დაკარგული ტილოები
ცნობილი მხატვრების ტილოები ძვირადღირებული ნივთებია. მათ უმეტესად მუზეუმებში ინახავენ. აქ ნახატების ნახვა ყველას შეუძლია. ზოგი ადამიანი ძვირფას ნივთებს აგროვებს. ისინი ძვირადღირებულ, ცნობილ ნახატებსაც ყიდულობენ. მათ კოლექციონერებს უწოდებენ. ზოგი მუზეუმიდან ცნობილ ტილოებს იპარავს და კოლექციონერებზე ყიდის. ამ დროისთვის მსოფლიოში რამდენიმე ცნობილი ტილოა დაკარგული. მათ საინტერესო ისტორიები აქვთ.
გარდნერის მუზეუმის დაკარგული ტილოები
იზაბელა გარდნერის მუზეუმი, ამერიკის ქალაქ ბოსტონში მდებარეობს. მუზეუმში ბევრი ცნობილი ნახატი ინახება. მუზეუმი ამერიკელმა კოლექციონერმა იზაბელა გარდნერმა დააარსა. თავდაპირველად მუზეუმში იზაბელა გარდნერის მიერ შეგროვებული ნახატები და სხვადასხვა ანტიკვარული ნივთი გამოფინეს. მუზეუმში ინახება ცნობილი მხატვრების: ვერმერის, ბოტიჩელის, ტიციანის, პიერო დელა ფრანჩესკასა და სხვების ცნობილი ტილოები.
1990 წელს გარდნერის მუზეუმი გაძარცვეს. იმ დღეს ქალაქში ზეიმი იმართებოდა. ყველაგან ხალხმრავლობა და ხმაური იყო. ქუჩებში პოლიციელები დადიოდნენ. გარდნერის მუზეუმს პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ორი კაცი მიუახლოვდა. მუზეუმის დაცვას ისინი პოლიციელები ეგონა. შენობაში თავისუფლად შეუშვეს. მუზეუმში შესულებმა უცებ იარაღი ამოიღეს და თავი მძარცველებად გამოაცხადეს. დაცვის თანამშრომლებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს. შემდეგ ისინი დაიჭირეს, ხელ-ფეხი და პირი შეუკრეს. მძარცეველებმა იმ დღეს მუზეუმიდან 13 ნახატი მოიპარეს. მათ შორის იყო სამი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატი: ვერმერის „კონცერტი“, ფლინკის „ლანდშაფტი ობელისკით“ და რემბრანდტის „შტორმი გალილეის ზღვაზე“.
1. ვერმერის „კონცერტი“
ვერმერის „კონცერტი“ 1665 წელს შეიქმნა. ტილოზე ასახულია სამი მუსიკოსი: ქალი პიანინოსთან ზის და უკრავს. მის გვერდით მამაკაცი ზის, რომელიც ბარბითზე უკრავს. ოთახში კიდევ ერთი მუსიკოსი ქალია, ის პიანინოსგან მოშორებით დგას და მღერის. ნახატი 1990 წლის შემდეგ აღარავის უნახავს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
2. გოვერ ფლინკის „ლანდშაფტი ობელისკით“
დანიელი მხატვრის გოვერ ფლინკის ტილო „ლანდშაფტი ობელისკით“ ვერმერის ნახატთან ერთად მოიპარეს. ამ ნახატს ორი ავტორი ჰყავს, მას მიაკუთვნებენ გოვერ ფლინკსაც რემბრანდტსაც. რემბრანდტი ფლინკის სიძე იყო, მისი ქალიშვილის ქმარი. როდესაც ფლინკი გარდაიცვალა, მას ბევრი ნახატი დაუმთავრებელი დარჩა. ამბობენ, რომ რემბრანდტმა მისი სურათები დაასრულა. „ლანდშაფტი ობელისკით“ ერთ-ერთი ისეთი ნახატია, რომელიც ფლინკმა დაიწყო და რემბრანდტმა დაასრულა.
3. რემბრანდტის „შტორმი გალილეის ზღვაზე“
მუზეუმიდან მოიპარეს აგრეთვე რემბრანდტის ცნობილი ტილო „შტრომი გალილეის ზღვაზე“. სურათზე ასახულია აღელვებული ზღვა და ნავში მსხდომი ადამიანები. ეს ბიბლიური ხასიათის ტილოა. ნახატზე გამოსახულია ქრისტესა და მისი მოსწავლეების გასვლა ზღვაში. ეს ერთადერთი ნახატია, სადაც რემბრანდტს ზღვა აქვს დახატული.
მოპარული 13 ტილოდან არც ერთი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. მათი ღირებულება მთლიანობაში 300 მილიონი დოლარია.
ვინსენტ ვან გოგის დაკარგული ნახატები
ვინსენტ ვან გოგი ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი იყო. მისი სურათები კაშკაშა ფერების სიმრავლით გამოირჩევა. ვან გოგს ძალიან უნდოდა ბუნების ლამაზი ფერები თავის ტილოებზე გადმოეტანა.
1. „ყაყაჩოები“
6
6
„ყაყაჩოები“ ვან გოგის ერთ-ერთი ულამაზესი ნახატია. მასზე ასახულია ლარნაკში ჩაწყობილი ყვითელი და წითელი ყაყაჩოები. ნახატის ღირებულება 50 მილიონი დოლარია. ნახატი კაიროს მუჰამედ ხალილის მუზეუმში ინახებოდა. ვან გოგის „ყაყაჩოების“ დაკარგვის გამო ეგვიპტის მთავრობამ გამოძიება დაიწყო. მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ ნახატს მალევე იპოვნიდნენ. პოლიციამ რამდენიმე დღეში ორი იტალიელი ეჭვმიტანილი დააპატიმრა, თუმცა ნახატი ვერ იპოვეს. იგივე ნახატი მანამდე, 1977 წელსაც მოიპარეს მუზეუმიდან. ათი წლის შემდეგ პოლიციამ ის კუვეითში იპოვნა და კაიროს მუზეუმს დაუბრუნა. ვან გოგის „ყაყაჩოების“ ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
2. „ზღვის ხედი შევინგენიდან“
7
7
ვან გოგი ხშირად ისვენებდა შევინგენში. ერთ საღამოს მოლბერტი სახლის ეზოში გამოიტანა. ეზოდან ზღვის ულამაზესი ხედი ჩანდა. ამინდი აირია. ქარი ქროდა. ზღვა აღელდა. ტალღები ზღვაში გემებს არხევდნენ. მალე ქარმა ჰაერში წვრილი ქვიშა დაატრიალა და მოლბერტზე გადაჭიმულ ტილოს შეაყარა. ნახატი დაიმტვერა. იქიდან წვრილი ქვიშის მოშორება შეუძლებელი გახდა. ვან გოგმა ნახატი მაინც დაასრულა და მას „ზღვის ხედი შევენინგენიდან“ უწოდა. ნახატს ქვიშის კვალი გაშრობის შემდეგაც აჩნდა. ეს ნამუშევარი 2002 წლამდე ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში ინახებოდა. 2002 წლის 7 დეკემბერს ის მუზეუმიდან მოიპარეს. ნახატის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.
3. „ხალხი ტოვებს რეფორმირებულ ეკლესიას ნუენენში“
ამავე დღეს მუზეუმიდან ვან გოგის კიდევ ერთი ნახატი წაიღეს. ნახატს „ხალხი ტოვებს რეფორმირებულ ეკლესიას ნუენენში“ ჰქვია. ეს ნახატი ვან გოგმა დედას დაუხატა. თავდაპირველად სურათზე მხოლოდ ეკლესია, ფოთლებდაცვენილი ხეები და ღობე ეხატა. დედას ეს სურათი ძალიან მოეწონა. რამდენიმე წლის შემდეგ ვან გოგი ისევ დაუბრუნდა ამ ნახატს. მან ხეებს შემოდგომის ფოთლები დაამატა. ასე სურათი უფრო ფერადი გახადა. ეკლესიის ეზოში კი მოსიარულე ხალხი დახატა. სურათს სახელი „ხალხი ტოვებს რეფორმირებულ ეკლესიას ნუენენში“ საბოლოოდ დასრულების შემდეგ დაარქვა. ვან გოგის ეს ნახატიც ჯერჯერობით გაუჩინარებულია. სურათის ღირებულება 300 მილიონი დოლარია.
პოლ სეზანის „ხედი ოვერ სურ ვაზზე“
ნახატზე საფრანგეთის ერთ-ერთი რაიონია ასახული. ამ რაიონს ოვერ სურ ვაზი ჰქვია. ნახატი ინახებოდა ინგლისში, ოქსფორდის მუზეუმში. ნახატს პოლ სეზანის სახელი მითითებული არ ჰქონდა. პოლ სეზანი თვლიდა, რომ ეს ნახატი დაუსრულებელი იყო. ამის გამო მას არ სურდა, რომ მისი სახელი მიეთითებინათ. ნახატი მოიპარეს 1999 წლის 31 დეკემბერს, მე-20 საუკუნის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე. ნახატის მოპარვის შემდეგ ქალაქში ფეიერვერკები დაიწყო. ნახატის დაკარგვამ ორი დღის განმავლობაში შეუმჩნევლად ჩაიარა. პოლ სეზანის „ხედი ოვერ სურ ვაზზე“ ხუთი მილიონი დოლარი ღირს. ის დღემდე არ უპოვნიათ.
ლეონარდო და ვინჩის „მადონა თითისტარით“
ეს ნახატი 65 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ის 2003 წელს შოტლანდიაში მოიპარეს. ლეონარდო და ვინჩის „ მადონა თითისტარით“ დრუმლანრიგის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა. ციხე-სიმაგრეს ხშირად სტუმროენ ტურისტები. ქურდება ნახატი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე წაიღეს. ისინი ციხე-სიმაგრეში ტურისტების ჯგუფს შეჰყვნენ. ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო, შესვლის საფასურიც გადაიხადეს და გიდსაც ყურადღებით უსმენდნენ... ბოლოს, როდესაც გიდმა ისინი „მადონასკენ“ წაიყვანა, მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. ნახატი სასწრაფოდ ჩამოხსნეს კედლიდან და გარეთ მდგარი მანქანისკენ გააქანეს.