ნიკოლა ტესლა


 

ნიკოლა ტესლა

ნიკოლა ტესლა

ნიკოლა ტესლა მეოცე საუკუნის უდიდესი გამომგონებელი იყო. ალბათ ყველას გინახავთ სარეკლამო ბანერებზე მოციმციმე სინათლე და ლაზერული გამოსხივება. მათი არსებობა ნიკოლა ტესლას დამსახურებაა. უფრო კარგად რომ გავიცნოთ ამ უჭკვიანესი ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, მის შესახებ მოყოლას ბავშვობის წლებიდან დავიწყებ.

 

ნიკოლა ტესლას ბავშვობა

ნიკოლა ტესლა დაიბადა ხორვატიაში, ქალაქ გოსპიკის მახლობლად, 1856 წელს. იგი ქალაქის ახლოს მდებარე ლამაზ სოფელში ცხოვრობდა და თავისი ბავშვობა იქ გაატარა. გოსპიკში კი დაწყებითი განათლება მიიღო. მას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა- მშობლები და ოთხი და-ძმა, თვითონ მეხუთე ბავშვი იყო. მამამისი სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო და სახლის გვერდით მდებარე ეკლესიაში მუშაობდა. დედამისი კი დიასახლისი იყო და თვითონ იგონებდა საოჯახო ნივთებს. გამომგონებლის ნიჭი ტესლას დედისაგან დაჰყვა, მისგანვე

ტესლას სახლი ხორვატიაში/დღეს ტესლას მუზეუმი

ტესლას სახლი ხორვატიაში/დღეს ტესლას მუზეუმი

ისწავლა ბევრი ლექსი და მოთხრობა, თუმცა დედამისს წერა-კითხვა არასოდეს სცოდნია. იგი ყველაფერს ზეპირად იმახსოვრებდა, შემდეგ კი შვილებს ასწავლიდა.

ნიკოლა ტესლას ძალიან უცნაური მეხსიერება ჰქონდა, იგი წიგნებიდან არასოდეს არ სწავლობდა, ყველაფერს ზეპირად იმახსოვრებდა ერთი დანახვითაც კი. ასეთ მეხსიერებას ფოტოგრაფიულ მეხსიერებას უწოდებენ. როცა იგი რაიმეს გამოიგონებდა, მის ტვინში ჯერ მთლიანი მექანიზმი იხატებოდა, შემდეგ კი ტესლა სათითაოდ აწყობდა ამ მექანიზმის დეტალებს.

 

ნიკოლა ტესლა ამერიკაში

სერბული დინარი ტესლას გამოსახულებით

სერბული დინარი ტესლას გამოსახულებით

ავსტრიაში, გრაცში სწავლის შემდეგ ტესლა საფრანგეთში წავიდა სამუშაოდ. იგი აქ ერთ-ერთ ქარხანაში ინჟინრად მუშაობდადა ელექტრომოწყობილობებს აუმჯობესებდა. საფრანგეთიდან მალევე წავიდა ამერიკაში. მას აქ არაფერი ებადა, გარდა 4 ცენტისა და ფრანგი გამომგონებლის, ჩარლზ ბეჩელორის სარეკომენდაციო წერილისა. ბეჩელორი ამერიკელ გამომგონებელს ტომას ედისონს წერდა: „დღეს მე ორ დიდ ადამიანს ვიცნობ. ერთი შენ ხარ და მეორე ეს ახალგაზრდა ადამიანი,რომელსაც შენი ნახვა სურსო“. ედისონმა მიიღო ტესლა და მუშაობაც დააწყებინა. მან ტესლას შესთავაზა, რომ მისი გამოგონებული მუდმივი დენის გენერატორების ახალი თაობა დაეპროექტებინა. ტესლა ამას დასთანხმდა. მალევე მან ნახა, რომ ეს ძრავები და გენერატორები უვარგისი იყო, ხშირად ფუჭდებოდა და გადაწყვიტა, რომ ისინი გაეუმჯობესებინა. ედისონი ამ საქმის კარგად განხორციელებისათვის მას 50 000 დოლარს შეჰპირდა. როცა ტესლამ ყველაფერი კარგად შეასრულა და ანაზღაურებაც მოითხოვა, ედისონმა უპასუხა, რომ ფულთან დაკავშირებით იხუმრა: „ტესლა, შენ არ გესმის ჩვენებური, ამერიკული იუმორი“.

ტესლამ ამის შემდეგ მისი კომპანია დატოვა და, ფული რომ ეშოვა, ამერიკაში თხრილების გაყვანა დაიწყო. ტესლა და ედისონი ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტესლა ამტკიცებდა,რომ ედისონის მიერ აგებულ მუდმივი დენის სადგურებს ხალხისთვის დიდი სარგებელი არ მოჰქონდადა ცვლადი დენი უკეთესი იქნებოდა. შორ მანძილზე რომ დენი სადენებით გადაეცათ,ამისათვის ძლიერი ძაბვა იყო საჭირო, სადენები კი ამ სიმძლავრეს ვერ უძლებდა და მუდმივად ფუჭდებოდა. ამის სანაცვლოდ, ტესლამ ცვლადი დენი შემოგვთავაზა, რომელიც წამში 50-60-ჯერ იცვლიდა მიმართულებას და სადენებიც მაღალ ძაბვას თავისუფლად უძლებდნენ. მისმა პროექტმა გაიმარჯვა და საბოლოოდ მუდმივ დენს ცვლადი დენი ჩაენაცვლა.

 

ტესლას სხვა გამოგონებები

ტესლას ბევრი გამოგონება დღესაც უცვლელი სახით არსებობს და ასე გამოიყენება. 1891 წელს მან შექმნა სპირალი, რომელიც დღესაც უცვლელად გამოიყენება რადიოსა და ტელევიზორის აგებულებაში. ტესლამ გამოიგონა აგრეთვე დენის დისტანციური მართვის მოწყობილობა. მან მეორე ქალაქში, 40 კილომეტრის დაშორებით, ერთდროულად აანთო 200 ნათურა კაბელის გარეშე და ამით მთელი ამერიკა გააოცა. პირველირადიოკომუნიკაცია და რადიოგადამცემები მან შექმნა, რომლისთვისაც სადენებს აღარ იყენებდა.

სანამ იაპონელები რობოტებს გამოიგონებდნენ და მას განავითარებდნენ, ტესლამ უკვე შექმნა პირველი მარტივი რობოტი, რომელიც დისტანციურად იმართებოდა.

ტესლა თავის სიცოცხლეშივე აღიარებული ადამიანი და არაერთი პრიზის მფლობელი იყო. ტესლა და ედისონი ნობელის პრემიითაც კი დააჯილდოეს, მათ ეს პრემია უნდა გაეყოთ, რაზეც ტესლამ საერთოდ უარი განაცხადა.

 

ნიკოლა ტესლას უცნაურობები

ნიკოლა ტესლას ჰქონდა უცნაური ახირებები: ციფრი სამიანი მისთვის მაგიური იყო. ხშირად ერთსა და იმავეს სამჯერ აკეთებდა. მოგზაურობების დროს, სასტუმროში ყოველთვის ისეთ ნომრებში ჩერდებოდა, რომლის ნომერიც სამზე იყოფოდა. ტესლას ძალიან უყვარდა ფრინველები და ცხოველები, განსაკუთრებით კი მტრედები და კატები.

ტესლას ქანდაკება

ტესლას ქანდაკება

 

ტესლას გარდაცვალება

ნიკოლა ტესლა არასოდეს დაქორწინებულა. მან მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა, მეუღლისა და შვილების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ლამაზ ქალს უყვარდა.

1943 წელს კი იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა, 3327-ე ნომერში( 3327-ც იყოფა სამზე!).

ტესლას სურვილით, მისმა მეგობარმა, ხორვატიელმა მოქანდაკე ივან მესტროვიჩმა დაამზადა ტესლას ქანდაკება. ეს ქანდაკება დღეს ამერიკის ეროვნულ პარკში, ნიაგარას ჩანჩქერებთან ახლოს დგას.