გინესის რეკორდების წიგნი
გინესის რეკორდების წიგნის შექმნის იდეა გაჩნდა 1951 წელს ვექსფორდში, ირლანდიაში, და იგი ეკუთვნის გინესის ლუდის ქარხნის დირექტორს – სერ ჰიუ ბივერს.
ბივერი გახდა კამათის მონაწილე, თუ რომელი ევროპული ფრინველი იყო ყველაზე სწრაფი და ამ კითხვაზე პასუხი ვერც ერთ ენციკლოპედიაში ვერ იპოვა. მან აღმოაჩინა, რომ არ არსებობს ისეთი წიგნი, რომელიც ასეთი განსაკუთრებული სახის ინფრომაციას მიწოდებდა ადამიანებს. მან გადაწყვიტა ასეთი წიგნის შექმნა და დაიწყო რეალური ფაქტების შეგროვება. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი „გინესის რეკორდების წიგნს“.
1954 წელს უკვე ლონდონში დააარსეს ძმებმა მაკვრაითერებმა სტატისტიკური სააგენტო, სადაც ისინი აგროვებდნენ მნიშვნელოვან და გასაოცარ ფაქტებს. 1955 წლის 27 აგვისტოს პირველად გამოიცა გინესის რეკორდების წიგნი და იგი მალევე გახდა ბრიტანული ბესტსელერი.
ცნობილია, რომ გინესის რეკორდების წიგნის 400 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მისი პირველი გამოცემიდან დღემდე და იგი დღესაც ითვლება ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდულ წიგნად. გინესის რეკორდების წიგნი ითარგმნა 37 ენაზე, ხოლო მისი პირველი გამოცემა შედგებოდა 197 გვერდისაგან.
გინესის რეკორდების წიგნში მოთხრობილია იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, ან შეუძლიათ ისეთი რამის გაკეთება, რაც სხვებს არ გამოსდით...
მაგალითად, გინესის რეკორდების წიგნში შესულია ყველაზე სწრაფი მორბენალი ლასტებით - გერმანელი მარენ ცოკნერი, რომელმაც ასი მეტრის მანძილი 22,35 წამში დაფარა.
გინესის წიგნი აგრეთვე მოგვითხრობს იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც აქვს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცხვირი. ეს ადამიანია თურქი მეჰმედ უზურეკი. მისი ცხვირის სიგრძეა 8,8 სანტიმეტრი შუბლიდან ნესტოებამდე.
ასეთი საინტერესო ამბები უხვადაა გინესის რეკორდების წიგნში.
საინტერესოა, როგორ შეიძლება მოხვდეს ადამიანი ამ წიგნში? ან ვინ აფასებს ამ ფაქტებს?
გინესის რეკორდების წიგნის ძირითადი ორგანიზაცია და გამომცემლობა მდებარეობს ინგლისში, ლონდონში. თითოეული კანდიდატი აგზავნის წერილს ამ ორგანიზაციაში ინგლისურ ენაზე. აგრეთვე ინგლისურ ენაზე უნდა შეავსოს კანდიდატმა ფორმულარი, რომელიც განთავსებულია გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში მოსალოდნელია თქვენს განცხადებაზე პასუხი ლონდონიდან. განცხადების გაკეთება აბსოლუტურად უფასოა, მაგრამ თუ ვინმეს სურს, ექვს კვირაზე ადრე მიიღოს დაჩქარებული პასუხი, მაშინ მან უნდა გადაიხადოს ამისათვის 400 ბრიტანული ფუნტი. აღსანიშნავია, რომ რეკორდის დამყარების შესახებ ინფორმაციის დაჩქარებულ თუ დროულ დამუშავებას შინაარსობრივ მხარეზე არავითარი გავლენა არ აქვს. კანდიდატს დადებითი და უარყოფითი პასუხის შესახებ ეცნობება წერილობით.