ფერადი ზღვები
ალბათ, ყველამ იცით, რომ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ფერის ზღვა. მსოფლიოში არის შავი, წითელი, თეთრი და ყვითელი ზღვა. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ დაერქვათ ამ ზღვებს ფერების სახელები, რით განსხვავდებიან ეს ზღვები სხვა ზღვებისგან; ალბათ გაინტერესებთ საინტერესო ფაქტები და ამბები ამ ზღვების შესახებ. ყველაფრის შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით. მოდით, დავიწყოთ შავი ზღვით, რომელიც საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება.
შავი ზღვა
შავი ზღვა მდებარეობს სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიის ნახევარკუნძულს შორის და ის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელია. შავი ზღვა მიეკუთვნება ატლანტის ოკეანის აუზს. შავი ზღვა ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, ბოსფორის სრუტით - მარმარილოს ზღვას, დარდანელის სრუტით კი მარმარილოს ზღვა უკავშირდება ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. საინტერესოა, რომ შავი ზღვა ექვსი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა. შავი ზღვა აკავშირებს ექვსივე ამ სახელმწიფოს და, ამასთანავე, უდიდეს როლს თამაშობს ამ სახელმწიფოებისთვის.
შავ ზღვას პონტოს ზღვა ეწოდებოდა ძველად. პონტოს ზღვა მოუხერხებელი იყო ნავიგაციისთვის და ამიტომ ძველი ბერძნები ზღვას „არასტუმართმოყვარე“ ზღვას უწოდებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, ბერძნებმა შეძლეს ზღვის გამოყენება, სახელიც შეუცვალეს და „სტუმართმოყვარე“ ზღვა დაარქვეს.
ალბათ საინტერესოა, რატომ ჰქვია ამჟამად შავ ზღვას შავი, როცა მასში წყალი ლურჯი ფერისაა? საინტერესოა, რატომ, როდის და როგორ დაერქვა ზღვას ეს სახელი? ამასთან დაკავშირებით, არსებობს რამდენიმე მოსაზრება. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარებია, წყლის ზედაპირი მუქ ფერს იღებს და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. ამიტომაც მას შავ ზღვას უწოდებენ. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც შავი ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებით. არსებობს მოსაზრება, რომ შუა საუკუნეების თურქულ ენაში ფერები აღნიშნავდნენ გეოგრაფიულ მიმართულებებს, ხოლო „შავი“ აღნიშნავდა „ჩრდილოეთს“. არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ სახელი მომდინარეობს ნისლისა და ღრუბლების ფერიდან. ზღვაზე ხშირად ჩამოწვება ხოლმე შავი ღრუბელი და ნისლი, რასაც შტორმი მოჰყვება ხოლმე. ამ დროს ზღვაც მუქი ხდება და ღრუბელი, ნისლიანი და შტორმიანი შავი ზღვა აძლევს არსებულ გარემოს ძალიან მუქ ფერს და სახელად სწორედ ამიტომ დაარქვეს „შავი ზღვა“. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „შავი ზღვა’ იმიტომ უწოდეს, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა და მარმარილოს ზღვის ფერთან შედარებით დაერქვა შავი ზღვა. კიდევ ერთი მოსაზრებით, ადრე აზოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე სახლობდნენ ინდური წარმოშობის ტომები მეოტები და სინდები. ეს ტომები შავ ზღვას უწოდებდნენ „თემარუნს“, რაც შავ ზღვას ნიშნავს. სკვითები ამ ზღვას „მუქ ზღვას“ უწოდებდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ძველი სახელებიდან შეიძლება წარმოშობილიყო თანამედროვე სახელიც, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნიდან საყოველთაოდ დამკვიდრდა.
შავი ზღვა სხვა ზღვებისგან მნიშვნელოვნად გამორჩეული ზღვაა. შავი ზღვა გამორჩეულია ჟანგბადის ნაკლებობით წყალში. ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად, ზღვის ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება მსოფლიოს სხვა ზღვებთან შედარებით. შესაბამისად, ჟანგბადის არარსებობა ქვედა შრეებში ზღვის ამ ნაწილს გამოუყენებელს, აუთვისებელს და არააქტიურს ხდის. ამასთანავე, ზღვის ქვედა შრეებში განსხვავებული ტემპერატურისა და ჟანგბადის არარსებობის გამო, შეიძლება შეგვხვდეს საუკუნეების წინ ჩაძირული გემის ნარჩენები და ამ გემში არსებული ნივთები, რომლებიც დღემდე შემონახულია. უფრო მეტიც, ამ თვალსაზრისით შავი ზღვა ოდნავ საშიშიცაა, რადგან დაღუპული ადამიანებიც კი ინარჩუნებენ სხეულს და ზღვის ფსკერზე ხშირად უნახავთ დაღუპული ადამიანების გვამები.
შავი ზღვა გამორჩეულია თავისი პატარა კუნძულებით. შავი ზღვის ტერიტორიაზე რამდენიმე ულამაზესი კუნძულია. ამ კუნძულების ფლორა და ფაუნა გამორჩეულია. ეს კუნძულები, განსაკუთრებული ფლორითა და ფაუნით, ტურისტებისა და დამსვენებლების ყველაზე საყვარელი ადგილებია.
შავი ზღვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ზღვის თანაბარი დონე. ზღვის დონე თითქმის არ იცვლება შავ ზღვაში, რადგან ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები, რომელიც შეცვლიდა ზღვის დონეს. არაცვალებადი ზღვის დონიდან გამომდინარე, წყლის ზედაპირი მუდამ მშვიდი და წყნარია.
ყვითელი ზღვა
ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება. ის მდებარეობს კორეის ნახევარკუნძულსა და ჩინეთს შორის. ყვითელმა ზღვამ თავისი სახელი მიიღო მდინარე ხუანხესგან, რაც “ყვითელ მდინარეს” ნიშნავს. ამ მდინარეს ზღვაში ჩააქვს ძალიან ბევრი ოქროსფერი ქვიშა, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს. ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს: ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.
ყვითელი ზღვა ცნობილია თევზების სიმრავლით. ის უმნიშვნელოვანესი თევზსაჭერი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.
ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. ყვითელი ზღვის მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.
თეთრი ზღვა
თეთრი ზღვის შესახებ ალბათ გსმენიათ. თეთრ ზღვაშიც წყალი ლურჯია. თეთრი ზღვა ჩრდილოეთით მდებარეობს. ის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვაა. ზამთრობით თეთრი ზღვა მთლიანად ყინულებით იფარება. სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა თეთრი ზღვა. თეთრ ზღვაზე გარემო პირობები აუტანელია. ტემპერატურა ნულს ქვემოთ 20°-მდე ჩამოდის ხოლმე, ხშირად უფრო დაბლაც... ყოფილა შემთხვევები, როცა 40° ყინვა დაფიქსირებულა. 0°-ს ზემოთ ტემპერატურის ნიშნული იშვიათად ადის.
თეთრი ზღვა რუსეთში მდებარეობს. იგი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალია. თეთრ ზღვაზე მდებარეობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი არხანგელსკი. არხანგელსკი უძველესი პორტია და ისტორიულად ის მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად იწოდებოდა რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ზღვაზე ძალიან ცივა და ზამთრობით წყალი იყინება, ზღვაში უამრავი ძალიან ლამაზი თევზი ბინადრობს.
წითელი ზღვა
წითელი ზღვაც ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ ამოტივტივდებიან ხოლმე წითელი წყალმცენარეები და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს.არსებობს სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახელი წარმოდგება ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო. ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ ძველად. რადგან ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ზღვასაც წითელი დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ვერსიაც არსებობს. ეს ვერსია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები აღნიშნავდნენ გეოგრაფიულ მიმართულებებს. წითელი ფერი კი აღნიშნავდა სამხრეთს და წითელი ზღვა ნიშნავს სამხრეთის ზღვას. ალბათ გახსოვთ, ზემოთ ვისაუბრეთ, რომ შავი ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც არსებობს მსგავსი ვერსია...
წითელი ზღვა მდებარეობს ინდოეთის ოკეანის, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. ის მდებარეობს აზიასა და აფრიკას შორის. წითელი ზღვა მოიცავს ცხრა ქვეყანას: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერიტრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.
წითელ ზღვას უდიდესი როლი ენიჭება სავაჭრო კავშირებში. იგი საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია 1869 წლიდან, როდესაც გაიხსნა სუეცის არხი.
წითელი ზღვა საინტერესოა ტურისტებისთვისაც. წითელ ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ზაფხულში წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს.
წითელი ზღვა ცნობილია ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულებით. წითელ ზღვაზე 25 კუნძულია. ეს კუნძულები საუკეთესო ადგილად ითვლება დაივინგისთვის. დაივერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ამ კუნძულებზე.
წითელი ზღვა გამოირჩევა თევზების მრავალფეროვნებით. იქ ათასამდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე სხვადასხვა ზღვის მცენარით, აგრეთვე მარჯნითა და წყალქვეშა ქვებით, რომლებიც ზღვის ქვეშ ულამაზეს გარემოს ქმნიან.