კალანდობა
კალანდა ტრადიციული გურული ახალი წელია. ახალ წელს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ხვდებიან. საქართველოსაც აქვს საახალწლო ტრადიციები. გურულების ახალი წელი მაინც ძალიან განსხვავებულია. მას სახელიც კი სხვა ჰქვია - კალანდობა.
1
„კალანდა“ წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. არავინ იცის, რატომ დაარქვეს გურულებმა ახალ წელს კალანდა, მაგრამ ისინი ამ დღესასწაულს დღესაც ასე მოიხსენიებენ. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული გაცილებით გვიან დგება. ისინი კალანდობას 14 იანვარს აღნიშნავენ.
ჩიჩილაკი
ახალ წელს გურულები ეპატიჟებიან მეკვლეს და თვითონაც მიდიან მეკვლედ. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა (ძველი სტილით - 1 იანვარი). გურულები წმინდა ბასილის პატივსაცემად, კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს.
ტრადიციულად, გურული ოჯახი კალანდობისათვის მზადებას 13 იანვარს იწყებდა. კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას, შეიტანდა სახლში და დააწყობდა ცეცხლთან ახლოს, გასაშრობად.
2
ცხემლისჭრის დღისთვის ვახშმად ამზადებდნენ ინდაურის ხორცისგან საცივს, ხარშავდნენ კარგად გასუქებული ღორის თავს. საგანგებოდ აცხობდნენ გურულ ხაჭაპურს და ტკბილ ნაზუქებს.
3
ბებიები და დედები ამ დღისათვის სპეციალურად შენახულ ჩურჩხელებსა და ტკბილ კვერებს ურიგებდნენ ბავშვებს. საღამოს ანთებდნენ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს ამბობდნენ: „მრავალ ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო“. ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ თხილის სწორ ხეს, ამოარჩევდნენ მისგან საჩიჩილაკე ღეროს და ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, როცა ხის კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და იწყებდნენ ჩიჩილაკის დამზადებას. გამზადებულ ჩიჩილაკს სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და სხვადასხვა ტკბილეულით რთავდნენ. კალანდობის ღამით დაწყებულ დროსტარებას გურულები მეორე დღესაც აგრძელებდნენ. კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში „კუჩხას“ ეძახიან. ამ დღეს ოჯახში მოდის მეკვლე, საჩუქრად მოქვს ტკბილეული და ანთებს ბუხარს. ტრადიციის მიხედვით, მეკვლის მოსვლა გურულ ოჯახს ბედნიერებას მოუტანს.
4
დროთა განმავლობაში ძველი ტრადიციები იცვლება. შეიცვალა ქართული საახალწლო ტრადიციებიც. გურულებიც ისე აღარ ხვდებიან კალანდას, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ადრე მთელი ზამთარი, რომ მშრალი ყოფილიყო, კალანდობის წინა ღამეს მაინც მოთოვდა. ახლა ხშირად თოვლიც კი აღარ მოდის საკალანდოდ. მიუხედავად ამდენი ცვლილებებისა, გურულებმა მაინც შეძლეს კალანდობის ეს ლამაზი ტრადიცია შემოენახათ. გურიაში ახალი წელი დღესაც განსხვავებულია, იქ კალანდა დღესაც 14 იანვარს დგება.
5