აქლემი

 

ციყვი აკეთებს საკუჭნაოს ნაძვის ან სხვა ხის ტოტებზე; აქ აგროვებს და ინახავს თხილსა და კაკალს ზამთარში საკნატუნებლად. თაგვი საკუჭნაოს მიწაში იშენებს, სადაც ინახავს საზამთროდ პურის მარცვალს, თხილს და კაკალს... აქლემს კი თავისი საკუჭნაო ზურგზე აბია.

\"\"

1

აქლემი არის ცხელი უდაბნოს ბინადარი ცხოველი. ამისთანა უდაბნო ძალიან ძნელი სასიარულოა, აქ ოც, ორმოც კილომეტრს ისე გაივლის კაცი, რომ ერთ ღერ ბალახს, ერთ მწვანე ფოთოლსაც კი ვერ ნახავს... გარშემო ყველგან ყრია მარტო დიდი ქვები და მოფენილია ყვითელი, მშრალი და ცხელი ქვიშა. მხოლოდ ზოგ ადგილებში მოწანწკარებს პატარა, თხელი რუები, რომელთა გარშემო ხარობს ხეები და ყვავილები. ამგვარ ნაყოფიერსა და მწვანით შემოსილ ადგილებს ოაზისები ჰქვია.

\"\"

2

ერთ ამგვარ ოაზისში არაბებმა თავიანთი კარვები დადგეს. აქ დაიბადა პატარა აქლემი. არაბის შავგვრემანი ბავშვები ეთამაშებოდნენ კოზაკს, ხუჭუჭთმიან თავს ადებდნენ მას რბილ კისერზე და ისე იძინებდნენ. საჭმელი ერთი ჰქონდათ; როგორც ბავშვები, ისე ის კოზაკი იკვებებოდნენ აქლემის ტკბილი რძით. რამდენიმე წლის მერე კოზაკი გაიზარდა და გადაიქცა ღონიერ აქლემად და თავისი პატრონის ერთგულ მოსამსახურედ.

\"\" აქლემს ტუჩები ძალიან ხმელი და მაგარი ჰქონდა; ამიტომ არ ეჭრებოდა ხოლმე, როდესაც გლეჯდა მაგარ ეკლიან მცენარეებს, რომლითაც იკვებებოდა. აქლემი ამ მცირე რაოდენობის საჭმლითაც კმაყოფილი იყო და ისე გაიზარდა და გაღონიერდა, რომ თავისი ზურგით ატარებდა თავის პატრონსაც და მძიმე ტვირთსაც. ამ უგემური საჭმლისგან აქლემის სხეულში გამომუშავდებოდა ქონი, რომელიც ზურგზე ამოსულ კუზში გროვდებოდა, ეს ქონი მას სჭირდებოდა იმ დროისათვის, როდესაც მოუხდებოდა შორს მგზავრობა უწყლო და უსაჭმლო უდაბნოში.

3

აფრიკის აქლემებს მარტო ერთი კუზი აქვთ; სხვა აქლემებს, რომლებიც შუა აზიაში ცხოვრობენ, ორ-ორი კუზი აბიათ. პირველ აქლემებს ეძახიან ცალკუზიანს, ანუ დრამადერებს, მეორეს - ორკუზიანს. გარედან აქლემების კუზი დაფარულია ხშირი და გრძელი ბალნით. ეს კუზი შედგება მეტად ნაზი კანისგან, რომელიც დაყოფილია მრავალ პატარ-პატარა უჯრებად და ღრუბელს ჰგავს _ ოღონდ ამ კანის ფენებს შორის უფრო მცირე ცარიელი ადგილია, ვიდრე ღრუბელში და ყველა მხრიდან გარშემო ეს ცარიელი ადგილები დახურულია. ყველა უჯრა პატარა საკუჭნაოა აქლემებისთვის, თითოეულ უჯრას ყოველდღე ემატება ქონი. თუ აქლემს საჭმელი საკმარისი აქვს, მაშინ კუზი მას მაღალი და გაბერილი აქვს. მხედარი თავმოწონებითა ზის მასზე, როგორც ბალიშზე. აქეთ-იქით გვერდებზე აქლემს ჰკიდია ტვირთი: საჭმლით სავსე \"\" გოდრები და წყლის ტიკები.

 

4

ამ საჭმლის საკუჭნაოს გარდა, აქლემს აქვს კიდევ ერთიწყლის საკუჭნაო, რომელიც საჭმელზე ბევრად საჭიროა, განსაკუთრებით - ცხელ ქვეყნებში. კუჭთან აქლემს აქვს კანის მრავალი უჯრა. ეს უჯრები იღება და იკეტება. როცა წყაროზე წყლის დასალევად ჩადის ხოლმე, აქლემი სვამს ძალიან ბევრ წყალს; ეს იმიტომ, რომ ივსებს წყლის საკუჭნაოს. წყალს აქლემის კუჭი ინახავს იმ დროისათვის, როდესაც უდაბნოში იმგზავრებს.

\"\"

5

აი, ქარავანი შორ გზას გაუდგა. გზა მიდის ცხელ ქვიშიან უდაბნოზე. გზას ნავალი საერთოდ არ ემჩნევა, რადგანაც სულ ქვიშაა და ნაფეხურები ქვიშაში არ რჩება. წინამძღოლი ვარსკვლავებისა და მზის საშუალებით იგნებს გზას და ქარავანს წინ მიუძღვის. კარგა ხანია, რაც გზაზე არიან, მაგრამ მისასვლელი ადგილი ჯერ კიდევ შორს არის; სასმელ-საჭმელი ქარავანს ცოტაღა დარჩა. ისე ცუდადაა საქმე, რომ მოგზაური თავის აქლემებს დღეში აძლევს მხოლოდ ცოტა დანაყილ ინდის ხურმის გულს და ტირიფის რამდენიმე ყლორტს... წყალი ტიკებში აღარ არის, ქარავანი უწყლოდ იღუპება. აი, ამ დროს აქლემი თავის საკუჭნაოებში შენახულ, დაზოგილ ქონსა და წყალს ხმარობს. მართალია, აქლემის კუზი დაიჩუტა და დაპატარავდა, წყალიც თითქმის გამოელია, მაგრამ საკუჭნაოები მაინც ყოფნის გზის ბოლომდე; აქლემი ჯერ კიდევ არ კარგავს ღონეს და მიჰყავს თავისი პატრონი დანიშნულ ადგილამდე.

\"\"

6

ხან იგი სხვა სახითაც გადაარჩენს ხოლმე ქარავანს: აქლემი, რომელიც სველ ჰაერს ძალიან შორიდან გრძნობს, როგორც კი იგრძნობს მას თავისი ცხვირით, მაშინვე იქითკენ გაიქცევა, საიდანაც წყლის სუნი ესმის... და ცოტა ხნის შემდეგ აქლემიცა და მისი მხედარიც დასვენებულები არიან დიდი ხის ჩრდილქვეშ, რომელიც გემრიელი ხილით არის დახუნძლული და იქვე მოდის ცივი წყაროც, გარშემორტყმული მწვანე ბალახით.

7

\"\"