ნაძვი
1
ნაძვი მარადმწვანე მცენარეა. იგი ძირითადად გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ნაძვი საქართველოშიც ხარობს, ჩვენთან ძირითადად აღმოსავლური ნაძვის სახეობაა გავრცელებული. მას უმეტესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში შეხვდებით, შედარებით მცირე რაოდენობითაა აღმოსავლეთ საქართველოში. ნაძვის ხისგან ავეჯს ამზადებენ, ხოლო მის ფოთლებსა და ქერქს სამკურნალო საშუალებად იყენებენ. გარდა ამისა, ყველა ბავშვს ნაძვის ხე ახსენებს ახალ წელს. ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოში, ნაძვის ხის მორთვა სააახალწლო ტრადიციაა და ამ მხრივ ნაძვი ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება.
ნაძვის ხის აღწერა
ნაძვი მაღალი ხეა, იგი დაახლოებით 20-50 მეტრის სიმაღლე იზრდება. ნაძვს სხვა ხეეებისაგან განსხვავებული ფოთლები აქვს. ისინი მოგრძო და წვრილი ფორმისაა, თითქოს ნემსს მოგაგონებთ. ნაძვის ფოთლებს წიწვები ჰქვია. ამის გამო, ხშირად ნაძვს წიწვოვან მცენარესაც უწოდებენ. ნაძვი 15-20 წლამდე შედარებით ნელა იზრდება, შემდეგ კი ზრდას უფრო სწრაფად აგრძელებს. ნაძვი დიდხანს ცოცხლობს, დაახლოებით 200-500 წლამდე. თუ ნაძვის ხე განცალკავებით დგას, იგი ნაყოფის გამოღებას ადრე იწყებს, ხოლო როცა ერთად ბევრი ნაძვია თავმოყრილი, ისინი ნაყოფს შედარებით გვიან გამოიღებენ. ნაძვის ნაყოფს გირჩა ჰქვია, იგი ღია ყავისფერია. გირჩას სამკურნალოდ და შეშის ნაცვლად, საწვავ საშუალებად იყენებენ.
2
ნაძვი კარგად უძლებს სინოტივესა და სიცივეს, თუმცა იგი მაინც მზის სხივების მოყვარული მცენარეა.
საახალწლო ნაძვის ხე
საახალწლოდ თითქმის ყველა ოჯახში ირთვება ნაძვის ხე. მისი მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახალისებს. საინტერესოა, რატომ რთავენ მაინცდამაინც ამ ხეს? ან საიდან და როდის დაიწყო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?
3
უძველეს დროში რომაელებს ჰქონდათ ასეთი საახალწლო ტრადიცია: ისინი მარადმწვანე ლავრის ხის ტოტებისაგან გვირგვინს ამზადებდნენ და სახლის კარზე ჰკიდებდნენ. მარადმწვანე მცენარეები სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის სიმბოლო იყო და ხალხს სჯეროდა, რომ თუ ახალ წელს ასეთი გვირგვინებით შეეგებებოდნენ, მთელი წელი ჯანმრთელები იქნებოდნენ.
4
ჩრდილოეთ გერმანული ტომები კი ასეთი რიტუალისათვის ნაძვის ხის ტოტებს იყენებდნენ. მათ, გარდა იმისა, რომ ტოტებს ჯანმრთელობისა და სიკეთის მომტანად მიიჩნევდნენ, სჯეროდათ, რომ მორთულ ნაძვს ავი სულების განდევნაც შეეძლო. მოგვიანებით, შუა საუკუნეებში, გერმანიაში უკვე ფართოდ გავრცელდა 24 დეკემბერს ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია. 24 დეკემბერს კათოლიკეები ადამისა და ევას დღეს აღნიშნავდნენ: რთავდნენ ნაძვის ხეს სხვადასხვა ჯიშის ვაშლებით, ხოლო თავზე ხისგან ან ცომისგან დამზადებულ გველს ამაგრებდნენ. ეს მორთულობა ხალხს ახსენებდა იმ ბიბლიურ ამბავს, რის მიხედვითაც ევა გველმა შეაცდინა, სამოთხის ხიდან ვაშლი მოაწყვეტინა და ამით ადამიანებს სამოთხე დააკარგვინა. დროთა განმავლობაში ვაშლებს სხვადასხვა ხილისა და ტკბილეულობისაგან დამზადებული მორთულობა დაემატა და ნაძვის ხემ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. იგი დღეს აღარავის ახსენებს ევასა და ადამის დღისათვის მორთულ სამოთხის ხეს, დღეს ნაძვის ხეს სხვადასხვა ფორმის სათამაშოებით რთავენ და იგი უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი ხეა. ზოგ ქვეყანაში მას საშობაო ხეს უწოდებენ, ჩვენთან კი საახალწლო ნაძვის ხედაა ცნობილი.