პრინცესა ანასტასია
ანასტასია რუსი პრინცესა იყო. ის რუსეთის უკანასკნელი მეფის ქალიშვილი იყო. გოგონას ლამაზი სახე, ღია წაბლისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. ანასტასია მხიარული ბავშვი იყო. ის ბევრს ხუმრობდა და იცინოდა. სასახლეში ანასტასია ყველას ძალიან უყვარდა. ის სასახლეში ყველას გამორჩეულად უყვარდა.
ერთხელ მეფეს სასახლეში სტუმრები ეწვივნენ. ანასტასია ამ დროს სამი ან ოთხი წლის გოგონა იყო. სტუმრები ძალიან სერიოზული ადამიანები იყვნენ. პატარა ანასტასია მაგიდის ქვეშ შეძვრა. ის სტუმრებს ფეხებზე ფხაჭნიდა ძაღლივით. მამა ძალიან გაბრაზდა. სტუმრებმა კი ბევრი იცინეს ანასტასიას ხუმრობაზე.
რომანოვების ოჯახი
რომანოვი რუსეთის უკანასკნელი სამეფო გვარი იყო. ანასტასიას მამა, ნიკოლოზ მეორე კი - რუსეთის უკანასკნელი მეფე. ანასტასიას სამი უფროსი და და ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა. თვითონ მეოთხე ბავშვი იყო. და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ბავშვები სულ ერთად იყვნენ, ერთმანეთს უვლიდნენ და მეგობრობდნენ. უბრალო ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მეფის სასახლე ძალიან დიდი და ლამაზი იყო. იქ ცხოვრებაზე ბევრი ადამიანი ოცნებობდა. თუმცა მეფე ნიკოლოზის შვილები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. მათ ისეთივე ჩვეულებრივი ოთახები ჰქონდათ, როგორც სხვა ბავშვებს. მეფის სასახლეც არ იყო ძალიან დიდი და ლამაზი, როგორც ამას უბრალო ადამიანები ფიქრობდნენ. სასახლეში ციოდა. ბავშვები ზამთარში ხშირად იყვნენ ავად.
ანასტასიას და მის და-ძმას მშობლები ამეცადინებდნენ. ბავშვებთან მასწავლებლებიც მოდიოდნენ. ისინი სწავლობდნენ ფრანგულ და ინგლისურ ენებს, ხატვას, მუსიკას, ისტორიასა და გეოგრაფიას. ანასტასიას ძალიან უყვარდა ხატვა და მუსიკა. ის კარგად ხატავდა. საკუთარ ნახატებს ანასტასია თავის ოთახში, კედლებზე ჰკიდებდა.
გოგონა უკრავდა პიანინოზე და ბალალაიკაზე. ანასტასია ძალიან მოსწონდა სასახლის პარკში სეირ-ნობა. პატარა და ცელქი გოგონა ხან მოთხუპნული დადიოდა, ხანაც თმაგა-წეწილი.
ბავშვობა
ერთხელ მშობლებმა ანასტასია თეატრში წაიყვანეს. სპექტაკლის დროს ანასტასია ძალიან მოითხუპნა. თურმე გოგონას სახლიდან შოკოლადები წამოეღო. სპექტაკლის დროს კი შოკოლადებს ჩუმად ჭამდა. პატარა და ცელქ გოგონას ხელებიდან ხელთათმანების გაძრობაც დაავიწყდა. როცა მშობლებმა ჰკითხეს, რატომ ხარ მოთხუპნულიო, გაიცინა და თქვა: „შოკოლადები კიდევ მაქვს, თუ გინდათ, თქვენც აიღეთო.“ აი, ასეთი მხიარული და ცელქი იყო პატარა ანასტასია. სადაც გოგონა იყო, იქ სიცილი და ხალისი არ თავდებოდა.
მსოფლიო ომი
1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწო. მეფემ და დედოფალმა საკუთარ სასახლეში საავადმყოფო გახსნეს. პრინცესები დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდნენ. ანასტასიამ ჯარისკაცებს ძალიან შეაყვარა თავი. გოგონა ყოველდღე მიდიოდა მათთან. ის დაჭრილ ჯარისკაცებს წიგნებს უკითხავდა, აცინებდა და ოჯახისთვის წერილებს უწერდა. ანასტასია ჯარისკაცებისთვის კონცერტებსაც აწყობდა დებთან ერთად.
მეფის ოჯახის გადასახლება და დაღუპვა
1917 წელს რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია მოხდა. წითელარმიელებმა მეფე ნიკოლოზს მეფობა წაართვეს. წითელარმიელებმა მეფე და მის ოჯახი სახლში გამოკეტეს. ვერც დიდები და ვერც ბავშვები სახლიდან ვერ გადიოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კი მეფის ოჯახი ქალაქ ეკატერინბურგში გადაასახლეს. ანასტასია ამ დროს 17 წლის იყო. რუსეთის ახალმა მთავრობამ მეფის ოჯახის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. მეფის ოჯახი ცდილობდა უცხო ქვეყანაში წასულიყო, რომ რუსეთში არ ეცხოვრა. თუმცა მეფის ოჯახმა არ იცოდა, რა ელოდებოდა. ღამე ჯარისკაცები მოვიდნენ, მთელი ოჯახი გააღვიძეს და სარდაფში ჩაიყვანეს. ჯარისკაცებმა მეფე მოატყუეს, გარეთ სროლაა და აქ უფრო უსაფრთხოდ იქნებითო. მეფის ოჯახი ვერაფერს მიხვდა. ორი წუთის შემდეგ ყველანი კედელთან დააყენეს და ესროლეს. ცოცხალი არავინ გადარჩა. ანასტასია ყველაზე ბოლოს მოკვდა.
ანასტასიას სიკვდილის შემდეგ
დიდი დრო გავიდა. რუსი ხალხი დაწყნარდა. მეფის ოჯახი აღარ არსებობდა. ნელ-ნელა, სხვადასხვა ქვეყანაში გამოჩნდნენ ცრუ ანასტასიები. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ქალი ამტკიცებდა, რომ რუსი პრინცესა იყო. ყველა ცნობილი ცრუ ანასტასია გერმანიაში ცხოვრობდა. ამ რუს ქალს ანა ანდერსონი ერქვა. ის ამტკიცებდა, რომ ანასტასია რომანოვა იყო. როდესაც ანა ანდერსონი გარდაიცვალა, მას ანალიზი ჩაუტარეს. იგი ნამდვილი ანასტასია არ აღმოჩნდა.
ამერიკაში მხატვარი ევგენია სმიტი ამტკიცებდა, რომ ის იყო ნამდვილი ანასტასია. ამერიკელი ცრუ ანასტასიას შესახებ წიგნია დაწერილი.
ანასტასიას სიკვდილი საბოლოოდ 2007 წელს დამტკიცდა. აღმოაჩინეს გოგონას და ბიჭის გვამები. როდესაც ანალიზი ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ნიკოლოზ მეფის შვილები, ალექსეი და ანასტასია იყვნენ. ეს ისტორია დღემდე დიდი ტრაგედიაა რუსეთის ისტორიაში. ანასტასია ბევრი ფილმის, მულტფილმის და წიგნის მთავარი გმირია.