იგავ-არაკი


 

რა არის იგავ-არაკი?

იგავ-არაკი ნაწარმოების ერთ-ერთი ჟანრია. იგავ-არაკი პატარა ზომისაა. იგავ-არაკში გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, ადამიანები. იგავ-არაკში შეიძლება ცხოველი იყოს გამოყენებული ადამიანის პროტოტიპად. იგავ-არაკით ადამიანმა ჭკუა უნდა ისწავლოს. იგავ-არაკი ჭკუის სასწავლი ნაწარმოებია.

ადამიანს, რომელიც იგავ-არაკს წერს, მეიგავე ჰქვია.

 

ცნობილი მეიგავეები

ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ ცნობილი მეიგავეების: ეზოპეს, სულხან-საბა ორბელიანის, ივანე კრილოვის, გოტჰოლდ ლესინგის შესახებ. ასევე წაიკითხავთ მათ დაწერილ იგავ-არაკებს.

 

ეზოპე

ეზოპეს დედამიწაზე ყველაზე მახინჯ და, ამავე დროს, ყველაზე გონიერ ადამიანს უწოდებდნენ.

ეზოპე ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში ცხოვრობდა საბერძნეთში. ეზოპე მონა იყო. მას თავისი აზრის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა. თუმცა თავის აზრს იგავ-არაკებით გამოთქვამდა.

ეზოპე მახინჯი იყო. ის დაბალი იყო. ზურგზე უზარმაზარი კუზი ჰქონდა. ფეხები დაბრეცილი, ხელები მუხლებამდე, გრძელი ცხვირი, დიდი ყურები, შავი და ხორკლიანი სახე ჰქონდა. თუმცა კეთილი და გონიერი თვალები.

გარეგნული სიმახინჯის მიუხედავად, ეზოპე ბრძენი ადამიანი იყო. მან უამრავი იგავ-არაკი დაწერა. ეზოპე სიმართლესა და სიყვარულს იგავ-არაკებით ავრცელებდა. ეზოპე გმობდა ადამიანის სიხარბეს, ბოროტებას და სიცრუეს.

ეზოპეს იგავ-არაკებს ადამიანები ერთმანეთს გადასცემდნენ, იგავ-არაკები ისწავლებოდა სკოლებში, სპექტაკლები იდგმებოდა თეატრში.

 

ეზოპეს იგავ-არაკები:

ტოროლა

მახეში პურის მარცვლები ეყარა. ტოროლა მახეში შეფრინდა და მარცვლები აკენკა. ტოროლა მახეში გაება და მწარედ ატირდა: „ოქრო მე არ მომიპარავს და ვერცხლი, ერთი ბეწო პურის მარცვლისთვის მერგო ამხელა სასჯელიო“.

შეგონება: ის, ვინც მცირე გამორჩენას ელის, ხშირად დიდ ზარალს მოიწევს ხოლმე.

 

ქვრივი და ქათამი

ერთ ქალს ქმარი მოუკვდა. ეს ქალი ქვრივი იყო. ქვრივს ერთი ქათამი ჰყავდა. ქათამი ყოველდღე თითო კვერცხს დებდა. ქვრივმა იფიქრა: „მოდი, ამ ქათამს ბევრ ქერს ვაჭმევ და კვერცხის დებას მოუმატებს“. ქვრივი ქალი ასეც მოიქცა. მაგრამ ქათამი ძალიან გასუქდა და ერთ კვერცხსაც კი ვეღარ დებდა.

შეგონება: ადამიანი ხარბი არ უნდა იყოს. როდესაც ბევრს მოინდომებ, შეიძლება ის მცირედიც დაკარგო, რაც გაქვს.

შავი შაშვი

შავი შაშვი ჭალაში ტკბილ ნაყოფს კენკავდა. ტკბილი ნაყოფი ძალიან გემრიელი იყო და შაშვი იქაურობას ვერ მოშორდა. შავი შაშვი მონადირემ დაინახა. მონადირე შაშვს დაუდარაჯდა და დაიჭირა. შავმა შაშვმა თქვა: „ტკბილ ხილს დავხარბდი და დავისაჯეო“.

შეგონება: აქაც ადამიანის სიხარბეზეა მითითებული: სიხარბის გამო ადამიანი შეიძლება დაისაჯოს.

 

სულხან-საბა ორბელიანი

 

სულხან–საბა ორბელიანი ქართველი მწერალი და მეცნიერი იყო. სულხან-საბა მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

სულხან-საბამ აღზარდა საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე. სულხან-საბამ და ვახტანგ მეექვსემ გახსნეს პირველი სტამბა. სტამბაში პირველად სახარება დაიბეჭდა. შემდეგ კი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“.

სულხან-საბამ დაწერა იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“.

 

სულხან-საბას იგავ-არაკები:

 

მეფე და მხატვარი

ერთ ქვეყანაში ცალთვალა მეფე მეფობდა. მეფის კარზე მხატვარი მუშაობდა. მეფეს მხატვრის გამოჭერა სურდა. ამიტომ მან თავისი პორტრეტის დახატვა დაავალა. მხატვარი დაფიქრდა: „ბრმა რომ დავხატო, მომკლავს, როგორ გამიბედეო. ორი თვალით რომ დავხატო, შარს მომდებსსად მაქვს ორი თვალიო“... მხატვარი გონიერი აღმოჩნდა. მან ირემზე მონადირე მეფე დახატა. მეფეს ხელში თოფი დააჭერინა და ცალი თვალი დაუხუჭა, თითქოს მეფე თოფს ირემს უმიზნებდა. მეფემ ნახატი ნახა და რაღას იზამდა, ვერაფერი უთხრა გონიერ მხატვარს.

 

კატის გაზრდილი ლომი

 

ერთმა კატამ ქუჩაში უპატრონო ლომის ბოკვერი იპოვნა. კატამ ბოკვერი სახლში წაიყვანა და გაზარდა. ბოკვერი ლომად გადაიქცა. ერთ დღეს ლომმა საკვები ვერ იშოვნა და შესაჭმელად თავის გამზრდელ კატას გაეკიდა. კატა ხეზე აძვრა. ლომი ხის ძირას წამოწვა და კატას ჰკითხა: „ჩემო საყვარელო გამზრდელო, ყველაფერი რომ მასწავლე, ხეზე ასვლა რატომ არ მასწავლეო?“ კატამ უპასუხა: „ეს ჩემთვის შევინახე, რომ გამიჭირდებოდა, მომეხმარებოდაო“.

 

ივანე კრილოვი

 

ივანე კრილოვი რუსი მეიგავე იყო. ის მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

ივანე კრილოვის იგავ-არაკები ეზოპეს იგავების მიხედვით არის შექმნილი. ივანე კრილოვი იგავ-არაკებს ლექსების სახით წერდა.

ივანე კრიოლოვის იგავ-არაკები ცნობილ ქართველ პოეტებს აქვთ გადმოთარგმნილი. მათ შორის აკაკი წერეთელს და რაფიელ ერისთავს.

 

ივანე კრილოვის იგავ-არაკები:

 

ღორი მუხის ქვეშ

 

ერთი ღორი მუხის ქვეშ რკოებს ჭამდა. ღორმა ბევრი რკო შეჭამა და დაიძინა. რომ გამოიღვიძა, ისევ მოშივდა. მივიდა მუხის ძირას და ფესვების თხრა დაიწყო. მუხის ხეზე ჩხიკვი იჯდა. ჩხიკვმა ღორს დასჩხავლა: „ამას რატომ აკეთებ? ფესვს თუ გამოთხრი, მუხა გახმებაო“. ღორმა უპასუხა: „მე რა მადარდებს, ამ ხეს ჩემთვის სარგებელი არასოდეს მოუტანია, გინდ ხმელი იყოს, გინდ ნედლიო“ და ფესვების ჩიჩქნა განაგრძო. ამ დროს მუხა გაბრაზდა და ღორს დაუყვირა: „მსუქანო ღორო, როგორ თუ სარგებელი არ გახსოვს ჩემგან? რკოს ხომ მე გაძლევ საჭმელად, მაგრამ თავს ვერ წევ მაღლა და აბა რას დაინახავო“.

შეგონება: უჭკუო ადამიანი ღორს ჰგავსარ უყვარს სწავლა და ჭკუის დარიგება და ვერ ხვდება რა ანიჭებს ამქვეყნად ბედნიერებას.

 

მაიმუნი და სათვალე

მაიმუნი დაბერდა და თვალს დააკლდა. გადაწყვიტა, სათვალე ეყიდა. იყიდა მაიმუნმა სათვალე და სახლში მიიტანა. გასინჯვა დაუწყო, ჯერ კუდზე წამოიცვა, მერე ზედ დაჯდა, მერე უსუნა, უკბინა კიდეც, მაგრამ ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა გამოეყენებინა. ბოლოს გაჯავრდა: „მეც სულელი ვარ, რატომ ავყევი ჭორებს, ასეთი სულელური რამე თვალს როგორ გაასწორებსო?!“. აიღო სათვალე და გაბრაზებულმა ქვას მიამსხვრია.

შეგონება: ასეა ხოლმე, როდესაც საგნის დანიშნულებას ვერ ხვდება ადამიანი.

 

გოტჰოლდ ლესინგი

 

გოტჰოლდ ლესინგი გერმანელი მწერალი იყო. გოტჰოლდი მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

გოტჰოლდ ლესინგი წერდა პიესებს, მოთხრობებს და იგავ-არაკებსაც.

ლესინგი იგავ-არაკებს ლექსების სახით წერდა.

 

გოტჰოლდ ლესინგის იგავ-არაკები:

 

წინასწარმეტყველება

პეტრე ერთ დღეს მკითხავთან წავიდა. მკითხავმა უთხრა, რომ პეტრე მალე მოკვდებოდა. პეტრე დამწუხრდა, გალოთდა და დღე და ღამე დუქანში დადიოდა. ისეთი ცხოვრება დაიწყო, რომ მართლაც მალე მოკვდა.

 

ძუნწი

„ო, რა უბედური ვარ!“ - უთხრა ერთმა ძუნწმა კაცმა თავის მეზობელს. „რა დაგემართა?“ - ჰკითხა მეზობელმა. ძუნწმა უპასუხა: „რაღა რა დამემართა, წუხელ ღამით ჩემს ბაღში დამალული განძი მომპარეს, მის ადგილას კი ქვა ჩამიდეს“. „შენ მაინც არ იყენებდი და ფული რად გინდოდა, ვინმე გაჭირვებული წაიღებდა და გამდიდრდებოდა“, – უპასუხა მეზობელმა. „აი, სწორედ ეგ მაგიჟებსო!“ - უპასუხა ძუნწმა.

 

ვირი და მგელი

მშიერი მგელი გზად ვირს შეხვდა. ვირმა მგელს სთხოვა, შეებრალებინა და არ შეეჭამა. ვირმა უთხრა მგელს, რომ ფეხში ეკალი ჰქონდა შერჭობილი და ავად იყო. მგელმა უპასუხა: „ნამდვილად მეცოდები, ამიტომ სინდისი მავალებს, ამ ტანჯვისგან გაგათავისუფლოო“... და მგელმა ვირი გადასანსლა.