ნიანგი


 

ნიანგი ქვეწარმავალია და მისი სამი ძირითადი სახეობაა გავრცელებული. ეს სახეობებია: ნამდვილი ნიანგები, ალიგატორები და გავიალები. ნიანგი მტაცებელი და ძალიან საშიში ქვეწარმავალია, მას ადამიანის შეჭმაც კი შეუძლია. მაგრამ ძირითადად წყლის პატარა თევზებითა და ფრინველებით იკვებება. ნიანგის სამივე სახეობა საინტერესოა და ერთმანეთისაგან განსხვავებული. ამიტომ სამივეს შესახებ მოგიყვებით თქვენთვის საინტერესო ამბებს.


ნამდვილ ნიანგებში ორი ნიანგია ძირითადად ჩვენთვისცნობილი: ავსტრალიური მლაშე წყლის ნიანგი და ნილოსის ნიანგი.

 


aვსტრალიური ნიანგი: მამალი ავსტრალიური ნიანგები დედლებთან შედარებით უფრო დიდები იზრდებიან, დაახლოებით 6-7 მეტრს აღწევენ. ნიანგის ეს ჯიში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. გარდა ავსტრალიისა, ისინი ცხოვრობენ ინდონეზიასა და პაპუა-ახალ გვინეაშიც. ბოლო დროს ავსტრალიური ნიანგი იაპონიაშიც კი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ეს იმით ახსნეს, რომ ნიანგს შეუძლია დიდ მანძილზე ცურვა, ადვილად არ იღლება. ავსტრალიური ნიანგები უმეტესად ფრინველებს, კუებს და კრაბებს ჭამენ, თუმცა დიდი ნიანგები თავს ესხმიან ანტილოპებსა და კამეჩებსაც კი. იმდენად ძლიერი ყბები და კბილები აქვთ ამ ნიანგებს, რომ თავისუფლად მიირთმევენ ასეთი დიდი ზომის ცხოველებს.


ნილოსის ნიანგი: ნილოსის ნიანგი ავსტრალიური ნიანგის შემდეგ ყველაზე დიდი ზომისაა. მას კაციჭამია ნიანგსაც კი ეძახიან. ძველად ამ ნიანგს ეგვიპტელები აღმერთებდნენ კიდეც და მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. ამ ნიანგს მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ ძალიან სწრაფი და ძლიერია, ფეხების დახმარებით ნიანგს სწრაფად სირბილი შეუძლია. მისი კანი განსაკუთრებულია, ადვილად არ იჭრება და არ იხვრიტება, ამიტომ ნიანგის მოკვლა ადვილი საქმე არაა. ნილოსის ნიანგს, ისევე, როგორც სხვა ნიანგებს, თითებს შორის საცურაო აპკი აქვთ და ცურვა სირბილზე უფრო სწრაფადაც კი შეუძლიათ. ნიანგებს, საერთოდ, წყლის ქვეშ ყოფნა არ უყვართ. ისინი ზედაპირზე ამოყოფენ ხოლმე თავებს და ჰაერს სუნთქავენ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ნიანგები წყლის ქვეშ 2 საათსაც კი ძლებენ. ნილოსის ნიანგები 5 მეტრამდე იზრდებიან და დაახლოებით 500 კილოგრამს იწონიან.

ნილოსის ნიანგი, ისევე, როგორც ავსტრალიური, იკვებება ფრინველებით და ცხოველებით, მაგრამ ადამიანებსაც ხშირად მიირთმევს. მაგალითად, 2005 წელს უგანდაში მოკლეს დიდი ნილოსის ნიანგი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში შეუჭამია 83 ადამიანი.

ნილოსის ნიანგის კანისგან იშვიათ ჩანთებსა და ძვირფას ნივთებს ამზადებენ. ეს ნივთები ძალიან ძვირი ღირს. მისი ტყავის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ნილოსის ნიანგი გაწყვიტეს და მათი რაოდენობაც ძალიან შემცირდა. დღეს ნილოსის ნიანგი წითელ წიგნშია შეყვანილი.

 

ალიგატორი: ალიგატორი ნამდვილი ნიანგებისგან გარეგნობით განსხვავდება. როცა მას პირი დახურული აქვს, მაშინ ზედა ყბის კბილები იმალება და მხოლოდ ქვედა ყბის კბილები ჩანს. ნიანგებს კი ორივე, ზედა და ქვედა კბილები უჩანთ პირის დახურვის დროს. ნიანგსა და ალიგატორს თავის ფორმაც სხვადასხვანაირი აქვთ, ნამდვილი ნიანგის თავი წაგრძელებული და წვეტიანია, ალიგატორის თავი უფრო მომრგვალებული და ბლაგვია. ის ინგლისურ „უ“ ასოს მოგაგონებთ.

ორი სახის ალიგატორი არსებობს: ამერიკული და ჩინური, მათი გავრცელების ადგილების მიხედვით. ორივე ალიგატორი მუქი ფერისაა, ზოგჯერ შავიც კი. ალიგატორები ძირითადად ცხოველებითა და ფრინველებით იკვებებიან.

გავიალი: გავიალი ნიანგების განსაკუთრებული სახეობაა. ეს ჯიში ძირითადად ინდოეთში არის გავრცელებული. გარეგნობითა და თვისებებით ინდური გავიალი ძალიან განსხვავდება ნიანგების დანარჩენი ორი სახეობისგან. მისი თავი წაწვეტებული და წვრილია. აქვს გრძელი და ძალიან ვიწრო პირი, რითაც თევზებს იჭერს. მამალ გავიალებს უჩნდებათ ხახაზე პატარა წანაზარდი, რომელიც მათ ხმას უცვლის და უწვრილებს. დაწვრილებული ხმა კი დედალი გავიალებისათვის თავის მოწონებაში ეხმარებათ.

გავიალები დიდი ზომის ნიანგები არიან, საშუალოდ 6-6,5 მეტრს აღწევენ, მაგრამ ისინი ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. რადგან ნაპირზე ყოფნისას ძალიან ნელა მოძრაობენ. თუმცა წყალში ინდური გავიალი ყველა ნიანგზე სწრაფად დაცურავს.

 

 

გიგანტური ნიანგის ამბავი

გიგანტური ნიანგი, რომელსაც ლულუნის ეძახიან გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, რადგან ის თავისუფლებაში გაზრდილი ყველაზე დიდი ნიანგია. იგი 6,7 მეტრი სიგრძისაა და 1075 კილოგრამს იწონის. მან ავსტრალიის ბინადარი 5-მეტრიანი ნიანგის რეკორდი მოხსნა.

ლულუნი 2010 წლის სექტემბერში ფილიპინების ქალაქ ბუნავანში სამდღიანი ნადირობის შედეგად იპოვეს. მისი ძებნა 2009 წელს ადგილობრივი მეთევზის გაუჩინარებისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შემდეგ დაიწყეს. ორივე შემთხვევაში „დამნაშავედ“ ახლა უკვე რეკორდსმენი ნიანგი ითვლება.

ლულუნის დაჭერა

კაციჭამია ლულუნის დაჭერაში 100 ადამიანი მონაწილეობდა. ლულუნის დაჭერა არც ისე მარტივი აღმოჩნდა; პირველი ოთხი მცდელობა იმით დამთავრდა, რომ ნიანგმა მახე დაგლიჯა. საბოლოოდ, მონადირეებმა მისი დაჭერა ფოლადის ბაგირებიანი ხაფანგით შეძლეს.

ლულუნი ადგილობრივ ზოოპარკში მოათავსეს, სადაც მის სანახავად ბევრი ადამიანი მიდის.