ჩიჩენ–იცა


 

ქალაქი ჩიჩენ იცა

ჩიჩენ იცა უძველესი ქალაქის სახელია. დღესდღეობით ამ ქალაქის მხოლოდ ნანგრევებია ჩვენამდე მოღწეული, თუმცა ის ისეთი ლამაზი და საოცარი არქიტექტურული ნაგებობაა, რომ მსოფლიოს ახალი საოცრებების სიაშიც კი მოხვდა 2007 წელს. ჩიჩენ იცა მექსიკაში მდებარეობს, იუკატანის ნახევარკუნძულზე და მაიას ტომების მიერაა აგებული. მაიას ტომები უძველესი ხალხია, რომლებიც ძალიან გონივრები და მოხერხებულები იყვნენ. მათ გამოიგონეს კალენდარი, აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და აგებდნენ უმშვენიერეს ქალაქებს, მათ მიერ აგებული ერთ-ერთი ქალაქთაგანია ჩიჩენ იცაც. ეს ქალაქი მაიას ტომებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო, რადგან მათ მხოლოდ საცხოვრებლად გამოსადეგი სახლები კი არ აუგიათ, არამედ ტაძრები და გასართობი შენობები, სათამაშო მოედნები, ულამაზესი სვეტები და სვეტებიანი თაღებიც ააშენეს. ქალაქში ყველაფერი ქვითაა აგებული. ამას უდიდესი შრომა და მონდომება სჭირდებოდა. მაიას ტომები დაუზარებლად და ბეჯითად ამუშავებდნენ თითოეულ ქვას. მათ შეძლეს, ჩიჩენ იცას სახით აეშენებინათ ისეთი ქალაქი, რომელიც წლებს გაუძლებდა და სამყაროს ყველა თაობის ადამიანს გააოცებდა.

 

ჩიჩენ იცას აგების ისტორია

ჩიჩენ იცას აგება დაახლოებით მე-7 საუკუნეში დაიწყეს. იგი ერთბაშად არ აუშენებიათ, მეცნიერები ჩიჩენ იცას განვითარების წლებად მე-7 - მე-10 საუკუნეებს ასახელებენ.

მაიას ტომების ცხოვრება ყოველთვის მშვიდი არ ყოფილა. მათ ხანდახან მტრები შემოსეოდნენ და ომის გამართვაც კი უწევდათ. დამპყრობლების ქალაქში შემოჭრა ყოველთვის უსიამოვნო ფაქტია, თუმცა არსებობენ ისეთი დამპყრობლებიც, რომლებიც ქალაქს არ ანგრევენ, ხალხს ძალიან არ ავიწროებენ. მათ მხოლოდ საკუთარი ზეგავლენისა და სიძლიერის ჩვენება უნდათ დაპყრობილი ტომებისათვის. მაიას ტომებს მე-10 საუკუნეში სწორედ ასეთი მტერი შემოესია. ესენი იყვნენ ტოლტეკები, მათ არათუ დაანგრიეს ჩიჩენ იცა, არამედ შეეცადნენ მაიას ტომებისა და საკუთარი კულტურა გაეერთიანებინათ და ერთად გაეგრძელებინათ ქალაქის შენება. ტოლტეკებს ეს გამოუვიდათ კიდეც. მე-10 საუკუნიდან ჩიჩენ იცა უკვე ტოლტეკური კულტურის გავლენას განიცდის. ყველასათვის კარგად ცნობილი ჩიჩენ იცას პირამიდა - ელ კასტილიო ტოლტეკებისა და მაიას ტომების ერთობლივი მუშაობით აშენდა და დღეს ის მსოფლიოს აოცებს თავისი სილამაზით, სიდიდითა და აგების ოსტატობით.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩიჩენ იცას დაახლოებით მე-13 საუკუნეში უნდა დაეკარგა თავისი სიძლიერე და გავლენა. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რატომ დაინგრა ეს ქალაქი, მაგრამ,სავარაუდოდ, იგი მტრის შემოსევებისა და ომების შედეგად უნდა განადგურებულიყო. მისი ნანგრევები დღეს მექსიკის სახელმწიფოს კუთვნილებაა და იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობადააა მიჩნეული.

 

ჩიჩენ იცა არქიტექტურული ძეგლები

მეომართა ტაძარი

ჩიჩენ იცაში რამდენიმე მნიშვნელოვანი არქტიტექტურული ნაგებობა სრულიად დანგრევას გადაურჩა და დღესაც შესაძლებელია მათი მონახულება და დათვალიერება. ქალაქის მნიშვნელოვანი ძეგლია მეომართა ტაძარი, რომელსაც დიდი დარბაზი აქვს და მის წინ აღმართულია 1000 სამახსოვრო ქვის სვეტი. ისინი დაღუპული მეომრების პატივსაცემაადაა აგებული. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეომართა ტაძარი ტოლტეკებისა და მაიას მიერ ერთობლივადაა აგებული.

კარაკოლი

რადგანაც მაიას ტომები ასტრონომიით იყვნენ დაინტერესებულნი, მათ ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად აშენებული ჰქონდათ სპეციალური შენობა - ობსერვატორია. იგი ჩიჩენ იცას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მექსიკელები მას კარაკოლს უწოდებენ.

ასტრონომიის გარდა, მაიას ტომები გამოირჩეოდნენ ბურთის თამაშის ცოდნითაც. ბურთის თამაში მათთან ძალიან პოპულარული იყო. ჩიჩენ იცაში აღმოჩენილია ბურთის სათამაშო მოედანი. არა მხოლოდ ჩიჩენ იცა, არამედ მთელი იუკატანის ნახევარკუნძული სახელგანთქმულია ასეთი სათამაშო მოედნებით. არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულზე 500-მდე მოედანი აღმოაჩინეს. ჩიჩენ იცას ბურთის სათამაშო მოედანი 168 მეტრი სიგრძისაა, ხოლო მისი სიგანე 38 მეტრს აღწევს. ეს მოედანი გაცილებით დიდია, ვიდრე თანამედროვე ფეხბურთის მოედნები. მოედანს გარს აკრავს 8 მეტრი სიმაღლის გალავანი.

ბურთის სათამაშო მოედანი

ჩიჩენ იცაში აგრეთვე მდებარეობს ორი დიდი ჭა. მათგან ერთ-ერთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მას წმინდა ჭას უწოდებდნენ ჩიჩენ იცას მაცხოვრებლები. თურმე მაიას ტომები აქ მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს და ჭაც ამიტომ იყო წმინდა. მეცნიერებმა ოქროს ნივთებთან ერთად აქ ადამიანის ჩონჩხებიც აღმოაჩინეს, რომლებიც, როგორც ჩანს, მაიას ტომის ქურუმებმაღმერთებს შესწირეს.

წმინდა ჭა

 

კუკულკანის თავი

თითოეული ნაგებობა ჩიჩენ იცაში მნიშვნელოვანია და ყველას თავისი ისტორია აქვს. მაგრამ ამ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ელ-კასტილიოს პირამიდაა, რომელიც ჩიჩენ იცას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იგი ამ ქალაქის სახეა.

 

ელ-კასტილიო (კუკულკანის პირამიდა)

ელ-კასტილიო

ელ-კასტილიო პირამიდაა, რომელიც ჩიჩენ-იცაში მდებარეობს. მას კუკულკანის პირამიდასაც უწოდებენ. კუკულკანი სამხრეთამერიკული უძველესი ტომების რელიგიაში წვიმის ღმერთის სიმბოლოა. კუკულკანი ფრთოსან გველს ჰქვია და მას ადრე სამხრეთამერიკელი ტომები შიშითა და მოკრძალებით ექცეოდნენ. ჩიჩენ იცას პირამიდაც სწორედ მის საპატივცემულოდაა აგებული. პირამიდის ძირში ფრთოსანი გველის თავები მოჩანს. მაიას ტომები და ტოლტეკები კუკულკანს ადამიანის ჯერ კიდევ ცოცხალ გულებს სწირავდნენ იმისთვის, რომ წვიმის ღმერთის წყალობა დაემსახურებინათ. რისთვის სჭირდებოდათ მაიას ტომებს და ტოლტეკებს მისი წყალობა? როგორც ისტორიული ცნობები გვეუბნება, ისინი ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ მიწათმოქმედებით დაკავებულნი, როცა ჯერ გუთანიც არ იყო გამოგონებული. ხნავდნენ, თესავდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. მოსავალს კი თავის დროზე წვიმაც სჭირდება და მზეც. წვიმის მოსვლას ტოლტეკები და მაიას ტომები სწორედ წვიმის ღმერთს სთხოვდნენ და ამის საფასურად მსხვერპლსაც სწირავდნენ.

ელ-კასტილიო მაიას ტომების მიერ აგებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი პირამიდაა. მას აქვს 365 ქვის საფეხური, რომელიც პირამიდის ძირიდან იწყება და მწვერვალისაკენ მიემართება. მისი საფეხურების რაოდენობა ემთხვევა მაიას ტომების მიერ შექმნილი კალენდრის მიხედვით, წელიწადში დღეების რაოდენობას.

ამბობენ,რომ მარტსა და სექტემბერში, მზის ჩასვლისას, ამ პირამიდაზე უცნაური რამის დანახვაა შესაძლებელი; ეს არის ჩრდილი, რომელიც მოძრაობს ჩრდილოეთის მხარეს მოთავსებულ კიბეზე. იგი ძალიან ჰგავს დიდი გველის ჩრდილს, რომელიც კიბეზე მისრიალებს.

 

ბოლოსიტყვაობა

როგორც ვნახეთ, ჩიჩენ იცა ძალიან საინტერესო და ლამაზი ქალაქია. იგი დღეს ბევრ ტურისტსა და არქეოლოგს იზიდავს. ძალიან ბევრი შენობა ამ ქალაქში ჯერ არქეოლოგიურად არ გამოუკვლევიათ. ტურისტებს კი მისი მშვენიერების ნახვა სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიჩენ იცას ნაგებობებით ყველა გაოცებული და მოხიბლული რჩება.