კატა
ერთ სახლში ცხოვრობდა დიდთავა კატა. სისუფთავე ძალიან უყვარდა, ერთ წამსაც არ გაიჩერებდა ტანზე ჭუჭყს _ მაშინვე ფეხებით ან სველი ენით მოიშორებდა. სახლის პატრონი თავის შვილებს არცხვენდა: ჩვენი კატისაგან მაინც ისწავლეთ სისუფთავის სიყვარულიო. ადამიანებს ალერსით ექცეოდა, ჩუმად მივიდოდა ახლოს, კრუტუნებდა და თავისი მწვანე თვალებით მშვიდად უყურებდა... მაგრამ თუ წვეტიან ყურებზე ან გრძელ ულვაშებზე ვინმე ხელს მოჰკიდებდა, მაშინვე თავის ბრჭყალებს გამოაჩენდა და უცბად ხელს გააშვებინებდა. სახლში ყველას უყვარდა, განსაკუთრებით კი ბავშვებს. მაგრამ თაგვებს კი ძალიან ეჯავრებოდათ... თაგვები დღისით სოროებში იყვნენ მიმალულები, ღამით კი ოთახში ამოდიოდნენ საჭმლის საშოვნელად. ეგონათ, კატა სიბნელეში ვერ დაგვინახავს და ვერაფერს დაგვიშავებსო. მაგრამ ისინი ტყუვდებოდნენ: საერთოდ, კატა ღამითაც ისევე კარგად ხედავს, როგორც დღისით: ვარსკვლავის მკრთალი შუქიც კი საკმარისი იყო, რომ კატას ყველაფერი გაერჩია.
აი, თაგვები ნელ-ნელა გამოვიდნენ სოროებიდან და პურის ნამცეცებს დაუწყეს ძებნა. კატამ მალე გაიგო მათი ხმა, დააჭყიტა დახუჭული თვალები და თაგვები კარგად გაარჩია. ჩუმად, ფეხაკრეფით მიეპარა, სწრაფად გადახტა, თავზე დაახტა ერთ დიდ თაგვს, ჩაავლო ბრჭყალები, დაავლო პირი და დააწყებინა საცოდავად წრუწუნი. გულგახეთქილი სხვა თაგვები სოროებში გაცვივდნენ, მაგრამ იმათ ამხანაგს კი ცუდი დღე დაადგა! კატამ მას ღონივრად ჩაავლო პატარა წინა კბილები, დაგლიჯა ოთხი გრძელი და მჭრელი შუა კბილით, რომლებსაც მოახმარა ხერხივით წვეტიანი უკანა კბილები და რამდენიმე წუთში დიდი თაგვი გადაყლაპა...
კატა თაგვების დახოცვით დიდ სარგებელს აძლევდა თავის პატრონებს, რადგან კატის გარეშე თაგვები გამრავლდებოდნენ, სულ გაუფუჭებდნენ ჭირნახულსა და საკვებს. თაგვებს გარდა, კატა ჩიტებზეც ნადირობდა და იჭერდა მათ ხეებზე, რომლებზეც ძალიან სწრაფად ადიოდა.