საქართველოს მდინარეები
კავკასიონის ქედის თოვლიანiი მწვერვალები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისათვის. გამდნარი თოვლი და აგრეთვე წვიმა, რომელიც ხშირად მოდის მთაზე, აჩენს მრავალ მდინარეს, რომლებიც უხვად რწყავენ და ანოყიერებენ საქართველოს მიწას.
კავკასიონის ქედის აქეთ რაც წყალი გამოდის, იკრიბება ორ დიდ მდინარეში: რიონსა და მტკვარში. პატარა მდინარეებს, რომლებსაც სათავე ლიხის ქედის იქით აქვთ, სულ რიონში ჩააქვთ წყალი. რომელ მდინარეებსაც ლიხის ქედს აქეთ - მტკვარში. რიონს სათავე ზემო რაჭაში აქვს. ეს მდინარე ზემო ნაწილში ჩრდილო-დასავლეთიდან მოდის, მერე ბრუნდება სამხრეთისკენ, რაჭაზე გამოივლის და შემდეგ იმერეთში ჩამოდის. ქუთაისამდე რიონი ჩქარა მოდის, შემდეგ კი თანდათან ნელა მიედინება. ქუთაისის ქვემოთ რიონს ერთვის ყვირილა. ყვირილას შეერთების შემდეგ რიონი დასავლეთისკენ ბრუნდება. შემდეგ რიონს უერთდება ცხენისწყალი, რომელიც ჯერ სვანეთს გამოივლის სამხრეთისაკენ და მერე იმერეთისა და სამეგრელოს საზღვარზე მიედინება. ცხენისწყლის შეერთების შემდეგ რიონი ისევ დასავლეთისკენ მიდის და შავ ზღვას ერთვის.
რიონი საქართველოს ყველა მდინარეზე უფრო სასარგებლოა, რადგანაც შიგ გემებს შეუძლიათ შესვლა; შავი ზღვიდან თითქმის ქუთაისამდე წინათ გემი ადვილად ამოდიოდა და ჩადიოდა, ვიდრე რკინიგზას გააკეთებდნენ...
მტკვარი გამოდის საქართველოს სამხრეთის საზღვარზე. ახალციხემდე ჩრდილოეთისკენ მოდის, აქედან კი პირს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იბრუნებს და ბორჯომის ხეობაში ჩამოდის; როცა სურამს მოუახლოვდება, აღმოსავლეთისკენ უხვევს. გორთან მტკვარს უერთდება ლიახვი, უფრო ქვემოთ - ქსანი, მცხეთასთან - არაგვი და შემდეგ სამხრეთ-დასავლეთისკენ ბრუნდება. კახეთის ბოლოს მტკვარს ერთვის ალაზანი. ბოლოს მტკვარი ჩადის კასპიის ზღვაში.
მტკვარი საქართველოსთვის თითქმის გამოუყენებელი მდინარეა. მასში გემების სიარული შეუძლებელია, რადგან ძალიან ჩქარა მიდის და კლდეებითაა სავსე მისი ძირი და ნაპირები. ძველ დროში კი მტკვარი გემებისთვის სავალი მდინარე ყოფილა; კასპიის ზღვიდან სურამამდე თურმე პატარა გემები დადიოდა. მაგრამ მტკვარი სხვა მხრივ არის სასარგებლო: მტკვარში ძალიან ბევრს თევზს იჭერენ.
აჭარაში არის მესამე შესანიშნავი მდინარე - ჭოროხი, რომელიც გამოდის საღანლუღის მთებიდან თურქეთში, მიდის ჩრდილო-დასავლეთისკენ და ბათუმთან ჩადის შავ ზღვაში.