხალხი ცხოვრობს. აქ მარტო მამაკაცები არ მუშაობენ; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში. შემოდგომის დაწყებიდან, როდესაც იმათი ქმრები სამუშაოდ ქართლ-კახეთში მიდიან, ოჯახი მარტო ქალზე ტრიალებს. არ გვგონია, რომ საქართველოს რომელიმე კუთხეში ისეთი გამრჯე ხალხი იყოს, როგორც აქ, რაჭაში. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერი ტანისა, მხარბეჭიანი და ძლიერები არიან. მათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან. ქალების ტანისამოსი კი უფრო სხვანაირი იყო, განსაკუთრებით - ზემო რაჭაში, ქალამნებითა და ნაბდებით გამოდიოდნენ და თათრის ქალებივით ყელზე სხვადასხვანაირ შუშის სამკაულებს იკეთებდნენ. ვერც ტანსაცმელს და ვერც სილამაზეს აქაური ქალები ვერ დაიკვეხნიდნენ. სამაგიეროდ, მათ შეეძლოთ საფუძვლიანად დაეკვეხნათ ჯანსაღი აგებულება და სამაგალითო შრომისმოყვარეობა. ახლა კი რაჭველი ქალები ლამაზ, თანამედროვე ტანისამოსს იცვამენ.

რაჭველები მძიმე ხალხია, მათ არ ახასიათებთ კვეხნა და ტრაბახი, როგორც ეს იმერეთში იციან... მეორე მხრივ, არც თავის დამცირება ვარგა, როგორც რაჭველებს სჩვევიათ... ერთ გურულ გლეხსა ჰკითხეს: „აზნაური ხარ თუ ყაზახიო?“ (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან) და იმან თავმომწონედ უპასუხა: „კაი კი ვარ, ძამა, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ თუ არაო?“ A

ასეთ პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაჭველი გლეხისგან წინათ...

სამართალი მოითხოვს, ამას ისიც დავუმატოთ, რომ ეს ნაკლი ბოლოს შემცირდა, განსაკუთრებით იმათში, რომლებიც საქართველოს სხვა მხარეებში იმყოფებიან სამუშაოდ. რაჭველებს გულუბრყვილო და ალალ-მართალი ხალხის სახელი აქვთ მოპოვებული. ისინი სხვებზე უფრო ადვილად შოულობენ სამუშაოს.

როგორც, საზოგადოდ, იმერეთსა და მთელ საქართველოში, რაჭაშიც იციან ჯვარობა, რასაც იმათებურად „ჯარი” ჰქვია. კვირაცხოვლობას, გიორგობასა და ამაღლებას ხალხი ბევრგან სალოცავად, სასეიროდ და თვალის გასართობად შეგროვდება ხოლმე. რაჭაში ეკლესიებთან მოედნები არ არის და ჯვარობას მოსული ხალხი იძულებულია შეიკრიბოს ხან მინდორში და ხან - სად.

რაჭველები ცხოვრობენ ჯგუფ-ჯგუფად, როგორც ქართლსა და კახეთში, და არ არიან ისე გაცალკევებულნი და გაბნეულნი, როგორც იმერეთის მცხოვრებნი. ყველანი ყავრით გადახურულს ფიცრულ სახლებში ცხოვრობენ და მჭიდროდ დაკავშირებულ სოფლის საზოგადოებას შეადგენენ.

 

ქართველების გარდა, რაჭაში სხვებიც ცხოვრობენ. ონში საკმაოდ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა წინათ. მათ შესანიშნავი სინაგოგაც ააშენეს, რომელმაც დღემდე მოაღწია და ულამაზესი სანახავია...

რაჭაში ორი ქალაქია - ონი და ამბროლაური. რაჭაში ცნობილი სოფლებია: უწერა, სადაც მიწიდან მჟავე წყალი ბლომად ამოდის, ზნაკვა - შესანიშნავი რკინის წყლით, ღვინით განთქმული ხვანჭკარა, ნიკორწმინდა, ტოლა და სხვა...

რაჭასაც აქვს თავისი შესანიშნავი მონასტერი - ნიკორწმინდა, ის აუგიათ წმინდა ნიკოლოზის სახელობაზე მეთერთმეტე საუკუნეში. ამ მონასტერში ძველ დროს იჯდა მთელი რაჭის ეპისკოპოსი... ამბობენ, რომ ნიკორწმინდის ტაძრის ჩუქურთმები ბევრად სჯობს საქართველოს სხვა ეკლესიების მოხატულობას...