დიდი ბარიერული რიფი
დიდი ბარიერული რიფი არის მარჯნის რიფებისა და კუნძულების დიდი ჯაჭვი. მარჯანი კი წყლის ცხოველია, რომელიც საცეცებით მიმაგრებულია ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე. მარჯანი დიდი რაოდენობითაა ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში. სწორედ ასეთი მარჯნების უზარმაზარ ჯაჭვს წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფი, რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ავსტრალიასთან ახლოს. დიდი ბარიერული რიფი ბრიტანელმა მეზღვაურმა, ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა 1770 წელს, როდესაც იგი გემით მოგზაურობდა.
რიფი წყალზე მიმოსვლას ხელს უშლის. კუკის გემიც რიფს წამოედო და ოკეანეში ჩაიძირა. სწორედ ასე აღმოაჩინა ჯეიმს კუკმა ეს ულამაზესი და გასაოცარი წყალქვეშა სამყარო, რომელიც ავსტრალიის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს.
დიდი ბარიერული რიფი შედგება დაახლოებით 2900 ცალკეული რიფისა და 1000-მდე კუნძულისაგან, რიფების ამ უზარმაზარი ჯაჭვის ზედაპირი კი 347 800 კვადრატულ კილომეტრზე გრძელდება.
ცოცხალი სამყარო დიდ ბარიერულ რიფზე
მნახველს წყალქვეშ მრავალფეროვანი ცოცხალი სამყარო ხვდება. თვითონ მარჯნების სახეობებიც სხვადასხვანაირია. აქ 359 სახეობის მარჯანი ცოცხლობს. მათ გარდა ამ ადგილას ცხოვრობენ სხვადასხვა სახეობის თევზები, ვეშაპები და კუები. აქვე შეიძლება ნახოთ წყლის ფრინველების ჯიშები.
იმ ცხოველებიდან და ფრინველებიდან, რომლებიც დიდ ბარიერულ რიფზე ცხოვრობენ, ზოგიერთს გადაშენება ემუქრება, ზოგი კი მხოლოდ და მხოლოდ ამ ადგილას ცხოვრობს და მსოფლიოს სხვა კუთხეში ვერსად შეხვდებით. გარდა ცხოველებისა და ფრინველებისა, წყალქვეშ გადაშლილია მცენარეების მრავალფეროვანი და ულამაზესი სამყარო, რომელიც თავისკენ ბევრ ტურისტს იზიდავს.
ტურისტები
ავსტრალიისკენ ტურისტები ხშირად დიდი ბარიერული რიფის სანახავად მიემართებიან. ყოველწლიურად ავსტრალია მილიონობით ტურისტს სტუმრობს. დიდ ბარიერულ რიფზე მოხვედრა ტურისტებს გემის ან წყალქვეშა აღჭურვილობის საშუალებით შეუძლიათ. რიფის დათვალიერება შესაძლებელია ზემოდანაც, პატარა თვითმფრინავების დახმარებით. ავსტრალიის სახელმწიფო ძალიან უფრთხილდება რიფს და იცავს მას ადამიანების მავნე საქმიანობისაგან. აქ თევზაობა ნებადართულია, თუმცა ძალიან მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, იმისთვის რომ მეთევზეებმა მომწამლავი ნივთიერებები არ გამოიყენონ სათევზაოდ.
დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიისათვის დიდი შემოსავლის წყაროა, აქ ჩამოსული ტურისტების მიერ დახარჯული ფული ზრდის ქვეყნის შემოსავალს. დიდი ბარიერული რიფის დაცვა და გაფრთხილება მხოლოდ ავსტრალიისათვის არ არის მნიშვნელოვანი, იგი 1981 წელს იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობათა სიაში შევიდა და მასზე ამ დროიდან იუნესკოც ზრუნავს. ბუნების ასეთ მშვენიერებაზე ზრუნვა და მისი დაცვა ყველა ადამიანის მოვალეობაა.