დიდი კანიონი


 

მდ. კოლორადო დიდ კანიონში

დიდი კანიონი არის ყველაზე ღრმა კანიონი მთელ მსოფლიოში და იგი ამერიკაში, არიზონას შტატში მდებარეობს. დიდ კანიონში მდინარე კოლორადო მიედინება და მას ხშირად კოლორადოს დიდ კანიონსაც უწოდებენ. საერთოდ, კანიონი ღრმა ხევია მდინარის პირას, სადაც მდინარეს ძალიან ვიწრო კალაპოტი აქვს. ასეთი კანიონები უფრო მთიან ქვეყნებშია გავრცელებული.

ეროვნული პარკი

კოლორადოს დიდი კანიონის სიგრძე 446 კილომეტრამდეა, ხოლო სიგანე - 6-29 კილომეტრამდე მერყეობს სხვადასხვა ადგილას. დიდი კანიონის სიღრმე კი 2000 მეტრს აღწევს. კანიონის სივრცე თანადათან ფართოვდება, რადგან ქარის, მზისა და წყლის ურთიერთქმედება იწვევს იმ ქანების დაშლას, რომლებიც ნიადაგშია განლაგებული.

დიდი კანიონის ტერიტორიაზე 3000 წლის წინ ინდიელები ცხოვრობდნენ, დღეს აქ ხალხი არ ცხოვრობს, თუმცა მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ამის გამო იგი ტურისტულ ზონად იქცა, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული.

 

დიდი კანიონის ეროვნული პარკი

ნავით მოგზაურობა კოლორადოზე

დიდი კანიონის ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკია. ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი სარგებლობს, რადგან იგი გზიდან საკმაოდ ახლოს, 48 კილომეტრში მდებარეობს, ამასთან, აქ ბევრი მუზეუმი და ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებია. დიდი კანიონის ჩრდილოეთ ნაწილს ძალიან ცოტა ტურისტი სტუმრობს. იქ გაუვალი გზებია და სიარული ძალიან

რთულდება. თუმცა, ზოგიერთი ლაშქრობის მოყვარული ტურისტი მაინც ახერხებს ბილიკებით დიდი კანიონის ამ ნაწილის მონახულებას. ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლებელია ნავით მოგზაურობაც, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან მდინარე კოლორადო ზოგ ადგილას წყნარად მიედინება, მაგრამ ხშირად მის ჩქაროსნულ დინებასაც აწყდებიან ტურისტები, რაც მოძრაობას ძალიან ართულებს.

ტურისტებისთვის დიდი კანიონის დათვალიერება ყოველთვის ნებადართულია, თუმცა ღამის გათევასთან დაკავშირებით მათ სპეციალური ნებართვის აღება სჭირდებათ. დიდი კანიონის ეროვნულ პარკს რეინჯერები იცავენ, ისინი განსაკუთრებით ფრთხილობენ იმ შემთხვევაში, როცა ტურისტი ღამეს ათევს დიდი კანიონის პარკში. უფრთხილდებიან პარკის ფლორას (მცენარეებსა) და ფაუნას (ცხოველებს), რომლებიც აქ ძალიან მრავალფეროვანია. ამერიკელები ამაყობენ ბუნების ამ დიდი საოცრებით.

 

ლექსიკონი:

 

რეინჯერები- სამხედრო მოსამსახურე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ქანი-დედამიწის ქერქის შემადგენელი ნაწილი, მინერალების ერთობლიობა.

კალაპოტი- ხეობის ნაწილი, რომელიც მდინარეს უკავია.