ყურძენი

 

„თეთრი ყურძენი“

ყურძენი ვაზის ნაყოფია. იგი ტკბილი, წვნიანი და ძალიან გემრიელი ხილია. ყურძენი სხვადასხვანაირი არსებობს, ისინი ჯიშის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ზოგის მარცვალი მსხვილია და დიდ მტევნად იკვრება, ზოგს შედარებით უფრო წვრილი მარცვლები აქვს, თუმცა ძალიან გემრიელია. ზოგიერთი ყურძნის მარცვალი მოყვითალო- მომწვანო ფერისაა, მას საქართველოში თეთრ ყურძენს უწოდებენ. არსებობს მუქი ლურჯი, ან მუქი წითელი ფერის ყურძენიც, ამ ჯიშს კი შავ ყურძენს ვეძახით.

1

გარდა შავისა და თეთრისა, სხვადასხვანაირ ყურძენს სხვადასხვა სახელი აქვს, მაგალითად, ციცქა, ადესა, ალექსანდროული, ცოლიკაური, თითა და ა.შ.

ყურძენი ძალიან სასარგებლო ხილია, ექიმები მას სამკურნალოდ იყენებენ და ამბობენ, რომ ყურძენს აქვს უნარი, ადამიანი გაახალგაზრდაოს და გაალამაზოს. გარდა ამისა, ყურძნისგან ამზადებენ წვენებს, ლიმონათებს და ღვინოს. თქვენ გიყვართ თათარა და ჩურჩხელა? ეს გემრიელი ტკბილეულიც სწორედ ყურძნის წვენისგან მზადდება. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენთან ამდენი ყურძენი მოდის!

ალბათ გაინტერესებთ, სხვა ქვეყნებშიც თუ მოჰყავთ ყურძენი?

 

ყურძნის გავრცელება

2

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყურძნის სამშობლო საქართველოა, რადგანაც აქ აღმოაჩინეს უძველესი ველური ვაზის ჯიში. საქართველოდან ყურძენი გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა - სომხეთსა და ირანში. სულ მალე აზიის დიდ ნაწილში ვაზმა გაიხარა და აქედან დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში ვაზის ნერგების გავრცელება.

დღეს უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოდის ყურძენი, ევროპის თითქმის ყევლა ქვეყანაში, აზიაში, ჩრდილო აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ზოგიერთი ქვეყანა ყურძნისაგან განსაკუთრებულად კარგ ღვინოს აყენებს, რის გამოც მათ სახელი საქვეყნოდ გაითქვეს, ესენია: საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და რუმინეთი.

 

ყურძნის დაკრეფა-რთველი

3

ვენახი

ყურძენს, როგორც უკვე იცით, ვაზი ისხამს. ვაზი მწკრივადაა დარგული. იმ ადგილს, სადაც ასეთი ვაზის მწკრივებია, ვენახი ჰქვია, ხოლო დიდი ზომის ვენახებს ზვრებს უწოდებენ. ყურძენი შემოდგომაზე მწიფდება და საჭიროა, რომ დაიკრიფოს.ყურძნის დაკრეფას რთველი ჰქვია და მასში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ვინაიდან ეს საქმე დიდ დროს მოითხოვს და თან ძალიან სახალისოა. თუ თქვენ როდისმე ყოფილხართ რთველში, გეცოდინებათ, რომ იქ ადამიანები საქმეს ინაწილებენ: ზოგი ვაზთან დგას და ყურძენს დანით ან მაკრატლით ჭრის, სხვები მოკრეფილ ყურძნის მტევნებს კალათებში ფრთხილად აწყობენ. ისინი კი, ვინც უფრო ღონივრები არიან, სავსე კალათებს ეზიდებიან და

4

ყურძენს დიდ საცავში ყრიან. რთველი ბავშვებსაც ძალიან უყვართ, ისინი მშობლებს ყურძნის დაკრეფაში ეხმარებიან და თან იმდენ ყურძენს მიირთმევენ, რამდენის სურვილიც აქვთ.

 

ბოლოსიტყვაობა

როგორც ვნახეთ, ყურძენი ბევრ ქვეყანაში გავრცელებული და ბევრი ადამიანისათვის საყვარელი ხილია. იგი ძალიან სასარგებლო და გემრიელიცაა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ყურძნის დაკრეფაში მონაწილეობა, ეცადეთ, ეს როგორმე მოახერხოთ. ვფიქრობ, კარგად გაერთობით და მოგეწონებათ.

 

56