ხერთვისი

 

ხერთვისის ციხე

1

საქართველოში ძალიან ბევრი ისტორიული ციხე-სიმაგრე და ეკლესიაა. ბევრი მათგანი დღეს დანგრეულია და მათგან მხოლოდ ნანგრევების ნახვა შეიძლება, თუმცა ზოგიერთი ციხე-სიმაგრე და ეკლესია დროთა განმავლობაში აღადგინეს და გაამაგრეს. მათ დღესაც უამრავი მნახველი ჰყავთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ციხე-სიმაგრეა ხერთვისის ციხე, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ჯავახეთში მდებარეობს. ჯავახეთის მხარე ადრიდანვე მტრების მუდმივ შემოტევას განიცდიდა, სწორედ ამიტომ აქ აუცილებელი იყო ციხე-სიმაგრის აშენება, საიდანაც მტერს უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა ქართველი ხალხი. საერთოდ, ციხე-სიმაგრე არის ნაგებობა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილზე დგას. ეს ადგილი ან მაღლობია, ან ძნელად მისასვლელი კლდე, იმისთვის, რომ მტერი ადვილად ვერ ავიდეს ციხეზე. ომის დროს ციხე-სიმაგრეებში სამალავები იყო, აქ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იმალებოდნენ ხოლმე, ხოლო ქართველი მეომრები მათაც იცავდნენ და ციხესაც.

2

ხერთვისის ციხეც მაღალ, კლდიან ადგილზეა აშენებული და იგი მტრისთვის ძნელად ასაღებ ციხედ ითვლებოდა. ხერთვისის ციხის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ დიდი ხნის წინაა აგებული, მე-10 - მე-14 საუკუნეებში. ხერთვისის ციხის აგების შესახებ ქართველი ისტორიკოსი, ლეონტი მროველი წერდა, რომ ამ ციხის ადგილზე გაცილებით უფრო ადრე, ქრისტეს დაბადებამდეც იყო ციხე და იგი ქრისტეშობამდე მე-4 საუკუნეში უნდა ყოფილიყო აშენებული. ლეონტი მროველის ეს მოსაზრება, ჯერჯერობით დადასტურებული არაა.

 

ციხის აღწერა

3

ისტორიკოსების გადმოცემის მიხედვით, სანამ ციხე დაინგრეოდა, იგი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: ერთი იყო ციტადელი, რომელიც ციხე-სიმაგრის გალავნის შიგნით აშენებული მტკიცე შენობაა და განკუთვნილია მტრისაგან თავის დასაცავად. ხოლო მეორე ნაწილი იყო- ციხის გალავანი. დღეს ხერთვისი ციხე ისეა დაზიანებული, რომ გალავნის კედლების სიმაღლის დადგენა ვერ ხერხდება.

ციტადელის მდებარეობა ძალიან საინტერესოდ და გონივრულადაა გათვლილი. იგი პირდაპირ კლდეზეა

4

დაშენებული. ციტადელამდე ფეხით მტრის ასვლა შეუძლებელი იყო, რადგან კლდე ძალიან ციცაბოა და იქ ადამიანი ფეხს ვერ მოიკიდებს, ხოლო სადაც ფეხის მოკიდება შეიძლება, იქ უკვე მტერს ციხის უზარმაზარი კედელი ხვდება და ციხეში შესვლას ვერც ერთი გზით ვერ ახერხებს.

5

ადრე, როცა ციხეებს აშენებდნენ, უკეთებდნენ საიდუმლო გვირაბს, რისი საშუალებითაც ციხიდან ჩუმად გასვლას ახერხებდნენ. როცა მტერი ციხეს დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა, ციხეში მყოფ ხალხს წყალი და საკვები უთავდებოდა და მათი მომარაგება იყო საჭირო. ხერთვისის ციხესაც ჰქონდა გვირაბი, რომელიც მდინარეზე ჩადიოდა, მეომრები აქედან წყალს ეზიდებოდნენ და ციხის გამაგრებაც უფრო დიდხანს იყო შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ციხე არა მხოლოდ თავისი ადგილმდებარეობით იყო მიუდგომელი და დაუმარცხებელი, არამედ ძალიან გონივრულად იყო აშენებული. ეს კიდევ უფრო ურთულებდა მტერს მის დამარცხებას.

 

ხერთვისის ციხის ისტორია

6

როგორც უკვე გითხარით, ამ ციხეს მუდმივად უტევდა მტერი. ქართველები ძალიან მამაცურად იცავდნენ ციხეს, თუმცა ხანდახან იგი მტერს მაინც უვარდებოდა ხელში. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მტერი ჩვენზე ძლიერი იყო, ან როდესაც ციხეში მოღალატეები გამოჩნდებოდნენ და ციხეში მისასვლელ საიდუმლო გზებს მტერს ასწავლიდნენ. 1588 წელს ხერთვისის ციხე ირანელმა დამპყრობელმა, შაჰ-აბასმა ჩაიგდო ხელში და იგი დიდ ხნის განმავლობაში ჩვენი აღარ ყოფილა. 1771 წელს ხერთვისი მეფე ერეკლემ დაიბრუნა რუსეთის დახმარებით. საბოლოოდ კი იგი საქართველოს 1828 წელს შემოუერთდა. ამ დროს ციხე-სიმაგრეები უკვე თავდაცვისა და ბრძოლებისათვის აღარ გამოიყენებოდა. ხერთვისი დღეს საინტერესო და ძალიან ლამაზი ადგილია, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები.

 

7