სვანეთი

ქართველების ტომის მონათესავე შტოს სვანები შეადგენენ. გარეგნობით სვანი ძალიან ჰგავს აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებს: ფშავლებს, ხევსურებს, თუშებსა და სხვებს. სვანების ცხოვრებაში ბევრ ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ნახავს მოგზაური. სვანურ სოფლებს მეტწილად ცოტათი შეცვლილი ქართული სახელები ჰქვია. სვანური ენაც ქართული ენიდანაა წარმომდგარი; ქართული და მეგრული სიტყვები სვანურ ენაში ძალიან ბევრია. ამიტომ, როგორც მეგრელები, ისე სვანები, ქართულ ენას რამდენიმე თვეში სწავლობენ. სვანების ქართველებისაგან წარმომავლობას ისიც ამტკიცებს, რომ ეს კუთხე მოფენილია მრავალი ეკლესიითა და წმინდა ხატით, რომლებზეც წარწერები ქართულ ენაზეა; ეკლესიები სავსეა ქართული საეკლესიო წიგნებით. სვანების ქართველობას მათი ისტორიაც ამტკიცებს. სვანეთი წინათ საქართველოს ერთ-ერთი საერისთაო იყო და ქართველ მეფეს ემორჩილებოდა. თამარ მეფის დროს სვანეთი, რასაკვირველია, საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი კუთხე იყო. ეს დრო სვანებს კარგად ახსოვთ და თავიანთ ლექსებში ახლაც ადიდებენ თამარ მეფეს.

სვანეთი სამეგრელოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება; აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედია, სამხრეთ-აღმოსავლეთით რაჭაა, სამხრეთით _ სამეგრელო, დასავლეთით კი - სამურზაყანო. სვანეთი რაჭასავით ოთხივე მხრიდან მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული; ამიტომ სვანეთში ზამთარში ასვლა ძნელია. მხოლოდ ზაფხულში შეუძლია მოგზაურს სვანეთში თავისუფლად ასვლა. სვანეთში სამეგრელოდან მოხვდებით. ეს გზა სამეგრელოდან ენგურის ხეობას მიჰყვება და ამ მდინარეს ხან მარჯვენა ნაპირზე მისდევს, ხან მარცხენაზე. აქ მოგზაურს ძალიან მოეწონება ბუნება. მგზავრი მიდის მწვანე გუმბათის ქვეშ, რომელიც შეუკრავს აქეთ-იქიდან უზარმაზარ ხეებს. ბზა, წაბლი, ისარივით სწორი წიფელა და სხვა მრავალი ჯიშის ხე ზევიდან დასცქერის მოგზაურს და ხშირი ჩრდილით სიცხისგან იფარავს.

სვანეთი ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო სვანეთად. ზემო ნაწილს თავისუფალი სვანეთი ჰქვია, ქვემო ნაწილს _ სადადიანო სვანეთი. ზემო სვანეთს ბატონი არასოდეს ჰყოლია, ქვემო სვანეთი კი წინათ სამეგრელოს სამთავროს ეკუთვნოდა, რომლის მთავრებიც დადიანები იყვნენ და ამიტომაც ეწოდება `სადადიანო~... პირველი ენგურის ხეობაშია, მეორე - ცხენისწყლის ხეობაში. ამ ნაწილებს შუა კავკასიონის ქედის ერთი ნაწილია.

ზემო სვანეთი ცივი მხარეა, რადგანაც მაღალ მთებშია და აქ სულ თოვლითაა დაფარული მთის მწვერვალები. ზემო სვანეთში დიდი ზამთარი იცის და პატარა ზაფხული. მხოლოდ ზაფხულის თვეებში თბილა; დანარჩენ რვა-ცხრა თვეს სვანეთში სიცივეა. ნოემბერში, როცა მთელ საქართველოში მშვენიერი, თბილი ამინდებია, ზემო სვანეთში შუა ზამთარია. მაისში აქ ხშირად მოდის ხოლმე თოვლი. ამისთანა ცივ მხარეში, რასაკვირველია, ბევრგვარი მცენარეულობა ვერ ხარობს. აქ საერთოდ არ მოდის ხეხილი და ყურძენი. ტყეებში მარტო ფიჭვისა და არყის ხეები იზრდება. სხვა ჯიშის ხეები აქ ძალიან ცოტაა და ისიც წვრილი. სიმინდი აქ არ მოდის, პურსაც თითქმის არ თესავენ; უმთავრესი მოსავალი და საზრდო ზემო სვანეთისა არის ქერი და კარტოფილი. ჰავა აქ ძლიერ ცივი, მაგრამ ჯანსაღია. ციება, რომელიც იმერეთსა და სამეგრელოში იცის, ზემო სვანეთში სრულიად არ იცის, ამიტომ აქაური მაცხოვრებლები ჯანმრთელი ხალხია.

ქვემო სვანეთი ჰავით და ბუნებით განსხვავებულია ზემო სვანეთისგან. აქ ჰავა ზომიერია, ზამთარი გვიან დგება, გაზაფხული - ადრე; ზაფხული უფრო თბილია. ამიტომ აქ პური ყველგან მოჰყავთ. ვაშლი, მსხალი და კაკალი თითქმის ყველგან ხარობს. ვაზიც მოდის მზიან ადგილებში. მინდვრებში ხშირი და მაღალი ბალახი მოდის და შინაური საქონლის მოშენება ადვილია. ტყეებში ბევრია გარეული თაფლი. მთები სავსეა ჯიხვებითა და გარეული თხებით, მდინარეები - კალმახით. საინტერესოა, რომ მდინარეებში კალმახის მეტი სხვა თევზი არ არის და ამის გამო სვანებმა მარტო კალმახის სახელი იციან და სხვა თევზის სახელი არც კი გაუგონიათ.

სვანების უმთავრესი საქმე არის ხვნა-თესვა. სახნავ-სათესი ადგილი საკმაოდ არის. ყველა ოჯახს თავისი საკუთარი მიწა აქვს. მიწას სვანი ვერ გაყიდის, თუ ახლო ნათესავები თანახმანი არ იქნებიან. თევზაობა ნაკლებადაა გავრცელებული, ნადირობა კი ძალიან უყვართ. ნადირის ტყავს ან თვითონვე ხმარობს, ან ყიდის. ზამთარში ბევრ კვერნას იჭერენ ტყეებში და ბეწვს კარგ ფასად ყიდიან.

სვანეთის სოფლები არ ჰგავს არც ქართლ-კახეთის და არც იმერეთის სოფლებს. იმერეთის სოფლებისგან იმით განსხვავდება სვანური სოფელი, რომ სვანებს სახლები ახლო-ახლო აქვთ გაკეთებული, როგორც ქართლსა და კახეთში. ქართლ-კახეთის სოფლებისგან კი იმით განსხვავდება, რომ სვანეთში სოფლები ჯგუფ-ჯგუფად არის და ყოველი ჯგუფი შეადგენს ერთ საზოგადოებას, რომელსაც საკუთარი სახელი ჰქვია. თითო საზოგადოებაში ექვსიდან ათამდე სოფელი ირიცხება. გარდა ამისა, სოფლები სვანეთში მეტად პატარებია: ზოგში სამი ოჯახის მეტი არ ცხოვრობს. რაც უნდა დიდი სოფელი იყოს, ოცდაათ ოჯახზე მეტი ძალიან იშვიათია. ყველა სოფელში თითოეულ ოჯახს მაღალი ოთხკუთხა კოშკი უდგას. ეს კოშკები ქვისგანაა აშენებული. კოშკები შიგნიდან თეთრადაა გალესილი და ძალიან ლამაზია. თითქმის ყველა სახლის წინ არის ბოსტანი.

სვანურ სოფლებში კაცს აკვირვებს ძველი ეკლესიების სიმრავლე. ზოგ ეკლესიაში აქამდე შენახულა ძველ დროს შეწირული ვერცხლის სურები და თასები. ეკლესიებში აგრეთვე შემონახულია ძველი ქართული საეკლესიო წიგნები; ძვირფასი ხატებიც ბევრია აქაურ სალოცავებში.

სვანები არ ჰგვანან იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ. ისინი მაღლები არიან. მათი ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განსხვავდება მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისგან. სვანები ორგვარ ქუდს ხმარობენ: ზამთარში იხურავენ მაღალსა და წვეტიან, თეთრ ან შავ ნაბდის ქუდს, ზაფხულში კი _ მრგვალ ქუდს, რომელსაც ყველა სვანურ ქუდს ეძახის. სვანებს ძალიან უყვართ იარაღი.

როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავიანთი კუთხე ძალიან უყვართ. სვანი იშვიათად მიატოვებს თავის მხარეს ცოტა ხნითაც კი. ბევრი სვანი ისე ბერდება, რომ სვანეთს არ გასცილებია. ბევრს ზემო სვანს არ უნახავს ქვემო სვანეთი.

სვანებმა იციან მოსისხლე მტრობა. სვანეთში სისხლი სისხლმა უნდა გადაიხადოს. თუ სვანს ვინმეს ნათესავი ჩხუბში შემოაკვდა, თვითონაც უნდა მოელოდეს სიკვდილს მოკლულის ნათესავებისაგან... ამას ეძახიან `სისხლის აღებას~. ამ ცუდ ჩვეულებას მოსდევს დიდი მტრობა გვარებსა და სოფლებს შორის. ამიტომაც ყოველ სახლს მაღალი კოშკი უდგას წინ, სადაც მტრის თავდასხმის დროს ოჯახი შეეფარება ხოლმე. ეს კოშკები ისეთი ძველია, რომ მათი აშენება აღარავის ახსოვს. ეტყობა, წინათ სვანებს ერთმანეთში ომი ხშირად ჰქონიათ. ერთმანეთის მტრობა სვანებს მთელ სიცოცხლეს შიშის ქვეშ ატარებინებს. როგორც სახლში, ისე სახლის გარეთ სვანს ეშინია შეხვდეს იმას, ვისაც სისხლიც ჰმართებს...