გიოთჰორნი
გიოთჰორნი ერთი პატარა, ზღაპრულად ლამაზი სოფელია. სოფელში სულ 2500 ადამიანი ცხოვრობს. აქ ყველაფერი ლამაზი, მშვიდი და საინტერესოა. გიოთჰორნი ჰოლანდიის პატარა სოფელია. სოფელს გარს აკრავს წყალი. აქ ვერ ნახავთ ავტომობილებსა და მატარებლებს. აქ მხოლოდ წყლის ტრანსპორტით მგზავრობენ.
სატრანსპორტო საშუალებები
გიოთჰორნში წყლის ტრანსპორტის დიდი არჩევანია: თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ კანოეთი, ჩვეულებრივი მოტორიანი ნავით, იალქნიანი პატარა გემით, წყლის ველოსიპედით ან პიუნტერით.
პიუნტერი წყლის იშვიათი ტრანსპორტია. მას ყველგან ვერ შეხვდებით. პიუნტერით მგზავრობა მხოლოდ აქ, ნიდერლანდებში შეგიძლიათ. ის დღესაც ყველასთვის საყვარელი ტრანსპორტია. სოფელში ჩასულ ყველა სტუმარს ადგილობრივები პიუნტერით გასეირნებას სთავაზობენ. პიუნტერით სეირნობა გიოთჰორნის ერთ-ერთი ტრადიციაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა პიუნტერით მგზავრობა მზიან და წყნარ ამინდში, როდესაც წყალი მშვიდია და არ ღელავს. ამ დროს პიუნტერი წყლის ნელ დინებას მიჰყვება. მგზავრებიც წყლის დინებას არიან მინდობილნი. მაგრამ თუ მოულოდნელად ამინდი შეიცვალა და ქარი ამოვარდა, სოფელში დასაბრუნებლად ნიჩბების მოსმა ხდება საჭირო.
პიუნტერებს ფრანგული მუხის ჯიშისაგან ამზადებენ. ფრანგული მუხა დიდხანს ძლებს და წყალი ადვილად ვერ აფუჭებს. პიუნტერის დასამზადებლად ორ ადამიანს სამი კვირის შრომა სჭირდება. პიუნტერი საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსპორტია. ვისაც საკუთარი პიუნტერის ყიდვა სურს, მას იგი 15.000 ევრო დაუჯდება.
სოფლის მდებარეობა
გიოთჰორნი ჰოლანდიის პროვინციას ოვერიზელს ეკუთვნის. გიოთჰორნის მეზობლად ჰოლანდიის ეროვნული პარკი ვერიბენია გაშენებული. გიოთჰორნი თავდაპირველად ძალიან ღარიბი სოფელი იყო. მისი არსებობა ბევრმა ჰოლანდიელმა არც კი იცოდა. გიოთჰორნის გვერდით კი მდებარეობდა პატარა ქალაქი ბლოკცილი, სადაც გიოთჰორნელი მოსახლეობა სამუშაოდ მიდიოდა.
ბლოკცილი მდიდარი იყო ტორფით, ამის გამო აქ ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა. ტორფს საწვავად იყენებენ. ქალაქი ბლოკცილი, ტორფის საბადოების გამო ჰოლანდიაში ცნობილი იყო.მალე გიოთჰორნშიც აღმოაჩინეს ტორფი. ტორფის მოპოვების შემდეგ სოფელი სიღარიბიდან ამოვიდა. გიოთჰორნმა მალე სახელი ისე გაითქვა, რომ მეზობელი ბლოკცილი დაჩრდილა.
რას ნიშნავს სოფლის სახელი გიოთჰორნი?
თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რატომ დაარქვეს ამ სოფელს გიოთჰორნი. თურმე მე-13 საუკუნეში ამ ლამაზ ადგილს მოხეტიალე ხალხი მოადგა. ამ ხალხს საცხოვრებელი არ ჰქონდა. ადგილი ძალიან მოეწონათ და გადაწყვიტეს, აქ დასახლებულიყვნენ. ნელ-ნელა სოფელი ხალხით გაივსო. ხალხმა ხმელეთსა და წყლის ფსკერზე თხების უზარმაზარი რქები იპოვა. საბოლოდ ძალიან ბევრი თხის რქა მოაგროვეს. ხალხმა ამის გამო ამ ადგილს „გიოთჰორნი“ უწოდა. „გიოთ“ თხას ნიშნავს, „ჰორნ“ რქას. სოფელს დღემდე ეს სახელი შემორჩა.
გიოთჰორნი- ნიდერლანდების ვენეცია?!
გიოთჰორნს ხშირად ნიდერლანდების ვენეციას უწოდებენ. ის მართლა ძალიან ჰგავს პატარა იტალიურ ქალაქს. ეს მსგავსება შემთხვევითი არ არის. ხალხი რომელიც გიოთჰორნში დასახლდა და აქ სოფელი გააშენა იტალიიდან ჩამოვიდა. მათ ნიდერლანდებში საკუთარი კულტურა და ტრადიციები ჩამოიტანეს. ნიდერლანდების ულამაზეს ბუნებაში კი იტალიური სოფელი გააშენეს.
სოფლის მოსახლეობა
გიოთჰორნის მოსახლეობა ძალიან უფრთხილდება სოფლის ბუნებრივ სილამაზეს. ისინი ძალიან აფასებენ სოფლის ხელსაყრელ მდებარეობას. ცდილობენ შეინარჩუნონ სოფლის ძველი სახე. არ აშენებენ თანამედროვე სტილის სახლებსა და შენობებს.
სოფელში ყველა სახლი ჩალითაა გადახურული. ჩალის სახურავი გიოთჰორნისათვის ტიპურია. გიოთჰორნში ყოველთვის მშვიდი და თბილი ამინდია. მზიანი და თბილი ამინდი ხალხს კარგად დასვენების საშუალებას აძლევს. სოფლის მცხოვრებლები ერთმანეთთს უმეტესად პატარა ხიდების საშუალებით უკავშირდებიან. გიოთჰორნში 50-მდე პატარა ხიდია. ხიდები მეზობელ სახლებს ერთმანეთთან აკავშირებს. აქ ხშირად შეხვდებით ხიდზე ფეხით ან ველოსიპედით მოსიარულე გიოთჰორნელ ხალხს.
გიოთჰორნი- მსოფლიოში ცნობილი სოფელი
როგორც უკვე გითხარით, გიოთჰორნი არც ისე ცნობილი სოფელი იყო. ტორფის საბადოების გამო ის ცნობილი გახდა ჰოლანდიაში, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რომ იგი მსოფლიოს გაეცნო.
გიოთჰორნი მსოფლიოს კინორეჟისორმა ბერტ ჰაანსტრმა გააცნო. მან აქ კომედიური ჟანრის ფილმი „ფანფარი“ გადაიღო. ფილმი 1958 წელს გამოვიდა. ფილმის გადაღება რამდენიმე თვე გრძელდებოდა. გიოთჰორნს უამრავი სტუმარი ეწვია: მსახიობები, რეჟისორები და კინომცოდნეები და სხვ. ბევრმა ადამიანმა ნახა სოფლის ლამაზი ბუნება და მოეწონა ის. ფილმის გადაღების შემდეგაც ისინი გიოთჰორნს მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდნენ.
განსაკუთრებით ბევრი ტურისტი კი ფილმის პრემიერის შემდეგ მიაწყდა სოფელს. ფილმი „ფანფარი“ ჯერ კანის, შემდეგ კი მოსკოვის კინოფესტივალზე გაიტანეს. ფილმს განსაკუთრებული ჯილდოები არ მიუღია, თუმცა მან ჰოლანდიის პატარა, ლამაზ სოფელს დიდი პოპულარობა მოუტანა.
გიოთჰორნის ღირსშესანიშნაობები
გიოთჰორნში ტურისტები ხშირად სტუმრობენ მუზეუმებს. აქ ერთ–ერთი ცნობილი მუზეუმია „ძველი დედამიწა“. მუზეუმი სოფლის ცენტრში მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილია უცნაური ქვები და იშვიათი მინერალები.
„ძველი დედამიწის“ მეზობლად მდებარეობს ნიჟარების მუზეუმი. აქ მნახველს სხვადასხვა ფორმისა და ფერის უამრავი ნიჟარის დათვალიერება შეუძლია. ნიჟარების მუზეუმში შესვლა თავისუფალია.
გიოთჰორნში კიდევ ერთი საინტერესო მუზეუმი მდებარეობს. მას „ჰისტომობილს“ უწოდებენ. „ჰისტომობილში“ ნახავთ ძველ ველოსიპედებს, ავტობუსებს, მანქანებს, ეტლებს, ფურგონებს და სკეიტებს.
დორპსგრახტი
ყველა ქალაქს თუ სოფელს აქვს ცენტრალური ქუჩა ან გზა. რადგან გიოთჰორნში ჩვეულებრივი ქუჩები არ არის, აქ ცენტრალური ქუჩაც არაჩვეულებრივია. ცენტრალური ქუჩა წყლის ქუჩაა. ეს დორპსგრახტის ტბაა, რომელიც სოფელს გარს აკრავს და ამავე დროს შუაზეც ყოფს მას. დორპსგრახტი პატარა და წყნარი ტბაა. მისი ერთი ბოლოდან თუ მეორე ბოლომდე მიხვალთ, თქვენ მთელი გიოთჰორნის დათვალიერებას მოახერხებთ. ცენტრალური წყლის ქუჩიდან სოფლის ყველა ღირსშესანიშნაობა კარგად ჩანს.
ხანდახან ზამთარში დორპსგრახტის ტბა იყინება. მაშინ სოფლის მცხოვრებლები გადაადგილებისათვის ციგურებს იყენებენ.
ბოლოსიტყვაობა
გიოთჰორნის მცხოვრებლები ტრადიციული და სტუმართმოყვარე ხალხია. აქ ჩასულ სტუმრებს ისინი ყოველთვის ღიმილით ხვდებიან. სოფლის ლამაზი მდებარეობა კი ტურისტებისათვის დაუვიწყარი რჩება.