ჟირაფი


 

შესავალი

 

1

ჟირაფი დედამიწაზე ყველაზე მაღალი ცხოველია. მას მაღალი ფეხები და გრძელი კისერი აქვს. ჟირაფიაფრიკის ბინადარი ცხოველია და აფრიკის უდაბნოებში ცხოვრობს. ისინი ძირითადად სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, ამიტომ მათ სამხრეთულ ჟირაფებს უწოდებენ. სხვადასხვა ადგილზე ცხოვრების გამო, ჟირაფებს განსხვავებულად მოიხსენიებენ ხოლმე, მაგალითად, კენიაში გავრცელებულია კენიური ჟირაფი, ხოლო ნუბია ცნობილია ნუბიური ჟირაფებით.

თითოეულ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი თვისება, მაგალითად, სამხრეთულ ჟირაფს ტყავი მუხლებამდე დაფარული აქვს ღია ყავისფერი ლაქებით, რაც მას კარგად ნიღბავსდა მტრისაგან იცავს.

კენიურმა ჟირაფმა მტაცებელი ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით, წინა ფეხების დარტყმა იცის. ხოლო ნუბიური ჟირაფი ყველაზე ნაკლებად ჭკვიანი ცხოველია. ის წყლის დალევის დროს წინა ფეხებს ფართოდ წევს განზე და კისერს ძირს ხრის წყლისთვის. ამ დროს ის ხშირად ხდება მტაცებელი ცხოველის ლუკმა.

 

ჟირაფის გარეგნობა

ჟირაფები მაღალი ცხოველები არიან, რადგანაც ძალიან გრძელი კისერი და ფეხები აქვთ. ჟირაფის წინა ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე უკანა, ამის გამო მისი ზურგი თითქოს კუდისკენაა დაქანებული. ზრდასრული ჟირაფი 5,5 მეტრს აღწევს, ხოლო მამრი ჟირაფი 25 სმ-ით მაღალია მდედრზე. მათ, ადამიანის მსგავსად, კისრის შვიდი მალა აქვთ. ჟირაფის კისერი ძალიან მოქნილი და ღონიერია. ახალგაზრდა ჟირაფები ერთმანეთს კისრების გადაწევაში ეჯიბრებიან.

2

ჟირაფს თავზე პატარა ძვლოვანი რქები აქვს, რომლებიც მოკლე ბეწვითაა დაფარული. ჟირაფის ტუჩები მოძრავია, მისი ენა კი ძალიან გრძელი და მოქნილი. ჟირაფის ენა 53 სმ-საც კი აღწევს. ჟირაფს 32 კბილი აქვს, მათგან ყველაზე ბასრი და მჭრელი გვერდითა კბილებია. ყურები და თვალებიც დიდი ზომის აქვთ, მათი ტანი კი ლამაზი ზოლებითაა აჭრელებული. ჟირაფის კუდი არ ისე გრძელია, მას მხოლოდ მუხლებამდე სწვდება, თუმცა მწერების მოგერიებაში ძალიან ეხმარება ხოლმე.

 

3

 

როგორ ცხოვრობენ ჟირაფები?

ჟირაფებს ცალ-ცალკე ცხოვრება არ უყვართ. ისინი ერთ დიდ ჯოგად ცხოვრობენ, საკვების მოსაპოვებლადაც ერთად დადიან.

 

ჟირაფების ჯოგი

4

ჟირაფებს განსაკუთრებით წყალი უყვართ და სულ წყალს ეძებენ დასალევად. ძალიან ცოტა სძინავთ. დილით საკვების საშოვრად გადიან, შუადღისას კი ჩრდილს პოულობენ და წვებიან. საჭმლის მონელების დროს იძინებენ კიდეც, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან მტაცებელი ცხოველების ეშინიათ.

ჟირაფი ყოველდღიურად 80 კილოგრამ საკვებზე მეტს იღებს და ინელებს. მათი ძირითადი საკვები აკაციის ფოთლებია. საერთოდ, აკაციის ფოთლები შხამს შეიცავს, ტოტები კი წვეტიანი ეკლებითაა დაფარული, მაგრამ ჟირაფები ამას შეგუებულები არიან და ფოთლების დიდი რაოდენობით ჭამაც შეუძლიათ. ჟირაფს კარგი მხედველობა აქვს და ეს ეხმარება მას, აკაციის ხეზე ნაკლებად შხამიანი და ქორფა ფოთლები მოძებნოს.

 

ჟირაფების გამრავლება

ჟირაფი თავის შვილს 15 თვეს ატარებს მუცლით. მას ტყუპების გაჩენა არ შეუძლია, მხოლოდ ერთ ხბოს ბადებს. ძალიან საინტერესოა ხბოს დაბადების პერიოდი. როცა ამის დრო მოდის, ჟირაფი არც კი წვება ბალახზე. დგას და ხბოც იბადება. პატარა ჟირაფი დაახლოებით 1,5 – 2 მეტრიდან ვარდება ძირს, მაგრამ მას არაფერი ემართება. რამდენიმე საათის შემდეგ სირბილს იწყებს. ორი კვირის გასვლის შემდეგ კი ჟირაფი თავის ხბოსთან ერთად ჯოგს უერთდება და პატარას საკვების მოპოვებას ასწავლის.

 

5

 

ოკაპი - ჟირაფის მონათესავე ცხოველი

ოკაპი, ჟირაფის მსგავსად, მსხვილფეხა, რქოსანი ცხოველია. მასაც, ჟირაფის მსგავსად, პატარა რქები აქვს და გრძელი კისერი. თუმცა, ჟირაფის კისერი მასთან შედარებით უფრო გრძელია, ამასთან, ჟირაფს თავი სულ აწეული აქვს, ოკაპი კი უმეტესად თავდახრილი დადის.

 

ოკაპის გარეგნობა და თვისებები

6

ოკაპის ტანი მთლიანად აჭრელებული არაა თეთრი ზოლებით, მისი სხეული მუქი ყავისფერია, სახე თეთრი აქვს, ხოლო წინა და უკანა ფეხები თეთრად მოხატული. ჟირაფისაგან განსხვავებით, ოკაპს ძალიან ცუდი მხედველობა აქვს. სამაგიეროდ, კარგი ყნოსვითა და სმენით გამოირჩევა, რაც მტაცებლებისაგან თავდაცვის საშუალებაა. ოკაპი ცენტრალური აფრიკის ბნელ, ტროპიკულ ტყეში ცხოვრობს. მას მარტო ცხოვრება უყვარს და, შესაბამისად, ოკაპის ჯოგებსაც ვერსად შეხვდებით.

 

ბოლოსიტყვაობა

ოკაპი და ჟირაფი ერთ ოჯახში ერთიანდებიან და მათ ჟირაფისებრებს უწოდებენ. ისინი ცხელი აფრიკის მკვიდრები არიან და სხვა ქვეყნის ჰავას ძალიან ძნელად ეგუებიან. ადამიანს არაფერს ერჩიან. ადამიანი კი, თავის მხრივ, ძალიან ემტერება ჟირაფს, მოსწონს მისი ლამაზი ტყავი, ხოლო ხორცს საკვებად იყენებს... ჟირაფების რაოდენობა ძალიან შემცირდა, ჩრდილოეთ აფრიკაში ისინი მთლიანად გადაშენდნენ. ადამიანმა ხელი არ უნდა შეუშალოს ასეთი ლამაზი და უწყინარი ცხოველის არსებობას.

7