ხარი
უძველეს დროში ხარი გარეული ცხოველი იყო. მასზე უფრო საშინელი მხეცი იშვიათი იყო. როცა გაბოროტებული იყო, არაფერს არ ერიდებოდა, ფეხებით თხრიდა მიწას, თავს ძირს ღუნავდა, წინ რქებს გაიშვერდა და გაექანებოდა ხოლმე ადამიანისაკენ ან სხვა რომელიმე მტრისკენ... ამ დროს ადამიანი სწრაფად უნდა გაქცეოდა გაბრაზებულს ხარს და ხეზე აესწრო, თორემ ერთ წამში თავისი ღონიერი რქებით ჰაერში აისვრიდა და მერე მიწაზე მიაჭყლეტდა. ხარს საშინლად ეჯავრებოდა მკვეთრი ფერი. სადაც უნდა დაენახა წითელ ტანსაცმელში კაცი, მაშინვე მისკენ გაექანებოდა.
ადამიანს ძალიან ეშინოდა ხარისა, მაგრამ თან ფიქრობდა: რა კარგი იქნება, რომ ეს ძლიერი ცხოველი დავიმორჩილო, მოვიშინაურო და ღონიერ კისერზე უღელი დავადგაო; მიწასაც ადვილად მოხნავს, ურმით ტვირთსაც ზიდავს და ტყიდან ბევრ შეშასაც მოვიტანო. ადამიანმა თავისი ჭკუით მოახერხა ხარის დაჭერა; ყულფიანი თოკი შორიდან მარჯვედ ესროლა, ჩამოაცვა რქებზე, სწრაფად შემოახვია თოკი გარშემო რქებზე, ტანზე, კისერზე, ფეხებზე, მაგრად შეკრა, მერე მიიყვანა სახლში და დაამწყვდია ბაკში. დაიჭირა მეორე ხარიც. რამდენიმე დღეს მათ არაფერი აჭამა, ძალიან დაასუსტა შიმშილით და მერე გახედნა დაუწყო: დაადგა კისერზე უღელი და შეაბა ხის მაგარ ურემში. საწყალს ხარებს არ მოეწონათ უღელი, მაგრამ რაღა შეეძლოთ მშივრებსა და დასუსტებულებს? როცა ხარები კარგად შეაჩვია ურმის ტარებას, ადამიანმა ბევრი საჭმელი დაუყარა, კარგად გაასუქა, ჯანზე მოიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ხნავდა მიწას, ტყიდან შეშა და ფიჩხი მოჰქონდა ურმით. ადამიანმა შემდეგ იფიქრა: ეს ხარები მალე დაბერდებიან, ხელახლა გარეული ხარების დაჭერა საშიშია, მოშინაურება კი ძნელი... მოდი, გარეულ ძროხასაც მოვაშინაურებ და ის დამიზრდის მე ახალ ხარებსო. მოიფიქრა კაცმა ეს და მოიშინაურა ძროხაც.
როცა ხარები დაბერდნენ, გაასუქა და დაკლა. ხორცი კარგ ფასად გაყიდა, ტყავისაგან კი გააკეთა სხვადასხვა ნივთი და ტანსაცმელი...
აი, ასე მოიშინაურა ადამიანმა ხარი და ძროხა. ამის მერე ისინი ცხოვრობენ ადამიანთან და დიდი სარგებელიც მოაქვთ.
მაგრამ განა მარტო ხარი იყო წინათ გარეული ცხოველი? არა, გარეული იყო ყველა სხვა ახლანდელი შინაური ცხოველი და ადამიანმა ისინი მოაშინაურა.