ნაგაზი
ნაგაზი დიდი და მამაცი ძაღლია. მას აქვს ძლიერი სხეული და მოკლე, სქელი ბეწვი. იგი ძალიან გავრცელებულია მთაში, მეცხვარეებთან. ნაგაზს მოსწონს ბუნებაში ყოფნა, კარგად ეგუება სიცივეს. მისთვის ძალიან მოუხერხებელია სახლში ვიწროდ ცხოვრება.
ნაგაზი ფხიზელი და ყურადღებიანი ძაღლია. ხშირად აგრესიულია უცხოების მიმართ. დღისითაც და ღამითაც იგი ერთგულად დარაჯობს ფარას და იცავს ცხვრებს. ხშირად ფარას მგლების ხროვა ესხმის ხოლმე თავს. ნაგაზი უშიშრად ებრძვის 10-12 მგელს ერთდროულად. მას მგლების დახრჩობაც შეუძლია. მგლებისგან დასაცავად ნაგაზს ხშირად რკინის წვეტებიან საყელურს უკეთებენ ხოლმე.
ბავშვებო, ალბათ გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ ნაგაზის ლეკვებს პატრონები პატარაობაშივე აჭრიან ხოლმე ყურებსა და კუდს. შეიძლება შეგცოდებიათ კიდეც პატარა ლეკვი და გაბრაზებულხართ მის პატრონზე. სინამდვილეში კი, იცით, რატომ იქცევიან ასე? იმიტომ, რომ ჩხუბის დროს მგელმა კბილები არ ჩაასოს ყურში ან კუდში და ადვილად არ მოერიოს.
ნაგაზი ადვილი გასაწვრთნელი არ არის. მის გაწვრთნას განსაკუთრებული წესების დაცვა სჭირდება. უკეთესია, თუ ნაგაზის ლეკვს პატარაობაშივე პროფესიონალი მწვრთნელი გაწვრთნის.
ნაგაზი ძირითადად ხორცითა და ძვლებით იკვებება. ზაფხულში კი ზოგჯერ კალიებსაც ჭამს.
მეცნიერების აზრით, ნაგაზი ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია მეცხვარე ძაღლებს შორის. ქართული ნაგაზის ჯიშისგანაა მიღებული „კავკასიური ნაგაზი“, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ძვირფასი და იშვიათია თეთრი ნაგაზი. იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი.
თავისი თვისებების გამო მეცხვარეები ძალიან ენდობიან ნაგაზს. ის კი გრძნობს პატრონის სიყვარულს და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურება მას და მის ოჯახს. ნაგაზს განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და არ ერჩის მათ. პირიქით, ხშირად ეთამაშება და ყურადღებით იცავს პატარებს.