რომი


 

შესავალი

იცი, რა ჰქვია იტალიის დედაქალაქს? დიახ, ეს რომია. რომი ტურისტების საყვარელი ქალაქია. რომს ბევრ სხვადასხვა სახელს ეძახიან. „მარადიული ქალაქი“, „წმინდა ქალაქი“, „კაცობრიობის ისტორიის სიმბოლო“ და სხვა.

რომი ძალიან ლამაზი ქალაქია. ის ძალიან დიდი და ძველია. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში. რომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წელს დაარსდა.

რომი თავისი ისტორიით, კულტურითა და ღირშესანიშნაობებით არის ცნობილი. ის მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების სიაში შედის. მას ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. რომში წელიწადში 4 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის. ეს დაახლოებით საქართველოში მცხოვრები ადამიანების რაოდენობაა.

 

რომის დაარსების ისტორია

რომთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ლეგენდა არსებობს.ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპმა ძმებმა - რომულუსმა და რემუსმა დააარსეს.

ახალშობილი ტყუპები ბიძამ ჩასვა კალათაში და ტყის პირას დატოვა. ბიძას უნდოდა, რომ მეფის ტახტი და ძალაუფლება ხელში ჩაეგდო. მას ხელს ძმისშვილები უშლიდნენ. ტყუპი ძმები ტახტის მემკვიდრეები იყვნენ. ბიძამ ჩვილები ასე სასტიკად მოიშორა თავიდან.

ტყის პირას ჩვილები მგელმა იპოვა. მან ბავშვები არ შეჭამა. მგელმა ბავშვები ძუძუთი გამოკვება. ის კოდალასთან ერთად უვლიდა და ზრდიდა ტყუპ ძმებს. ცოტა ხანში ტყუპები მწყემსმა იპოვა და თავისთან წაიყვანა. ბავშვებს მწყემსი და მისი ცოლი უვლიდნენ. მოგვიანებით მწყემსს ბავშვების გაზრდაში სხვა ადამიანებიც დაეხმარნენ. ეს ადამიანები უკმაყოფილონი იყვნენ ბავშვების ბიძის მეფობით. თვითმაქვია მეფე უსამართლო და სასტიკი იყო.

ბიჭები ლამაზები, ღონივრები და გონივრები გაიზარდნენ. განსაკუთრებით რომულუსი გამოირჩეოდა. ძმებმა გარშემო ბევრი ადამიანი შემოიკრიბეს. ტყუპებმა ბიძას ბრძოლა გამოუცხადეს და მოკლეს. გამარჯვებულმა ძმებმა ახალი ქალაქის აშენება გადაწყვიტეს. ასე დაარსდა რომი. რომის შენების დროს ძმებს შორის ჩხუბი მოხდა. ამ ჩხუბში რომულუსმა რემუსი მოკლა.

რომი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ვითარდებოდა. ის ჯერ რომის სამეფოს დედაქალაქი იყო. მოგვიანებით რომის რესპუბლიკის დედაქალაქიც გახდა. ბოლოს იგი რომის იმპერიის ცენტრი გახდა. საუკუნეების განმავლობაში რომი მსოფლიოს ცენტრი იყო. მას მსოფლიოს დედაქალაქს უწოდებდნენ.

 

რომის ღირშესანიშნაობები

რატომ უყვართ ტურისტებს რომი?

აქ ყველა შენობას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ ყველა აგურს და ქვას კულტურული მნიშვნელობა აქვს.

რომის პირველი საოცრება - ვატიკანია. ვატიკანი სახელმწიფოა, რომელიც ქალაქ რომშია მოქცეული. ვატიკანი მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა. აქ 800-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. ვატიკანში პაპის რეზიდენციაა. ვატიკანი მსოფლიოს კათოლიკე ქრისტიანების მთავარი ეპარქიაა.

წმინდა პეტრეს ტაძარი რომის სიამაყეა. ის ვატიკანში მდებარეობს. სიდიდით და მნიშვნელობით წმინდა პეტრეს ტაძარი პირველია ვატიკანში. იგი 130 მეტრი სიმაღლისაა. ტაძარში ფრესკები და ხატები არ არის, აქ კედლები და გუმბათი მოზაიკათაა მორთული. წმინდა პეტრეს ტაძარში 60000 ადამიანი ეტევა. მისი გუმბათი უდიდესი შემოქმედის - მიქელანჯელოს ნამუშევარია.

ტურისტები რომში აუცილებლად ნახულობენ კოლიზეუმს. კოლიზეუმი ძალიან ძველი შენობაა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 80 წელს აიგო. კოლიზეუმი უზარმაზარია. მასში 60 000 ადამიანი ეტეოდა. ისინი ოვალური არენის გარშემო ისხდნენ. აქ გლადიატორების ბრძოლებს უყურებდნენ.

გლადიატორებს ეძახდნენ მებრძოლებს ძველ რომში. გლადიატორები ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ და ამით მაყურებლებს ართობდნენ.

რომში კიდევ ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომლებიც ტურისტებისთვის დასათვალიერებელი ადგილების სიაშია შესული. რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონიტრაიანესსვეტი, ტრაიანეს ბაზარი, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდაის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახულოთ.

სეირნობით დაღლილი, აუცილებლად ჩამოჯექი ტრევის შადრევანთან. ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში ჩააგდებს რკინის ფულს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში. ყოველდღე შადრევანში დაახლოებით 3000 ევროს ყრიან ტურისტები. რომში დაბრუნება ყველას უნდა. რომი მართლაც ოცნების ქალაქია.

 

ხანძარი რომში

ერთ-ერთი ლეგენდა რომის ხანძრის შესახებ გვიამბობს. ეს 64 წელს მოხდა. რომი დიდი და განვითარებული ქალაქი იყო. მაშინ რომში ბევრი ბიბლიოთეკა, გალერეა და ბაზარი იყო. ეწყობოდა გლადიატორების გამოსვლები, საცირკო წარმოდგენები.

მდიდრებისა და ღარიბების სახლები რომში ძალიან განსხვავდებოდა. ღარიბების სახლები ხისგან იყო აშენებული.

19 ივლისს ძალიან ცხელოდა რომში. სიცხემ და სიმშრალემ ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ბაზარში დაიწყო და მერე სტადიონზე გადავიდა. ცოტა ხანში მთელი ქალაქი ხანძარში გაეხვია. რომის მოქალაქეები სახანძროებთან ერთად 9 დღე ებრძოდნენ ცეცხლს. ბევრ ადამიანს დაეწვა სახლები და საცხოვრებელი. დაღუპულთა რიცხვი უცნობია.

ლეგენდის თანახმად, ხანძარი იმპერატორმა ნერონმა გააჩინა. მას უნდოდა, რომ ძველი სახლების მაგივრად ახლები აეშენებინა. განახლებული რომით იმპერატორი იამაყებდა.

მეორე ლეგენდის თანახმად, ნერონს პოემის შექმნა სურდა. მას უნდოდა, რომ პოემა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ყოფილიყო. ნერონი ფიქრობდა, რომ აალებული რომი პოემისთვის წარმოსახვას მისცემდა. მან რომის გადაწვა ბრძანა.

დანამდვილებით არავინ იცის, რატომ დაიწყო ხანძარი. თუმცა, ხანძარმა რომის მაცხოვრებლები გააერთიანა.