დროის ფასი
ციყვი დილით ადრე ადგა. მას ბევრი საქმე ჰქონდა. ხელ-პირი დაიბანა და მუშაობა დაიწყო. ამ დროს ჭრიჭინა მოვიდა სტუმრად. ციყვმა მუშაობა შეწყვიტა და სტუმარს საუზმე მიართვა. ჭრიჭინამ არაფერი შეჭამა.
_ შენ იმდენი იშრომე, ეს საჭმელი შვილებისთვის იშოვე. მე მაგას როგორ შევჭამო?
დიდხანს იჭრიჭინა ჭრიჭინამ. ციყვს ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ იჯდა და ჭრიჭინას უსმენდა. აბა რა ექნა?
საღამოც დადგა. ჭრიჭინა კი არსად მიდიოდა. ჭრიჭინებდა და ჭრიჭინებდა. ციყვმა მთელი დღე საქმე ვერ გააკეთა.
ამ დროს კარზე პატარა თაგვმა დააკაკუნა. მას კბილი სტკიოდა.
_ ჩემო ციყვო, _ თქვა თაგვმა, _ კბილი მტკივა ძალიან. საჭმლის შოვნა არ შემიძლია და ერთი თხილი მომეცი. როცა კარგად გავხდები, მერე თხილს დაგიბრუნებო.
ციყვმა თაგვს უთხრა:
_ ერთი თხილი არაფერია. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთო.
ციყვმა თაგვს თხილიც მისცა და კბილის ტკივილის წამალიც.
_ ოჰ, თაგვო, თაგვო _ აჭრიჭინდა ჭრიჭინა, _ ციყვმა იმდენი იშრომა, ეს საჭმელი შვილებისთვის იშოვა და შენ როგორ უნდა შეჭამოო?
თაგვმა უთხრა:
_ მე ერთი თხილი ვთხოვე ციყვს, შენ კი ციყვს მთელი დღე წაართვი. მე თხილს დავუბრუნებ და შენ დაკარგულ დროს – ვერაო.