ბერმუდის სამკუთხედი


 

ბერმუდის სამკუთხედი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა. ამ ადგილს ხან „სიკვდილის სამკუთხედს“, ხან „ავბედით ზღვას“ უწოდებენ, ხან კი „ატლანტიკის სასაფლაოდ“ მოიხსენიებენ. ეს დედამიწაზე ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს და შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ პუერტო-რიკომდე და უკან - ფლორიდამდე, ბაჰამების გავლით. 1945 წლის შემდეგ, „ეშმაკის სამკუთხედში“ 100-ზე მეტი თვითმფრინავი და გემი (მათ შორის, წყალქვეშა ნავები) გაქრა, ხოლო ათასზე მეტი ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

საოცარი ისაა, რომ ყველა უბედური შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს; გაუჩინარებული ხომალდები სამუდამოდ ქრება, ხოლო თვითმფრინავების შემთხვევაში საწვავის კვალიც კი არ რჩება ოკეანეზე, რაც, ავარიების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, მთავარი მანიშნებელია უბედური მოვლენის ადგილის ამოსაცნობად. ადამიანები ცდილობენ, სხვადასხვაგვარი ახსნა მოუძებნონ ამ უცნაურ შემთხვევებს. დროთა განმავლობაში ამ ავარიების ასახსნელად რამდენიმე განსხვავებული თეორია შეიქმნა:

ერთ-ერთი მათგანია მეკობრეთა თავდასხმები. ამ თეორიის მიხედვით, მიზეზი, რის გამოც უამრავი გემი უჩინარდება, ისაა, რომ აქ მეკობრეები განსაკუთრებით აქტიურები არიან. ეს თეორია იმ სკეპტიკოსთა არგუმენტია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედის რეგიონი არაფრით გამოირჩევა სხვა დანარჩენი ადგილებისგან და უბედური შემთხვევებიც სწორედ ისევე ხდება, როგორც სხვაგან. წარსულში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მეკობრეთა მიზეზით მრავალი გემი დაზიანებულა ან გამქრალა. Aამიტომ ამ თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საბრძოლო ხომალდის მხრიდან თავდასხმა და სამგზავრო გემების განადგურება.

კიდევ ერთი თეორია ბერმუდის სამკუთხედის რეგიონში არსებულ ძლიერ მაგნიტურ ველს უკავშირდება. ამ თეორიის მიხედვით, ბერმუდის სამკუთხედი დედამიწის სპეციფიკურ ნაწილებს მიეკუთვნება, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი განსაკუთრებით ძლიერია. ჯერ კიდევ ქრისტეფორე კოლუმბი აღწერდა 1492 წელს, თუ როგორ ადევნებდა თვალყურს გემ ”სანტა-მარიას” შეშფოთებულ ეკიპაჟთან ერთად მოძრავ ცეცხლოვან ისარს ცაზე. კოლუმბი ასევე აღწერს ბაჰამის კუნძულებთან უჩვეულო თეთრი სინათლით განათებულ ზღვის ტალღებსაც. მოგზაურის ჩანაწერების მიხედვით, ამ შემთხვევის შემდეგ კომპასი უჩვეულო და გაურკვეველ პარამეტრებს აჩვენებდა. არაერთი დაკვირვება მოწმობს, რომ ბერმუდის ტერიტორიაზე კომპასის ისრები მართლაც სწრაფად რხევას იწყებენ, ხოლო სანავიგაციო მოწყობილობები ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ის ერთ-ერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა. რეგიონის ძლიერი მაგნიტური ეფექტები შეიძლება ასევე იყოს მრავალი ადამიანის უკვალოდ გაქრობის მიზეზი.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბერმუდის სამკუთხედი `კომეტის ეფექტის~ ქვეშ იმყოფება. არსებობს აზრი, რომ ათასობით წლის წინ სწორედ ამ რეგიონში ღია კოსმოსიდან შემოჭრილი კომეტა ჩამოვარდა. ამ თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ სადღაც ოკეანის სიღრმეებში კომეტის ნარჩენები კიდევ არსებობს და სწორედ მისგან გამოწვეული ელექტრომაგნიტური მიზიდულობა იწვევს კატასტროფებსა და ხომალდიდან წამოსული სიგნალების ჩახშობას ბერმუდის სამკუთხედში.

კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ბერმუდის მოვლენების გამომწვევი მიზეზი ჭარბი რაოდენობის მეთანის აირია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალა, რომელიც სხეულების ტივტივს უზრუნველყოფს, მცირდება. ამ მიზეზის გამო დიდი ხომალდები ვეღარ ახერხებენ წყალზე გაჩერებას და უკვალოდ იძირებიან.

კიდევ ერთი მოსაზრება ატლანტიდას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ჩაძირული მიწა, სახელად ატლანტიდა, ერთ დროს ბაჰამის კუნძულების სიახლოვეს მდებარეობდა ატლანტიკის ოკეანეში. ადამიანებს სჯერათ, რომ მისტიკური ქალაქი ატლანტიდა ამჟამად ოკეანეში განისვენებს. ლეგენდა გვიამბობს, რომ ატლანტიდაზე ენერგიით მომარაგების წყარო მძლავრი კრისტალები იყო. სწორედ ეს კრისტალები იწვევენ მოწყობილობების არევასა და წყობიდან გამოსვლას.

დროის გამრუდების თეორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს მის მხარდასაჭერად. დროის გამრუდების თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ამდენი ხომალდის გაუჩინარების მიზეზი დროში მოგზაურობაა. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანები ამტკიცებენ, თითქოს ბერმუდის სამკუთხედის რეგიონში იხილეს უზარმაზარი, გვირაბის ფორმის ღრუბელი, რაც, სავარაუდოდ, დროში გასასვლელი კარიბჭე იყო.

სკეპტიკოსთა არც თუ მცირერიცხოვანი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მისტიკური ამ კატასტროფებში არაფერია და ყველაფერი პილოტთა და გემის კაპიტანთა მიზეზით ხდება. მეტიც, სკეპტიკოსთა აზრით, ბერმუდის სამკუთხედის გარშემო არსებულ კუნძულთა რიგები, რომლებიც ძალიან წააგავს ერთმანეთს, გზის გაგნებას აძნელებს. ცუდი ამინდი, ამ თეორიის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ახსნაა, რომელიც ხსნის ბერმუდის სამკუთხედის უცნაურობებს. ატლანტიკის რეგიონი ცნობილია შტორმებით, ქარიშხლებითა და საშინელი ამინდით. მძვინვარე შტორმების მეშვეობით ხშირად წარმოიქმნება ტალღები, რომელთა სიმაღლე 25 მეტრს და მეტსაც აღწევს ხოლმე. ამას ემატება ოკეანის მძლავრი დინებაც და იქმნება პირობები, რომელთაგანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. ოკეანის სიღრმეში კიდევ ერთი საფრთხე იმალება: აქვე არის ატლანტიკის ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილი – პუერტო-რიკოს ღრმული, რომელიც 8605 მეტრს აღწევს. ასე რომ, თუკი გემი ან თვითმფრინავი ჩაიძირება, სრულიად შესაძლებელია, უკვალოდ გაუჩინარდეს.

თეორიებისა და მითების გარდა, რომლებიც ბერმუდის სამკუთხედის შესახებ არსებობს, ბევრი უტყუარი ფაქტიცაა, რომელთა ახსნა შეუძლებელია და ახალ-ახალ კითხვებს ჰბადებს: აი რამდენიმე ამგვარი ფაქტი:

1945 წლის 5 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების 5 ბომბდამშენი ხომალდი ბერმუდის სამკუთხედის რაიონში გაუჩინარდა. ხომალდები ისე გაქრნენ, რომ მათი ნამსხვრევები და ნაკვალევი ვერსად იპოვეს. ხომალდებიდან ბოლოს მიღებულ რადიოგადალაპარაკებებში პილოტები მოწყობილობების გაფუჭებასა და ოკეანის უჩვეულო მდგომარეობაზე ლაპარაკობენ. “ჩვენ თეთრ წყალში ვეშვებით” - ისმის ბოლო ჩანაწერში.

1948 წლის 30 იანვრის ადრეულ დილას, გემ “სტარ ტაიგერის” კაპიტანმა მაკმილანმა ბერმუდებზე შეატყობინა იქაურ დისპეტჩერებს ცნობები თავისი ადგილმდებარეობის შესახებ. მან დაადასტურა, რომ გემზე ყველაფერი წესრიგში იყო და რომ გემი ზუსტად მიჰყვებოდა განრიგს. ეს უკანასკნელი ცნობა იყო, რომელიც გემისგან მიიღეს. 10 გემი და 30-მდე თვითმფრინავი ეძებდა დაკარგულ გემს ოკეანის მთელ რაიონში მისი მარშრუტის მიხედვით. ძებნამ შედეგი არ გამოიღო: ვერც ზეთის ლაქა წყლის ზედაპირზე, ვერც გემის ნამსხვრევი ვერ აღმოაჩინეს.

ასევე გახმაურებული შემთხვევა 1951 წელს სატვირთო გემის “სანდრას” გაუჩინარებას უკავშირდება. გემი შტორმის შედეგად უკვალოდ გაქრა. კიდევ უფრო უცნაური კი ისაა, რომ მის მოსაძებნად გამგზავრებული სამაშველო გემიც მეორე დღეს დაიკარგა.

 

1970-იან წლებში მაიამის აეროპორტის უშუალო სიახლოვეს, ხმელეთის თავზე, რამდენიმე თვითმფრინავმა განიცადა მარცხი. ავიაკატასტროფას ახსნა ვერ უპოვეს. ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელზეც იმყოფებოდა 100-ზე მეტი ადამიანი, უბრალოდ, გაქრა 1972 წლის 29 დეკემბერს. ცნობილია მხოლოდ, რომ ეს თვითმფრინავი ფრენის უკანასკნელი 7-8 წამის განმავლობაში ქვევით ისეთი სიჩქარით ეშვებოდა, რომ მისი დაფიქსირება ხელსაწყოებმაც კი ვერ შეძლო. დაშვების ამხელა სიჩქარეს არანაირი ახსნა არ აქვს. მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ვარდნის მიზეზი ატმოსფერულ მოვლენებთან უნდა იყოს დაკავშირებული.