რიო


 

შესავალი

რიოს შესახებ, ალბათ, გსმენია... რიო ხშირად ბრაზილიის დედაქალაქი ჰგონიათ. სინამდვილეში ბრაზილიის დედაქალაქი ბრაზილიაა. რიო კი ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქია. ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქი, მაგრამ არა რიგითი ქალაქი. რიო დე ჟანეირო ბრაზილიის ყველაზე ცნობილია ქალაქია. ყველას სმენია რიოს შესახებ. რადგან რიო მართლაც ცნობილი ქალაქია, ამიტომ ჰგონიათ ხშირად ის ბრაზილიის დედაქალაქი...

საინტერესოა, რა იცი რიოს შესახებ? დარწმუნებული ვარ, გსმენია რიოს კარნავალის შესახებ. რიოს კარნავალზე მოხვედრა ხომ ყველა ბავშვისა და ყველა ადამიანის ოცნებაა. ფეხბურთი თუ გიყვარს, აუცილებლად გეცოდინება ფეხბურთის მეფე - პელე... პელე ხომ ბრაზილიელია!

ფეხბურთი თუ გიყვარს, ისიც გეცოდინება, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი რიოშია - მარაკანას ცნობილი სტადიონი.

ქრისტეს ქანდაკების შესახებ თუ გსმენია?

 

კოპაკაბანას პლიაჟიც, ალბათ, გსმენია. ის ხომ მსოფლიოში ულამაზესი პლაჟია და რიოს ყველაზე ცნობილი რაიონი. კოპაკაბანა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილიცაა მსოფლიოში. ქრისტეს ქანდაკება ერთ-ერთი ულამაზესია და თანამედროვე შვიდ საოცრებაშია შესული. მოკლედ, რიო დე ჟანეიროსთან, შემოკლებით კი - რიოსთან, ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის დაკავშირებული. მოდით, ჩვენც ნელ-ნელა მივყვეთ და კარგად გავიცნოთ რიო, მსოფლიოს ულამაზესი ქალაქი.

 

რიოს შესახებ

რიო უძველესი ქალაქია. ის ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ქალაქია. რიო დიდი ხნის განმავლობაში იყო ბრაზილიის დედაქალაქი. მხოლოდ 1960 წელს ბრაზილიის დედაქალაქის სტატუსი დაუთმო ახლად აშენებულ ქალაქ ბრაზილიას. სახელწოდება რიო დე ჟანეირო „იანვრის მდინარეს“ ნიშნავს. ეს სახელი მას ამერიგო ვესპუჩიმ დაარქვა. ამერიგო ვესპუჩიმ აღმოაჩინა ეს ადგილი 1502 წლის იანვარში. შესაბამისად, მას „იანვრის მდინარე“ უწოდა.

 

რიოს კარნავალი

რიოს კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. ათასობით სამბას მოცეკვავე ცეკვავს რიოს ქუჩებში. მოცეკვავეებს უამრავი ხალხი მოჰყვება. ხალხი ტკბება ულამაზესი ცეკვებით. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც მართლაც მომხიბვლელი სანახაობაა.

ბრაზილიის ცნობილი კარნავალი პორტუგალიური ზეიმისგან წარმოიშვა. ადრე პორტუგალიური ზეიმი „ენტრუდო“ აღინიშნებოდა. ენტრუდოს დროს მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს. ენტრუდო მალე გააზრებულმა და ლამაზმა კარნავალმა შეცვალა.

რიოს კარნავალი პირველად 1840 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ამ კარნავალზე სამბას არ ცეკვავდენენ... სამბა, იცი, რა არის? - სამბა ცეკვაა, რომელსაც ყველა ცეკვავს სამბას კარნავალზე. სამბას ცეკვა რიოს კარნავალზე მოგვიანებით დაიწყეს, მხოლოდ 1917 წელს... სამბა სხვადასხვა ცეკვის ნაზავია: სამბა მოიცავს ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას, აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ელემენტებს. ცეკვა სამბა გაჩნდა, როგორც გადასახლებული ადამიანების სახლში დაბრუნების სიმბოლო. სახლში დაბრუნებულ გადასახლებულ ადამიანებს ამ ცეკვით ეგებებოდნენ და ამ სადღესასწაულო დღეს ასრულებდნენ.

ამჟამად რიოს კარნავალი ტარდება სამბას სკოლის მიერ. რიოს კარნავალი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. კარნავალის პერიოდი დასვენების დღეებად ცხადდება.

კარნავალს თავის ჟიური ჰყავს. ჟიური სამბას მოცეკვავეების საუკეთესო გუნდს გამოავლენს და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს” ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის მმართველი ხდება (ოთხი დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.

 

ქრისტეს ქანდაკება

ქრისტეს ქანდაკება რიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ქანდაკება თანამედროვე შვიდი საოცრების სიაში შეიყვანეს. რიო დე ჟანეიროს სანაპიროზე გრანდიოზული ქანდაკების დადგმის იდეა ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისათვის საზეიმო ცერემონიალის მზადებისას გაჩნდა. ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი 1922 წელს აღინიშნებოდა. ქანდაკება მოქანდაკე ეკტორ და სილვა კოსტას შექმნილია. მისი იდეა იყო, ისეთი ქანდაკება აღემართა, რომელიც მთელ ქალაქს გულში ჩაიკრავდა.

ქანდაკება პარიზში დამზადდა და 1931 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა რიო დე ჟანეიროში, კონკოვადოს მთაზე. ქანდაკების სიმაღლე 32 მეტრია, კვარცხლბეკი - 7 მეტრი, ქანდაკების თავი 35 ტონას იწონის, ხელები კი 23 მეტრის სიგრძისაა. ქრისტეს ქანდაკება მართლაც საოცარი და ულამაზესი სანახავია. ის ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. რიოში ჩასული სტუმარი აუცილებლად სტუმრობს ამ ქანდაკებას.

 

მარაკანას სტადიონი

ფეხბურთი თუ გიყვარს, ალბათ, მარაკანას სტადიონიც გაგიგია. მარაკანას სტადიონი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონია მსოფლიოში. მარაკანას სტადიონიც რიოშია. ერთ დროს ამ სტადიონზე 200 ათასი გულშემატკივარიც კი ეტეოდა და თამაშს 200 ათასი მაყურებელი დასწრებია. ეს რიცხვი რეკორდულია მსოფლიოში.

„მარაკანას” სტადიონი აშენდა 1950 წელს. ამ სტადიონზე იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ბრაზილიის ნაკრები ურუგვაის ნაკრებს ეთამაშებოდა.

ფინალური შეხვედრა 1950 წლის 16 ივლისს შედგა. სტადიონზე 174 ათასი გულშემატკივარი მივიდა.

პირველი გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. მაყურებელმა ისე იყვირა სიხარულისგან, რომ სტადიონი კინაღამ დაინგრა. ბრაზილიელთა სამწუხაროდ, ურუგვაელებმა ორი გოლი გაუტანეს ბრაზილიელებს და უზარმაზარი „მარაკანა” დაადუმეს... ეს იყო ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე ტრაგიკული მომენტი. მსოფლიო ჩემპიონი ურუგვაი გახდა... მარაკანას ახალი სტადიონი უიღბლო აღმოჩნდა ბრაზილიელთათვის იმ წელს.

„მარაკანა” მაინც განსაკუთრებულ ადგილად იქცა ბრაზილიელებისთვის, „მარაკანას“ შესახებ მსოფლიოს ფეხბურთი მეფე, პელე, წერდა: „იქ გავიტანე ჩემი პირველი გოლი არგენტინის წინააღმდეგ. აქ გავიტანე ჩემი მე-1000 გოლი. ამ სტადიონზე უამრავ ფეხბურთელს უთამაშია. აქ სულ სხვა აურა და განწყობაა”.

„მარაკანას“ სტადიონზე მარტო ფეხბურთის მატჩები არ იმართება. ამ სტადიონზე გამართულა არაერთი ცნობილი ხელოვანის კონცერტი. ფრენკ სინატრას, როლინგ სტოუნზს, მადონას და სხვა მომღერლებს აქვთ ნამღერი „მარაკანას“ ულამაზეს სტადიონზე.

ალბათ საინტერესოა, რატომ უწოდეს ამ ულამაზეს სტადიონს მარაკანა?

მარაკანას სტადიონის ოფიციალური სახელია მარიო ფილიოს სახელობის სტადიონი. მარიო ფილიო ცნობილი სპორტული ჟურნალისტი იყო. სტადიონს „მარაკანა“ მდინარის სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს. პატარა მდინარე „მარაკანა“ ჩამოედინება სტადიონის ახლოს. სტადიონის ახლოს მდებარე დასახელებასაც მარაკანას დასახლება შეარქვეს.

„მარაკანას“ სტადიონზე ამჟამად სარემონტო სამუშაოებია. მარაკანას სტადიონი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებისთვის ემზადება. ამ სტადიონზე ჩატარდება 2013 წლის კონფედერაციის თასი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ეს შეჯიბრებები უკვე განახლებულ მარაკანაზე გაიმართება.