კაცი,ნიანგი, მელია


ერთ დღეს ერთი გლეხი სახლში მიდიოდა. გლეხის სახლი ტყის პირას იყო. სახლში მისასვლელად გლეხს ტყე უნდა გაევლო. გლეხი ტყეში შევიდა. გლეხმა ძალიან ბევრი იარა. უცებ დიდი მწვანე ნიანგი დაინახა. მწვანე ნიანგმა გლეხს დაუძახა: „გთხოვ, დამეხმარე, კეთილო ადამიანო! ჩემი მშობლები მდინარეში ცხოვრობენ. მე ტყეში წამოვედი და დავიკარგე. გთხოვ, დამეხმარე და წამიყვანე ჩემს მშობლებთან, მდინარეში.“

 

გლეხი კეთილი ადამიანი იყო. მან ჩასვა ნიანგი დიდ ტომარაში. გლეხმა ნიანგი მდინარისკენ წაიყვანა. გლეხი მდინარესთან მივიდა. მან ტომარა გახსნა და ნიანგი ამოიყვანა. ნიანგმა გლეხს შეხედა და უთხრა:

„მოემზადე, უნდა შეგჭამო!“.

გლეხი გააოცა ნიანგის სიტყვებმა. მან ნიანგს უთხრა: „როგორ შეგიძლია შემჭამო? მე ხომ დაგეხმარე და მდინარესთან მოგიყვანე?!“.

ნიანგი მშიერი იყო. მას გლეხის სიტყვები არ ესმოდა. მან კაცს ფეხზე კბილები ჩაავლო და წყალში გადააგდო.

„რა უმადური ხარ!“ - ყვიროდა გლეხი.

ნიანგმა უპასუხა:

„მე არ ვარ უმადური. უბრალოდ, მე ვასრულებ წესს, რომელსაც ჩემი მშობლები მასწავლიდნენ: ჭამე ყველაფერი, რაც შეგხვდება“.

„მე არ ვეთანხმები ამ წესს. მოდი, წავიდეთ და ვნახოთ ვინმე. ვინმე, ვინც დაგვეხმარება სიმართლის დადგენაში. თუ მოსამართლეები გვეტყვიან, რომ ეს წესი სწორია, მაშინ შემჭამე მეც და ჩემი მთელი ოჯახიც!“ – უთხრა გლეხმა.

ნიანგი დაფიქრდა. ის ხარბი იყო. თუ ახლა მარტო გლეხს შეჭამდა, მაშინ გლეხის მთელ ოჯახს ვეღარ შეჭამდა. ამიტომ გადაწყვიტა, გლეხს გაჰყოლოდა.

 

გლეხი და ნიანგი მოსამართლის მოსაძებნად წავიდნენ. პირველად მათ ვაშლის ხე შეხვდათ. გლეხმა ვაშლის ხეს უთხრა: „დღეს მე სახლში მივდიოდი. ჩემი სახლი ტყის პირას არის. ამიტომ ტყე უნდა გამევლო. გზად ნიანგი შემხვდა. ნიანგი დაკარგული იყო. მან დახმარება მთხოვა. მე დავეხმარე ნიანგს - წავიყვანე მდინარეში. ნიანგმა კი ჩემი შეჭმა გადაწყვიტა.“

შემდეგ გლეხმა ვაშლის ხეს სთხოვა:

„ვაშლის ხეო, გთხოვ, მითხარი, სამართლიანია თუ არა, შეჭამო ყველაფერი, რაც კი შეგხვდება?“

ვაშლის ხემ უპასუხა:

„დიახ, ეს სამართლიანია. იცი რატომ? ადამიანები ჩემს ჩრდილში მზეს ემალებიან. შემდეგ ჩემს ნაყოფს ჭამენ და შემდეგ მოდიან და მჭრიან. შეშა ხომ სჭირდებათ ზამთარში“...

 

 

ნიანგმა და გლეხმა მადლობა გადაუხადეს ვაშლის ხეს პასუხისთვის და გზა გააგრძელეს.

გზაში შეხვდათ ძროხა.

გლეხმა ძროხას უთხრა:

„დღეს მე სახლში მივდიოდი. ჩემი სახლი ტყის პირას არის. ამიტომ ტყე უნდა გამევლო. გზად ნიანგი შემხვდა. ნიანგი დაკარგული იყო. მან დახმარება მთხოვა. მე დავეხმარე ნიანგს - წავიყვანე მდინარესთან. ნიანგმა კი ჩემი შეჭმა გადაწყვიტა.”

გლეხმა ძროხას ჰკითხა:

„მითხარი, მეგობარო, სამართლიანია თუ არა, შეჭამო ყველაფერი, რაც კი გზად შეგხვდება?“

 

„დიახ, – უპასუხა ძროხამ, - მე ადამიანებს რძეს ვაწვდი. ისინი რძისგან ყველს, კარაქს და მაწონს ამზადებენ. როდესაც ვბერდები, ისინი მკლავენ ან გადამაგდებენ, რომ გარეულმა ცხოველებმა შემჭამონ“.

ამ პასუხზე ნიანგმა გადაიხარხარა: „ორმა მოსამართლემ ჩემს სასარგებლოდ თქვა. წავიდეთ, ვნახოთ მესამე“, - თქვა ნიანგმა.

გლეხმა და ნიანგმა გზა გააგრძელეს.

ცოტა ხნის მერე მათ დაინახეს მელა. გლეხი მელასაც მოუყვა თავის ამბავს და ჰკითხა:

„სამართლიანია თუ არა, შეჭამო ყველაფერი, რაც კი გზაზე შეგხვდება?“

მელა ეშმაკი და ჭკვიანი იყო. მან უპასუხა:

„სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, ჯერ ჩემს შეკითხვაზე მიპასუხეთ: როგორ ჩაეტია ამხელა ნიანგი ასეთ პატარა ტომარაში? ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.“

„წარმოუდგენლად? რატომ? მე გაჩვენებთ, როგორც!“ - უპასუხა ნიანგმა და ტომარში შეძვრა. მელამ გლეხს თვალი ჩაუკრა. გლეხმა აიღო დიდი ქვა და ტომარას დაანარცხა. მან მოკლა ნიანგი.

ნიანგი საჭმელად მელას დარჩა. ხოლო გლეხი თავის სახლში მშვიდობიანად დაბრუნდა.

ნიანგი დაისაჯა თავისი უმადურობის და ბოროტების გამო.