ტორნადო
შესავალი
„ტორნადოსავით სწრაფი და ძლიერიაო“, - ასეთი გამოთქმა ალბათ თქვენც გაგიგონიათ. იცით, ტორნადო რა არის? მართლა ისე ძლიერია, როგორც ამბობენ?
ტორნადო
საერთოდ, სიტყვა „ტორნადო“ მოდის ესპანური ენიდან და ნიშნავს ბრუნვას. ისე კი, ტორნადო არის ძლიერი და საშიში ჰაერის სვეტი, რომელიც ბრუნავს წრიულად და თან სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება.
ტორნადო, ერთი შეხედვით, ძაბრს ჰგავს, დედამიწის ზედაპირს რომ უახლოვდება, ვიწრო პირი აქვს, ხოლო ცისკენ ის უფრო დიდდება და ფართოვდება. ამ ვიწრო პირით ტორნადო დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს, რაც კი გზად შეხვდება, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ მძიმე ნივთებსაც კი, როგორიცაა მანქანა ან დიდი ლოდები.
შესრუტულ ნივთებსაც აბრუნებს იგი ჰაერში და ბოლოს სადმე გადმოყრის, განადგურებულსა და დანგრეულს.
ტორნადოს ადამიანების ატაცებაც შეუძლია, სახლების დანგრევაც. ის მართლა ძალიან ძლიერი და საშიშია.
ტორნადოს წარმოქმნა
საინტერესოა, როგორ ჩნდება ტორნადო და რა იწვევს მის ასეთ სიძლიერეს.
თურმე ტორნადო ღრუბლების შეჯახების შედეგად ჩნდება. ამ დროს წარმოიქმნება დიდი ძალა. მაშინაც კი, როდესაც ტორნადო დედამიწაზე გამოჩნდება, ეს ძალა ისევ აქვს და სწორედ ამის გამოა, რომ ყველაფრის შესრუტვა შეუძლია. ტორნადოები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. ზოგი დიდია, ზოგიც - უფრო პატარა,ზოგი ძალიან ძლიერია, ზოგი - საშუალო და ხალხს არც ისეთ დიდ ზიანს აყენებს... ტორნადოს საშუალო სიგრძე 80 მეტრია. ყველაზე საშიში ტორნადო დედამიწაზე 3 კილომეტრის სიგრძისა იყო.
ტორნადო ზღვაზე/ „წყლის შარვალი“
ტორნადოს გავრცელება
ტორნადოები ძირითადად ჩნდება ადრეულ ზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს. ზაფხულის ბოლოს უფრო წყლის ტორნადოები ჩნდებიან და მას ამერიკაში „წყლის შარვალს“ უწოდებენ.
ყველაზე ხშირად ტორნადო ჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, შემდეგ – არგენტინაში, შუა და სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, ბენგალიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. აგრეთვე შედარებით მსუბუქი ტორნადოებით მდიდარია ფლორიდა და ბრიტანული კუნძულები.
ბოლოსიტყვაობა
ტორნადოების შესახებ მეცნიერებმა უკვე ბევრი რამე იციან. ადგენენ მის სისწრაფეს, მის სიგრძესაც კი. მეცნიერებს შეუძლიათ წინასწარ გააფრთხილონ ხალხი მოსალოდნელი ტორნადოს შესახებ, თუმცა არც ერთ მეცნიერს არ შეუძლია მისი თავიდან არიდება, იმიტომ, რომ ტორნადო ბუნებრივი მოვლენაა და მისი ხელის შეშლა ადამიანს არ შეუძლია.
თუმცა, ადამიანს შეუძლია ტორნადოს დროს გადარჩეს: მართალია, იგი ძალიან ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ძალიან ვიწრო ყელი აქვს და თუკი ადამიანი კარგად დააკვირდება, მისი მოძრაობის მიმართულებას გამოიცნობს. შემდეგ შეუძლია სწრაფად გაეცალოს და „შესრუტვას“ გადაურჩეს.