ადამიანის სასიცოცხლო ციკლი


ადამიანი იბადება და კვდება. დაბადებიდან სიკვდილამდე ის ცხოვრობს, იზრდება, იცვლება და ბერდება. ცხოვრება ციკლს ჰგავს. ციკლი წრეა.

რატომ ჰგავს ადამიანის ცხოვრება ციკლს?

ადამიანი ჯერ არ არსებობს, მერე კი იბადება და ცხოვრების გზას გაივლის. ბოლოს ისევ კვდება. სიკვდილის შემდეგ ის არსებობას ისევ წყვეტს. ადამიანი ცხოვრებას არარსებობიდან იწყებს და არარსებობით ამთავრებს.

ეს ძალიან ჰგავს წრეს. წრის ნებისმიერი ერთი ადგილიდან რომ წახვიდე და იარო, ბოლოს ისევ იმ ადგილას მიხვალ, საიდანაც წამოხვედი.

ადამიანის სასიცოცხლო ციკლს ბევრი მეცნიერი აკვირდება და სწავლობს. ეს განსაკუთრებით ფსიქოლოგებს აინტერესებთ. ბევრი ფსიქოლოგის დაკვირვება სასიცოცხლო ციკლზე მსოფლიოში გახდა ცნობილი. ასეთი ცნობილი დაკვირვება აქვს გერმანელ ფსიქოლოგ ერიკ ერიქსონს. ერიქსონი ადამიანის ცხოვრებას რამდენიმე ნაწილად ყოფს. ის ამ ნაწილებს ადამიანის ცხოვრების პერიოდებს უწოდებს. ერიქსონი ადამიანის სიცოცხლის ყველა პერიოდს აღწერს. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, რას აკეთებს ადამიანი სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავეცნოთ ამ პერიოდებს.

ადამიანის დაბადება

ადამიანი არსებობას დედის მუცელში იწყებს. ის ფურცელზე დასმული წერტილის ტოლაა. მუცელში ნელ-ნელა იზრდება. ზრდასთან ერთად მისი სხეული იცვლება: უვითარდება ხელები, ფეხები, თავი და სხვა ორგანოები. დედის მუცელში ყოფნის დრო ცხრა თვე გრძელდება. შემდეგ კი იბადება ადამიანი. ახალდაბადებულ ადამიანს ჩვილი ბავშვი ჰქვია.

ჩვილი ბავშვი

ჩვილი ბავშვი დედის მუცლის გარეთ ცხოვრებას აგრძელებს. ის ძალიან პატარა და უმწეოა. უმწეო ბავშვს არ შეუძლია მარტო ცხოვრება. ბავშვი მთლიანად დამოკიდებულია დედაზე. ჩვილს თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის. მას შეუძლია იტიროს, როდესაც შია, ან როდესაც რაიმე აწუხებს. ჩვილ ბავშვს შეუძლია ჭამა. თუმცა ჩვილი ისეთ საჭმელებს ვერ ჭამს, როგორსაც ცოტა უფრო დიდი ბავშვები ჭამენ. მას მხოლოდ წოვა შეუძლია. ჩვილის ბოთლს საწოვარა უკეთდება. ის საწოვარას დახმარებით სვამს რძეს.

ჩვილ ბავშვს კარგად მოვლა სჭირდება. მას მშობლები ათბობენ, აჭმევენ, ასუფთავებენ, ეფერებიან და აძინებენ. ჩვილი ნელ-ნელა იზრდება და ძლიერდება, ყოველდღე იცვლება და რაღაცებს სწავლობს. ჩვილს ყველაფერი აინტერესებს, ყურს უგდებს ხმაურს. ყველაფერს ხელით ეხება. ჩვილი ამ გზით ცხოვრებას სწავლობს.

1-3 წლამდე ბავშვი

ჩვილი ბავშვი მალე ისეთი ძლიერი ხდება, რომ ბობღვას იწყებს. დაბობღავს ყველგან, ცდილობს ნახოს ყველაფერი. მისთვის ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ბობღვის შემდეგ სიარულსაც სწავლობს. სიარულის სწავლის დროს ბავშვი ხშირად ეცემა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მას შეუძლია დაცემის გარეშეც გაიაროს.

1-3 წლამდე ასაკის ბავშვი საკუთარი ხელით ჭამას ცდილობს. საკუთარი ხელით ჭამა ძალიან მოსწონს. ის ფიქრობს, რომ კოვზის დაჭერა ძნელია. როცა მას ეს გამოუვა, ძალიან უხარია.

პატარები ერთი წლიდან ლაპარაკსაც იწყებენ. ისინი ცდილობენ ის სიტყვები თქვან, რაც ყველაზე ხშირად ესმით. ხშირად პატარებს რომელიმე სიტყვას ხშირად უმეორებენ, რომ მათ ეს სიტყვა ისწავლონ. პატარები ხშირად პირველად „დედას“ ან „მამას“ ამბობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაზე ხშირად მათ ეს სიტყვები ესმით. ყველას უხარია, როცა ბავშვი ლაპარაკს სწავლობს. მას უკვე შეუძლია თქვას, რა უნდა და რა - არა. პატარები სიტყვებს ყოველთვის სწორად ვერ ამბობენ. ამიტომ პატარა ბავშვის გამოთქმული სიტყვები ხშირად სასაცილოა.

1-3 წლამდე ასაკის ბავშვს სურს, რომ დამოუკიდებელი იყოს: თვითონ, მარტომ შეძ-ლოს რაღაცების გაკე-თება. უკვე ვიცით, რომ პატარას უხარია, როცა თვითონ ჭამს და დედა აღარ ეხმარება. კოვზით ჭამა ყოველთვის კარგად არ გამოსდის. ხშირად კოვზიდან საჭმელი ეღვრება, მაგრამ ამით სულაც არ უნდა დედიკოს გაბრაზება. მას, უბრალოდ, ჯერ არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა. ამისთვის ჯერ კიდევ პატარაა. თუმცა ნელ-ნელა ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას ეჩვევა.

ბავშვობა

ადამიანის სასიცოცხლო ციკლის შემდეგი პერიოდი ბავშვობაა. ბავშვი ბევრ რამეს უკვე მშობლების დახმარების გარეშე აკეთებს. ის სამი წლიდან ბაღში სიარულს იწყებს. ბაღი მისთვის ახალი და საინტერესო გასართობია. ბაღში ბევრ ბავშვს იცნობს და მათ უმეგობრდება. ის აქ სხვა ბავშვებთან ურთიერთობას სწავლობს. ბაღში მას სკოლისთვისაც ამზადებენ.

ბავშვის სკოლაში წასვლა უკვე ძალიან სერიოზული საქმეა. ბევრი ბავშვი ამ დღეს მოუთმენლად ელოდება. სკოლაში წასვლა მათთვის ნიშნავს, რომ უკვე გაიზარდნენ და დიდები არიან. პატარებს კი ყოველთვის უნდათ, მალე გაიზარდონ და დიდები გახდნენ. სკოლაში ბავშვებისათვის მართლაც ბევრი რამე იცვლება. მათ უფრო ცოტა დრო რჩებათ თამაშისათვის. სკოლაში დავალებები უნდა შეასრულონ, სკოლის წესებს დაემორჩილონ. სკოლის დავალებების მომზადებაში პატარებს მშობლები ეხმარებიან. მაგრამ ისინი ცდილობენ, დამოუკიდებლად დაწერონ და წაიკითხონ გაკვეთილი. სკოლის მოსწავლეს უკვე შეუძლია დამო-უკიდებლად ჩაიცვას და გაიხადოს ტანსაცმელი.

თინეიჯერობის ასაკი

ცამეტი წლის ბავშვებს „თინეიჯერებს“ უწოდებენ. თინეიჯერობის ასაკი 7 წელი გრძელდება. თინეიჯერი ბავშვი სწრაფად იზრდება და სიმაღლეში იმატებს. იცვლება მათი გარეგნობაც. ზოგი ბავშვი ამ დროს ძალიან ხდება, ზოგი - უფრო სუქდება. ეს იმიტომ ხდება, მათ ორგანიზმში ბევრი ცვლილებაა. ამ დროს ბავშვებს ხშირად სახეზე გამონაყარიც უჩნდებათ. მაგრამ ეს საშიში არ არის და მალე გაივლის. თინეიჯერებს ხასიათიც ეცვლებათ. ისინი უფრო ნაკლებად უჯერებენ მშობლებს. ზოგიერთი მათგანი კარგად სწავლას თავს ანებებს და ზარმაცობს. ხასიათის ეს ცვლილებებიც ასაკის ბრალია. ამ ასაკში ბავშვები უფრო მეტად აგრესიულები არიან. ხშირად ღიზიანდებიან, ტირიან ან მოწყენილები არიან. თუმცა ეს ხასიათიც მალე ეცვლებათ და ისევ მხიარულები ხდებიან. თინეიჯერები ცდილობენ, კიდევ უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ.

ზრდასრულობა

ზრდასრულობის ასაკი ყველაზე უფრო ხანგრძლივია. ზრდასრულებს უწოდებენ 20 წლიდან მოხუცებულობამდე ასაკის ადამიანებს. ზრდასრულები ცხოვრობენ დამოუ-კიდებლად. ისინი სწავლობენ, ირჩევენ პროფესიას, შემდეგ ქორწინდებიან. ზრდასრულებს უჩნდებათ შვილები. თვითონაც ისე ზრდიან თავიანთ შვილებს, როგორც ისინი გაზარდეს მშობლებმა. ზრდასრულების გარეგნობაც იცვლება. დროთა განმავლობაში ისინიც ბერდებიან და მოხუცებულობის ასაკში გადადიან.

მოხუცებულობა

მოხუცებს თმა უჭაღარავდებათ. კანზე ნაოჭები უჩნდებათ. მალე იღლებიან და ახალგაზრდებივით სწრაფად საქმეების კეთება არ შეუძლიათ. მოხუცებს ხშირად სჭირდებათ სხვების დახმარება. ზოგიერთი მოხუცი საჭმელს თავისით ვეღარ ამზადებს, ზოგი ქუჩაში მარტო ვერ გადის. ისინი თითქოს პატარა ბავშვებს ემსგავსებიან. ბავშვებსაც ხომ არ შეეძლოთ დახმარების გარეშე ბევრი რამის გაკეთება?!

როდესაც ადამიანი ძალიან მოხუცდება, კვდება. სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება. სიკვდილი ბუნებრივად ხდება, ისევე, როგორც დაბადება. სიკვდილით მთავრდება ადამიანის სასიცოცხლო ციკლიც. როდესაც ადამიანი გაივლის ცხოვრების წრეს, ის კვდება. ამ დროს ის მიდის წრის იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო სიარული - არარსებობიდან.