ცხენი


 

აგერ სათიბში ცხენი აბია თოკით და გემრიელად ძოვს ბალახს. მივიდეთ ახლოს და დავათვალიეროთ: გრძელი, ლამაზად მოყვანილი თავი ძირს აქვს დაღუნული და გრძელ კისერზე ხშირი ფაფარი აყრია, მისი ზემო ტუჩი სწრაფად მოძრაობს და ასე იდებს პირში. წინა კბილებით შიგ ძირში მარდად გლეჯს ბალახს და უკანა კბილებით ღონივრად ღეჭავს. წამდაუწუმ ფრთხება, აჩერებს პირს, ცქვეტს წვეტიან ყურებს და რაღაც ხმას უგდებს ყურს. ეტყობა, რომ მგლისა დიდი შიში აქვს და ფრთხილად არის. თავისი დიდი თვალებით მეტად გონივრად იყურება. მისი მოგრძო ტანი, ლამაზად გამოყვანილი, ეყრდნობა ოთხ წვრილ და გრძელ ფეხს, რომლებშიც დიდი ღონე აქვს. ამ ფეხებს ქარივით სწრაფი სირბილი შეუძლიათ. ფეხებზე აბია მრგვალი და გაუყოფელი ჩლიქები. უკანა ფეხები დაკუნთული აქვს და დიდი ძალაც აქვს: ვაი იმ მგელს, რომელსაც მისი წიხლი მოხვდება!

Aაი, მოვიდა პატრონი, აუშვა ცხენი და წაიყვანა შინ. აქ იმან ჩაზნექილ ზურგზე დაადგა უნაგირი, ამოსდო პირში ლაგამი, მოაჯდა ზედ და გააჭენა. რასაც ფეხით ორ-სამ დღეს გაივლიდა, იმ მანძილს ეს სწრაფი ცხოველი ერთ დღეს გაატარებს თავის პატრონს, მიზანს მალევე მიაღწევს და საქმეს წინ წასწევს.