ცხვარი

ცხვარი არის წყნარი, მშვიდი და უწყინარი ცხოველი. საკუთარი თავის დაცვა საერთოდ არ შეუძლია: კბილები ძაღლივით მჭრელი არ აქვს; არც რქები აქვს ხარივით და ცხენივით ღონიერი ფლოქვიც არ აქვს; კურდღელივით მარდი სირბილიც არ იცის. ერთი სიტყვით, თავის დაცვა არაფრით არ შეუძლია. ამიტომ საბრალო ცხვარი მისი მტრისთვის იოლი ლუკმაა. სწორედ ამიტომ ეძახიან ცხვარს ისეთ ადამიანს, ვინც ძალიან სუსტია და ადვილად ერევა ყველა...

1

2

გარეგნობით ცხვარი ლამაზია. გრძელი, ხშირი და ფაფუკი მატყლი, კოხტა ტანი, მოგრძო თავი და წვრილი ფეხები ამშვენებს მას. მაგრამ სახეზე კი აშკარად ეტყობა სისულელე. მისი თვალები სულელურად სადღაც შორს იყურებიან. მცირე საფრთხეც კი საკმარისია, რომ ცხვარი ძალიან შეშინდეს. საფრთხის დროს გაშტერებული, სულელურად ჩერდება ერთ ადგილას, ანდა უაზროდ მირბის წინ და ღრმა ხევიც რომ შეხვდეს, შიგ გადავარდება. ღამე რომ ცეცხლი წაეკიდოს სახლს, ცხვარი გამოიყვანო და გადაარჩინო, თუ ხელი გაუშვი, ისევ შევარდება ცეცხლში და დაიწვება... ცხვარი რომ მგელს დაინახავს, კი არ გაიქცევა, გაჩერდება ერთ ადგილას და სულელურად აბაკუნებს წინა ფეხებს მიწაზე, თითქოს ამით მგელს შეაშინებს. თავისი საკუთარი ნება ცხვარს საერთოდ არ აქვს. ის დადის მუდამ ვაცის ნებაზე. ვაცს რომ შემთხვევით ფეხი დაუცდეს და წყალში ჩავარდეს, ცხვრის მთელი ფარა თან ჩაჰყვება და დაიხრჩობა, თუ პატრონი არ მიეშველა. მთელ თავის სიცოცხლეში ისე სულელურად იქცევა, თითქოს თავში ტვინი საერთოდ არ ჰქონდეს. რაც უნდა ეცადო, ცხვარსბევრს ვერაფერს ასწავლი. მაგრამ ადამიანისათვის აბა რა საჭიროა ცხვრის ჭკუა! მას უნდა ცხვრის მატყლი შალისა თუ წინდების მოსაქსოვად, მისი ქონი - სანთლისა და საპნისათვის, რძე - ყველისათვის, ტყავი - ჩასაცმელად და ხორცი - ჩაქაფულისთვის და სამწვადედ...

3

ჩვენს ხალხს ცხვარი იმდენად სასარგებლო ცხოველად მიაჩნია, რომ ფიქრობს, სადაც ცხვარი გაჩნდება და იმრავლებს, იქ სიღარიბე ქრებაო. ეს აზრი ჩვენს ხალხს შემდეგ მოთხრობაში გამოუთქვამს:

ცხვარი და სიღარიბე

(ხალხური)

ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:

- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანო!

- რატომ უნდა გაგეცალო? ეს ჩემი სახლიაო!

- შენი კი არა, ჩემია, ახლავე უნდა წახვიდეო!

რომ აღარ გაჩერდა ცხვარი, სიღარიბემ სთხოვა:

- სახლის ნახევარი მაინც დამითმეო.

- არა, არა, ვერ დაგითმობო.

4

ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა: ერთი კუთხე მაინც დამითმეო.

- ვერ დაგითმობ, მთელი სახლი მჭირდებაო!

- რად გინდაო?

- რატომ და - ერთ კუთხეში მე უნდა დავდგე, მეორეში _ ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში - ყველსო.

5

ადგა სიღარიბე და გაეცალა. მთელი სახლი ცხვარს დარჩა.