ტერმიტები
ცხელ ქვეყნებში ცხოვრობენ ტარაკნების ნათესავი მწერები, რომლებიც გარეგნობითაც და ხასიათითაც ჭიანჭველებს უფრო ჰგვანან, ვიდრე - ტარაკნებს.
1
მათ ტერმიტები ჰქვიათ, მაგრამ სხვანაირად „თეთრ ჭიანჭველებსაც“ ეძახიან. ტერმიტებიც, ჭიანჭველების მსგავსად, ერთად აშენებენ ბუდეებს, მაგრამ მათი საცხოვრებელი მიწის ზევითაა და ადამიანზე თითქმის სამჯერ მაღალია.ტერმიტები ბრმები არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის იმაში, რომ მოძებნონ საკვები, ააშენონ უზარმაზარი და უცნაური საცხოვრებლები, გათხარონ დერეფნები ამ საცხოვრებელში, მოუარონ პატარა ტერმიტებს...
ისინიც ისევე ცხოვრობენ, როგორც ჭიანჭველები: მუშა ტერმიტები სულ შრომობენ, ჯარისკაცები იბრძვიან... მხოლოდ, ჭიანჭველებისგან განსხვავებით, ტერმიტები მშვიდობისმოყვარეები არიან: ისინი თავიანთ ჯარს მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებენ, თვითონ კი არასდროს მიდიან სხვებთან საბრძოლველად.
2
როცა მტერი დაესხმებათ თავს, დედალი ტერმიტებიც, მამლებთან ერთად, თავგამოდებით იბრძვიან.ცხვირა ტერმიტები თავიანთი გრძელი ცხვირებიდან ასხურებენ ხოლმე წებოვან სითხეს, რომელიც მტერს იგერიებს.
ტერმიტებს ხორცი არ უყვართ. სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით მიირთმევენ შპალერს, ქსოვილს, ავეჯს, ტელეფონის ბოძებსა და სადენებს. არც წიგნებზე ამბობენ უარს: სწორედ მათ „შემოეჭამათ“ ვატიკანის ბიბლიოთეკის უძველესი წიგნები...
3
ერთხელ ერთ არაბს ტერმიტების ბუდესთან ჩაეძინა. დილით კი საბრალომ აღმოაჩინა, რომ სრულიად შიშველი იყო: თურმე, სანამ მას ტკბილად ეძინა, ტერმიტებს შეუჭამიათ მისი ტანსაცმელი...კიდევ კარგი, არაბი ნაჭრისა არ იყო, თორემ ტერმიტების მასაც შეჭამდნენ...
4